logo_geo
8 წელია ხელნაკეთ სასმისებს, ყანწებს ამზადებს – ომის შემდეგ შეძენილი ახალი პროფესია
- +

9 აგვისტო. 2020. 16:41

 

 

 

 

60 წლის შაქრო დვალიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმუმიანში აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. ლტოლვილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

 

იგი 8 წელია ხელნაკეთ სასმისებს „ყანწებს” ამზადებს. გვიყვება, რომ შაუმიანში ჩამოსვლის შემდეგ, ოჯახს შემოსავლის წყარო არ ჰქონდა და სასმისების დამზადება დაიწყო.

 

„მყავს მეუღლე, სამი შვილი და უკვე ხუთი შვილიშვილი. ცხინვალში სოფელ არცევში ვცხოვრობდი. იქ მე და ჩემს ოჯახს პატარა მეურნეობა გვქონდა.

 

ამის გარდა, ერთი ძველი მანქანა მყავდა და ვვაჭრობდი, ბოსტნეული დამქონდა გასაყიდად თბილისში და რუსთავში.

 

ერთი პერიოდი, ომამდე თბილისში „ყანწების” ცეხში ვმუშაობდი მუშად და იქ ვისწავლე ეს საქმე.

 

აქ რომ ჩამოგვასახლეს ლტოლვილები, სამუშაოები არ იყო, მხოლოდ სახელმწიფოს დახმარების იმედად ვიყავით. არც ახლა არ არის სამუშაო. ყველა რაღაცას ცდილობს. ვინც რა იცის, იმას აკეთებს.

 

ერთხელ ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო მოსული საინტერესო იდეებს დავაფინანსებთო. მე ეს სასმისების ამბავი მოვიფიქრე და ათასი დოლარით დამაფინანსეს.

 

აქ ერთი ძველი შენობა ვნახე და გადავხურე, კარ-ფანჯარა გამოვცვალე, შევაკეთე და დავიწყე საქმე.

 

ეს ნამუშევრები რამდენჯერმე გამოფენაზეც გავიტანე, თბილისში გასაყიდად ცენტრალურ გამოფენაზე დამაქვს ხოლმე, ” – გვიყვება შაქრო.

 

60 წლის ხელოსნის თქმით, ჰყავს მოსწავლეებიც, თუმცა, კორონავირუსის ამბების გამო, ხელი შეეშალა საქმიანობაში და ახლა მარტო მუშაობს.

 

„აქ ორი ადამიანი მყავდა დასაქმებული, მაგრამ წავიდნენ და სხვაგან ნახეს შემოსავლის წყარო, რადგან კორონავირუსის პერიოდში არ იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები. ახლა უკვე მარტო ვმუშაობ. თუმცა ალბათ ავიყვან ვინმეს კიდევ და სამომავლოდ ცოტა გავფართოვდებით,“ – გვიყვება შაქრო დვალიშვილი.

 

 


წყარო : wyaro
big_banner
არქივი