logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: დღეს ილიაობაა, სიკვდილის შემდეგაც კი საოცარი ბედი ერგო...
- +

2 აგვისტო. 2020. 21:18

კონსტანტინე გამსახურდია ილია ჭავჭავაძის სწავლებების შესახებ ანალიტიკურ, მნიშვნელოვან წერილს აქვეყნებს, რომელიც მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს და სახელმწიფოებრივი მოწყობის ჭეშმარიტ საფუძვლებზე შესაძლოა წარმოდგენებიც კი შეეცვალოს.

 

 

 

დღეს ილიაობაა. დღევანდელ საქართველოში წესით დაფასებულ დიდკაცს და თავისი ეპოქის უგვირგვინო მეფეს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, დასწერენ ბევრჯერ თქმულსაც და შედარებით ორიგინალურსაც, დანახვის კუთხეს რაც შეეხება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამის საშუალებას მისი სახე თავადაც გვაძლევს.

 

ერთხელ ვახტანგ კოტეტიშვილმა დაწერა, რომ ილიას ნააზრევი და ნამოღვაწარი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერომ ქრისტეს სამოსელივით გაინაწილაო, რამაც თითქოს რელიეფურობა დაუკარგა მის ნააზრევსო. რელიეფურობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალი საქართველოს დაბადებისას ილია ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ შორის, ვინც ამ მისიისთვის მოწოდებული ჩანდა.

 

და როგორია ეს ახალი საქართველო? მისი ახლადშობა რაღაცით ჰგავს სოკრატეს მიერ ადამიანური აზროვნების დაბადებისთვის შრომას წარმართული კულტებით მთვრალ ათენში, როდესაც ეს უკანასკნელი წვალებით, ვაივაგლახით იბადებოდა ათენელ სიბრძნისმჭვრეტელთა გონებაში და ბაგეებზე, სილოგიზმებსა და ლოგიკურ კონსტრუქციებში. ახალი საქართველოც იბადებოდა რუსეთის იმპერიის ორ გუბერნიად ქცეულ, ოდესღაც ამაყ სამხრეთკავკასიურ სამეფოში, რომელიც ერთ დროს მთელს შუა აღმოსავლეთში ფაქტორი იყო; საიდანაც დღეს ორთავიანი არწივი მთელს კავკასიას - ჩრდილოეთს თუ სამხრეთს იპყრობდა და მისი ეპოლეტებიანი შვილები ამ საქმეში შველოდნენ; სადაც ერთმორწმუნე მშველელის იმედი გაცრუვდა, და ამას არაერთი სისხლისღვრაც მოჰყვა; სადაც შეთქმულებაც იყო და ღალატიც იყო; სადაც ეროვნულ უნივერსიტეტს სამხედრო სასწავლებელი არჩიეს; სადაც ვიღაცეები სერიოზულად მსჯელობდნენ სრულ გარუსებაზე, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ ოფციაზე; სადაც ყველაზე განვითარებულ და ეროვნულად მოფიქრალ ადამიანს რუსის იმპერატორის უპირობო სიკეთე ბრმად სჯეროდა; სადაც თათქარიძიანთ დაქიაქებულ ეზო-კარს ჰგავდა ნაკლებად განათლებული ელიტის წარმომადგენელთა არა იმდენად გარეგანი, არამედ უფრო შინაგანი მდგომარეობა, ხოლო განათლებულს შესაძლოა საერთოდ ვერ გაეგო საკუთარი ხალხის გულისნადები, როგორც ერთ საყვარელ მოთხრობაში აღწერილ და-ძმას; სადაც ინტელიგენცია მეორე კლასის რუსულ ლიტერატურას ვერ გასცდენოდა; სადაც ურბანული კულტურა ქართული საერთოდ არ იყო, ხოლო მიწა დღითი-დღე ხელიდან ეცლებოდათ; სადაც ქართულ ენაზე დაწერილს შეიძლება 1000 კაციც ვერ კითხულობდა.

 

მისი ლიბერალიზმი დაახლოებით ისეთივე კულტივირებულია, როგორც სერ ჯონ სტიუარტ მილის - ფილოსოფოსის და ეკონომიკის თეორეტიკოსის. როდესაც კაპიტალიზმი სისტემურად გზას იკვალავს,  სამეფო ხელისუფლებები იზღუდებიან ან კონსტიტუციით მათ შეზღუდვაზეა საუბარი, მეცნიერება და ინდუსტრია არნახულად ვითარდება, შენ კი პატრიარქალურ ყოფაში და ორღობეში ჩარჩენილხარ, ჩინოვნიკი და ეპოლეტებიანი თანამემამულე უმაღლესი ცივილიზაციის ნიშანი გგონია, ვორონცოვის „რბილი ძალა“ კი ნამდვილი მოყვარე. მილის ტრაქტატი თავისუფლებისა  ბრიტანეთში შვიდგზის გამოიცა და რუსეთში იგი ჩერნიშევსკიმ თარგმნა. ილია ის ავტორია, ვის წყალობითაც ქართველები ალბათ პირველად  დაფიქრდნენ, რა არის სინდისის და აზროვნების თავისუფლება, საკუთარი აზრისა და მრწამსის სუვერენობა, სწავლის, გემოვნების, საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის თავისუფალი არჩევანი, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გაერთიანებათა შექმნის უფლება. როდესაც ახლებურ შუქჭრილში დაინახეს ეკონომიკის თეორია და პრაქტიკა.

 

ილიას კონსერვატიზმი საოცრად ზომიერია, არასოდეს მოდის წინააღმდეგობაში პროგრესთან და განათლებასთან, საკითხი დგას, შეიძლება თუ არა, წარსულის დიდი სიქველეები მეტამორფოზირდნენ ახალ დროში. ილიასთან იგი თითქოს ედმუნდ ბერკის პრინციპით მოქმედებს - „შევცვალოთ, რომ შევინარჩუნოთ“. ეს პრინციპი მეტადრე ძველ ქართულ ენაზე გამოდგა.

