logo_geo
მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვი მასიურად იხოცება
- +

4 აგვისტო. 2020. 12:24

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში მსხვილფეხა პირუტყვი მასიურად იხოცება.

 

სოფელში ყვებიან რომ ცხოველები გასულ წელსაც დაეხოცათ, სავარაუდოდ ბრუცელიოზით, წელს კი მიზეზი დაუდგენელია და მათივე თქმით, არც არავინ არ ინტერესდება მდგომარეობით.

 

„ამ სოფელში გლეხები ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ თავს, წინა წელსაც დაახლოებით ამ დროს გვეხოცებოდა ცხოველები. მერე გვითხრეს, რომ ბრუცელიოზიაო, თუმცა ყასბები მოვიდნენ და დახოცილი საქონელის ხორცი „საკალბასეში“ წაიღეს ბრუცელიოზი თუ იყო, როგორ გამოდგებოდა ის ხორცი „საკალბასეში“?!

 

წელს გაურკვეველია, რა იწვევს, არც არავინ ინტერესდება, ცოტახნის წინ მინდვრები კალიების გამო შეიწამლა, ამაზეც ვფიქრობთ, ან შეიძლება ტკიპა იყოს.

 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში დავრეკე წუხელ, ვიფიქრე, გაარკვიონ, რა იწვევს პირუტყვის ხოცვას-თქო და ცხელი ხაზის ნომერი მომცეს, აქამდე ამ პრობლემით არავინ დაინტერესდა“, – ამბობს ადგილობრივი ნანა გაბაიძე.

 

„პრაიმტაიმს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს, სოფელ ხიხანის მკვიდრისგან გაიგეს და დღეიდან ადგილზე სპეციალისტები დაიწყებენ მუშაობას.

 

„გუშინ საღამოს, „ფეისბუქზე“ მოგვწერეს და ცხელი ხაზის ნომერი მივეცი, გავერკვევით დღეს და ადგილზე ვეტერინარები დაიწყებენ მუშაობას, გავარკვევთ, მსხვილფეხა პირუტყვის ავადობას რა იწვევს“, – გვითხრეს სეს- ში.

 

აღსანიშნავია, რომ სოფელ ხიხანში მსხვილფეხა პირუტყვი ყოველ წელს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იხოცება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი