logo_geo
12 წელი აგვისტოს ომიდან
- +

8 აგვისტო. 2020. 12:18

 

 

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

 

კრემლი საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დაემუქრა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან გამომშვიდობება მოუწევდა. მოსკოვმა მუქარა აასრულა, 1991-1993 წლებში რუსეთის ძალისხმევით საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება დაემხო, თბილისმა ცხინვალზე და სოხუმზე კონტროლი დაკარგა, მსხვერპლის სახით 25 000-ზე მეტი ადამიანი მიიღო, რასაც საკუთარ ქვეყანაში 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაემატა. ეკონომიკა 70%-ით შემცირდა, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ პერიოდში ძალადობრივი გზით ან შიმშილით, ამის სტატისტიკა არ არსებობს.

 

ომის შემდგომ საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა, რუსულ საოკუპაციო ძალებს კი „სამშვიდობოს“ მანდატი მიენიჭათ.

 

ოკუპაცია 1993 წელს არ დასრულებულა, მას 1998 წელს გალში, 2004 წელს კი ცხინვალში შედარებით მცირე მასშტაბის სისხლისღვრა მოჰყვა. პერიოდული სროლები, რაც ზოგ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდებოდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

 

ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა განსაკუთრებით 2004 წლიდან, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამწვავდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, კრემლისთვის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების რეალური ჩამოყალიბება პრობლემა აღმოჩნდა. ემბარგოს, გაზსადენის აფეთქებისა და ეთნიკური ქართველების საბარგო თვითმფრინავით დეპორტაციის მიუხედავად 2007 წელს საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად - 12.6%-ით გაიზარდა. ორნიშნა ზრდა 2008 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა. მოსკოვი გადამწყვეტი დარტყმისთვის მოემზადა.

 

2008 წლის 15 ივლის რუსეთმა სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2008“ დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ რუსული სატანკო ნაწილები ადგილზე ბრძანების მოლოდინში დარჩნენ. ივლისის ბოლოდან და განსაკუთრებით აგვისტოდან ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, რასაც ყოველდღიურად მსხვერპლი ახლდა თან. მდგომარეობა ვერც 7 აგვისტოს ცალმხრივად გამოცხადებულმა მორატორიუმმა განმუხტა. ამ დროისთვის რეგიონში უკვე შესული იყო რუსული რეგულარული არმიის ნაწილები.

 

8 აგვისტოს დილით, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინისკენ იყო მიპყრობილი და ოლიმპიური თამაშების დაწყებას ზეიმობდა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ამჯერად მას „რუსეთის დროშის ფერებში გადაღებილი ქართული თვითმფრინავით“ თავი აღარ უმართლებია და ომის დაწყების მიზეზად „საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ და „ოსების გენოციდი“ დაასახელა. მოსკოვმა თავიდანვე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ ქართული არტილერიის დაბომბვებს ცხინვალში 2000 მშვიდობიანი ოსი შეეწირა და რომ ქართველი ჯარისკაცები სარდაფებში ოს ბავშვებს ხვრეტდნენ.

 

რუსეთს არ დაუკონკრეტებია, რა საჭირო იყო ცხინვალის დასაცავად გორში და სენაკში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა და დაცლილი გორიდან უნიტაზების გაზიდვა. მოსკოვს არც იმის ახსნით შეუწუხებია თავი, თუ რამდენი ოსი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ბორჯომის ტყეში 1100 ჰექტარის გადაწვით.

 

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა, მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

 

12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ფოთი, ზუგდიდი და გორი კვლავ ოკუპირებული რჩებოდა. პერევი კი რუსეთის ხელში 2010 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა.

 

პარადოქსულია, მაგრამ კითხვა - ვინ დაიწყო ომი? - 2020 წელსაც ისმის. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიას 1991 წლის 21 დეკემბრის საზღვრებში ცნობს. ამავე საზღვრებს ცნობდა რუსეთიც 2008 წლის 26 აგვისტომდეც. საქართველოს არმიის არცერთ ჯარისკაცს ეს საზღვარი 1 ნაბიჯითაც არ გადაუკვეთავს, რუსეთის ტერიტორიაზე 1 ტყვიაც არ გავარდნილა. თუ ვინმესთვის ეს ფაქტები მაინც არასაკმარისი მტკიცებულებებია, მათთვის პუტინმა 2012 წელს აღიარა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა გენშტაბმა მასთან შეთანხმებით 2006-2007 წლებში შეიმუშავა.

 

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა. 2009 წელს საქართველოს მშპ 3.7%-ით შემცირდა.

 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა სულ 5-მა სახელმწიფომ აღიარა:

 

1) რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტო;

 

2) ნიკარაგუა 2008 წლის 5 სექტემბერი;

 

3) ვენესუელა 2008 წლის 10 სექტემბერი;

 

4) ნაურუ 2008 წლის 15 დეკემბერი;

 

5) სირია 2018 წლის 29 მაისი.

 

ომის დასრულება მშვიდობის საწინდარი არ გამხდარა. საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეებს ყოველკვირა იტაცებენ და გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ხშირია ტრაგიკული შემთხვევებიც. დავით ბაშარაული, არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, ირაკლი კვარაცხელია... ის იმ პირების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა შეიწირა. 12 წელია გრძელდება მცოცავი ოკუპაციაც.

 

2008 წელს რუსეთს საქართველოში გახორციელებული ინტერვენცია შერჩა, რამაც 6 წლის შემდეგ უკრაინაში შეჭრისკენ წაახალისა. ყირიმის ანექსია ფაქტობრივად უსისხლოდ განხორციელდა, თუმცა, დონბასისა და ლუგანსკის ოკუპაციას 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

რუსეთისთვის თავისივე ხელმოწერილი ხელშეკრულება ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო. თავი რომ გავანებოთ ვახტანგ VI-ისა და ერეკლე II-ს ღალატს, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ბევრი ხელმოწერილი ხელშეკრულებაც დაარღვია, მათგან შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანის გამორჩევა:

 

1) 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, თუმცა რუსეთი კრწანისის ომში საქართველოს არ დახმარებია, 1801 წელს ანექსია განახორციელა, 1811 წელს კი ავტოკეფალიაც გააუქმა;

 

2) 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო, 1921 წლის 25 თებერვალს ხელახლა დაიპყრო;

 

3) 1992 წლის 24 ივნისის სოჭის, იგივე დაგომისის ხელშეკრულება, რომელიც სამაჩაბლოდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, დაირღვა იმავე წელს, შემდეგ უკვე ახალი მასშტაბით 2008 წელს;

 

4) 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება განიარაღებაზე, 27 დღეში 1 ოქტომბერს გაგრა დაეცა;

 

5) 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება განიარაღებაზე, ზუსტად 3 თვეში სოხუმი დაეცა;

 

6) 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ძალებიც კონფლიქტამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითვალისწინებდა, დღემდე არ სრულდება.

 

მცდარია მტკიცება, რომ რუსეთისთვის პრობლემა რეგიონში ნატო-ს ჯარების გამოჩენაა. რუსეთისთვის პრობლემა არც პროდასავლური საქართველოა. რუსეთისთვის პრობლემა დამოუკიდებელი საქართველოა, მნიშვნელობა არ აქვს ის ნეიტრალური იქნება, პროდასავლური, ევროკავშირის წევრი, დემოკრატიული თუ ავტორიტარული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი