logo_geo
ლიანა ისაკაძეს 74 წელი შეუსრულდა
- +

2 აგვისტო. 2020. 14:43

 

 

დღეს ქართველ მევიოლინეს, საქართველოს სსრ სახალხო არტისტს ლიანა ისაკაძეს 74 წელი შეუსრულდა.

 

ლიანა ისაკაძე 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ის მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება.

 

ლიანა ისაკაძემ პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით.

 

10 წლის ასაკში რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა, 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვანების გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი. 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია.

 

 ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.

 

1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. ოთარ თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტის) პირველი შემსრულებელია. გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში — „სიბელიუსი.“ მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი.

 

გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოცი წელია „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს. 1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

 

 

big_banner
არქივი