 

მისი სოციალიზმი მხოლოდ ფორმითაა სოციალიზმი, სინამდვილეში ქრისტიანობაა და არა რევოლუციური დოქტრინა სისხლიანი ტერორის და კლასობრივი დიქტატურის გაგებით. „ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას“ წინ ვერაფერი დაუდგება, ეს არის მისი მთავარი იდეა, იცის, რომ ბოლოს „დაიმსხვრევა იგი ბორკილი, შემფერხებელი კაცთა ცხოვრების.“ თითქოს გრაფი სენ-ჟერმენის სიტყვები გესმის საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინ - „თქვენ ევროპელნი გაანთავისუფლებთ ადამიანს და თავად სული ღვთისა გაგიძღვებათ წინ ამ მიზნისაკენ“.   

 

რასაც ილია წერდა და ამბობდა, ყოველთვის აქტუალური იყო და რჩება. ავიღოთ თუნდაც ეს:

 

"ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა კრიტიკის შედეგია და სხვადასხვა აზრისა და მიმართულების მიმდევართ აქვთ ისეთი წერტილი, რომელიც ყველასათვის საერთოა. ჩვენში კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკულის აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად ერთისა და იმავე საგნის შესახებ იმდენად შეუთანხმებელს და წინააღმდეგს აზრს გაიგონებთ, მერე ისეთს საგნებზე, რომელთა შესახებ მორიგებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ სწორედ გასაოცარია."

 

აქ ილია საკითხს ძალიან საინტერესოდ სვამს, მიუხედავად "კრიტიკული აზრის" უქონლობისა, რატომ მაინც ამდენი წინააღმდეგობა და შეუთანხმებლობა ელემენტარულ საკითხებზე? ვფიქრობ, ეს საკითხი დღესაც ასეა და ამის მიზეზები შემდეგია:

 

-იმიტომ, რომ ჩვენში "არააზროვნება" და „ანტიაზროვნება“ სჭარბობენ "აზროვნებას".

 

-იმიტომ, რომ აზროვნების პროცესს თეზა-ანტითეზურობის გადალახვის შემდეგ სინთეზის, ანუ შეთანხმებისკენ, მორიგებისკენ მისწრაფება ახასიათებს. ჩვენთან კი ხშირად იდეოლოგიური შაბლონებით, სტერეოტიპებით, ბნელი ძალების მიერ შემოგდებული პროპაგანდისტული "თვალსაზრისებით" ხელმძღვანელობენ. მათში კი წინასწარ ჩადებულია ის სიხისტე და ფეთქებადობა, რომ არასოდეს არაფერთან სინთეზში არ მოვიდეს. კითხვაც არასოდეს არ უნდა დაისვას.

 

-იმიტომ, რომ ამ ყოველივეს თავზე მოხვევა აზროვნების უცოდინრობამ და სიზარმაცემ იცის. განათლების ნაკლებობამ იცის. (ილიას უყვარდა კიდევ ტერმინი "გუნება-განწყობის გაქეციანება"....) საზოგადოების წინააღმდეგობა და შეუთანხმებლობა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე კი მხოლოდ იმას აწყობს, ვისაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და რუკაზე არსებობა აშფოთებს.

 

მაგრამ იყო ბევრი რამ ისეთი მის ქვეყანაში, რასაც ილია ვერ ეგუებოდა. მისი პიროვნული ქარიზმა, მისი აზრის სიმაღლე და ელვარება, მისი მეობის ძალა ბიბლიური ელია წინასწარმეტყველის ცეცხლოვანი ეტლივითაა, ვისი მოსახელეც თავად იყო. გავიხსენოთ: ელიასდროინდელი შიმშილობებით და ცდომილებებით მოცული ძველი ისრაელი, რომელთან შეგუებაც ბიბლიურ „ფიცხელ“ წინასწამეტყველს ძალიან უჭირდა, რაღაცით ჰგავს ილიასდროინდელ საქართველოს. და ღმერთმა ელია თავისთან წაიყვანა, რომ თვითონ მის ადგილას ჩამოსულიყოო.... ერთ-ერთი საცისკრო კანონის გალობაში ვკითხულობთ:

 

ქვეყანასა ზედა გიცანთ შენ ანგელოსად საღმრთოო წინასწარმეტყველო, და ცათა შინა კაცად ღვთისად ვითარ იგი თქვა თვით უფალმან, ვინაითგან ილია, ფიცხელი კაცი ხარ შენ, შეცოდებულისა ისრაელისა დათმენად ვერ შემძლებელ ხარ, აღმოვედ შენ ჩემდა მომართ, რაითა მე შთამოვიდე ქვე.''

 

ილია ჭავჭავაძეს სიკვდილის შემდეგაც კი საოცარი ბედი ერგო: თითქმის ყველას, ვინც თავიდან კლასთა ბრძოლის სახელით დაუპირისპირდა მას, თანდათან მაინც მის ნავში მოუწია გადაჯდომა. მახსოვს, რამხელა ცისარტყელა გადმოეფინა თბილისს, როდესაც მისი წმინდანად შერაცხვის დღეს, ეროვნულმა მოძრაობამ მის საფლავთან მოიყარა თავი. ზუსტად ისე, როგორც „აჩრდილი“ სრულდება...ამიტომაც თავისი მოღვაწეობის შინაარსებით, თავისი წიგნებით და შემოქმედებით იგი უფრო ნუგეშინისმცემელია, ვიდრე მისი ბიბლიური წინამორბედი.

big_banner
არქივი