logo_geo
დიმიტრი შველიძე: ფილმი „ცხინვალი 1920“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ობიექტური სურათის აღსადგენად
- +

13 აგვისტო. 2020. 18:07

 

 

„ფილმის გადამღებ ჯგუფს ვურჩევდი მხოლოდ ობიექტურობას. ჩვენ არ გვჭირდება რაიმე გადაჭარბება“, – ასე ეხმაურება ქართველი ისტორიკოსების მიერ დოკუმენტური ფილმის „ცხინვალი 1920“-ის გადაღებას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე.

 

 

- მავანნი ცდილობენ, ცხინვალის 1920 წლის მოვლენები ოსი ხალხის გენოციდად გადააქციონ და ქართველებს ოსი ხალხის გენოციდში დასდონ ბრალი...

 

– ოსი ბოლშევიკების 1920 წლის აჯანყების უკან იდგა საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაქცევა, დანგრევა და დაპყრობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

 

ეს ოსთა მესამე, ყველაზე მასშტაბური აჯანყება იყო. 1918, 1919 წლებში მათ ორჯერ მოაწყვეს მსგავსი აჯანყება. შეიარაღება და დამხმარე ძალები საბჭოთა რუსეთისგან მოდიოდა. საქართველოს სახელმწიფოს ხომ უნდა დაეცვა ტერიტორიული მთლიანობა? რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, სამხედრო ძალების გამოყენებით, ჩაეხშო ეს აჯანყება. ჟორდანიას მთავრობას სხვა გზა აღარ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ რეგულარული ჯარი და სახალხო გვარდიის ნაწილები გაეგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ანუ შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით ჩაახშეს აჯანყება.

 

რაც შეეხება ცხინვალს, რომლის გარშემოც მოგვიანებით, 1922 წელს ე.წ. ავტონომიური ოლქი შეიქმნა – დაახლოებით, 16-17, მაქსიმუმ 18 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, აქედან უმრავლესობა ქართველი იყო, ებრაელებიც საკმაოდ ცხოვრობდნენ. მხოლოდ 1200 კაცი თუ იქნებოდა ოსი ეროვნების. და რატომ მიანიჭეს ავტონომიური ოლქის სტატუსი, გაუგებარია. სამწუხაროდ, ამ პროცესში ქართველებიც მონაწილეობდნენ.

 

რაც შეეხება ოსების დღევანდელ პოზიციას – ამას უკვე უსინდისობაც აღარ ჰქვია, მაშინ იქ არავითარ გენოციდს ადგილი არ ჰქონია. სიმართლე ასეთია: ოსი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გაიქცა და ჩრდილოეთ ოსეთს შეაფარა თავი, ეს სავსებით ბუნებრივია ომის დროს, ქართულ ჯარს ოსების შევიწროების არავითარი სურვილი არ ჰქონია, ის ებრძოდა აჯანყებულ ოსებს, რომლებიც განდევნა შიდა ქართლიდან. სულ ეს იყო.

 

ახლანდელი ოსური პროპაგანდა აცხადებს, რომ ეს იყო გენოციდი, მე ვიტყოდი: მათ წესიერად არც იციან, გენოციდი რა არის, გენოციდი არის მასობრივი მკვლელობა, დახოცვა ეთნიკური ნიშნით. არავითარ მსგავს ისტორიულ ეპიზოდს ადგილი არ ჰქონია 1920 წელს.

 

– როგორი იქნება ქართული მხარის მიერ გადაღებული ფილმის  – „ცხინვალი 1920“-ის თქვენეული შეფასება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ფილმი?

 

– კარგ საქმეს აკეთებენ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები. ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ობიექტური სურათის აღსადგენად. რუსულ ენაზე ფილმის თარგმნას აზრი არ აქვს, რადგან ისინი არც არაფერს დაიჯერებენ და არც შეისმენენ. უფრო კარგი იქნება, თუ ინგლისურ ენაზე უჩვენებენ და დარიგდება საელჩოებსა და დიპლომატიურ წრეებში.

 

ფილმის გადაღება ძალიან სასარგებლო საქმე იქნება, რადგან რუსული სააგენტოები და, ფაქტობრივად, რუსული პროპაგანდისტული მანქანა ყველგან თავიანთ ვერსიას ავრცელებენ, თორემ მარტო ოსები ამდენს როგორ შეძლებდნენ?!

 

ფილმის გადამღებ ჯგუფს ვურჩევდი  ობიექტურობას. ჩვენ არ გვჭირდება რაიმე გადაჭარბება, უბრალოდ, უნდა ვთქვათ, რომ ბრძოლა წარმოებდა ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების წინააღმდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ დაფინანსებულ და შეიარაღებულ ბანდებთან.

 

კიდევ ვიმეორებ: ბრძოლა უმსხვერპლოდ არ გამოვა. ბრძოლის ველზე დაეცნენ ქართველებიც და ოსი აჯანყებულებიც, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგ არავითარ ხოცვა-ჟლეტას ადგილი არ ჰქონია. ამ ინფორმაციას თუ მივაწვდით მსოფლიოს, ძალიან კარგი იქნება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი