logo_geo
მაკა ცინცაძე: დეტალების გახსენებისას, ის შეგრძნებები ცოცხლდება, რასაც მამის გაცილებისას ვგრძნობდი...
- +

24 ნოემბერი. 2016. 17:00


 

„სკოლის პერიოდი - ეს სამოქალაქო ომის პერიოდია. ისევე როგორც ყველასთვის - სროლის ხმა, იარაღიანი კაცები, უშუქობა, უგაზობა, უპირობობა, სანთლები, ნავთის სუნი, შეშა, სამზარეულოს გამურული ნივთები და არანაკლებ გამურული ბავშვები, რომლებიც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, რა გვჭირდა, მაგრამ ვხვდებოდით, რომ რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი ხდებოდა."-იხსენებს ტელე-წამყვანი მაკა ცინცაძე   „ქართულ აზრთან"  საუბრისას.


იმ თაობიდან ვარ, რომელიც ამ ნეგატივის შედეგად ძალიან სწრაფად გაიზარდა. მამა აფხაზეთის ომში იბრძოდა. არის დეტალები, რომლის გახსენებაც არ მიყვარს და თითქმის არასდროს არათუ ვლაპარაკობ, არც ვიხსენებ, რადგან ის შეგრძნებები ცოცხლდება, რასაც მამის გაცილებისას ვგრძნობდი - როცა არ ვიცოდი, კიდევ ვნახავდი თუ არა. ეს ის არის, რაც არავინ არასდროს არ უნდა იგრძნოს.

 

საბედნიეროდ, მამა ცოცხალი დაბრუნდა, ბევრი ტრავმით, მაგრამ მისი ძალიან ბევრი მეგობრისგან განსხვავებით - ცოცხალი და უმნიშვნელოვანესი ეს იყო. ეს, იმ პერიოდის ერთი ნაწილია, საშინაო. ის, რაც ოჯახის წევრებმა და ძალიან ახლობლებმა იციან.

 

არის საგარეოც - ის, რაც ყველას გვაერთიანებდა და დღემდე შეპარულ-შეფარული  რომანტიზმით ვიხსენებთ - სანთლის შუქზე გაშლილი გულიანი სუფრა (რადგან კერძების მოსამზადებლად ბევრი არაფერი გვქონდა), ბანტიანი გიტარა და ქალაქური სიმღერები)...  კიდევ პატარა შინდისფერი ფანარი-რადიო. ალბათ, არ არსებობს ოჯახი, სადაც ეს ფანარი არ ჰქონდათ და მახსოვს, ღამით ჩართული პირველი რადიო 106,4, სადაც წლების შემდეგ დავიწყე მუშაობა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

 

სკოლას რაც შეეხება, მახსოვს გაყინული კლასი, მაგრამ მონდომებული მასწავლებლები, რომელთა ამაგსაც ვერ გადავიხდი. 128-სკოლა დავამთავრე, ვაჟაზე და დღემდე ყველა განსაკუთრებულად მახსენდება. დიდი მადლობა მათ, რომ იმ უმძიმესი პერიოდის მიუხედავად, საქმეს სრული პასუხისმგებლობით ასრულებდნენ.

 

ბავშვები, რა თქმა უნდა, გაკვეთილებს ვაცდენდით, კუს ტბა, ლისი, ზოოპარკი, ვერე, მზიური" და მიმდებარე ტერიტორია ათვისებული გვქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვსწავლობდით.

 

ჰოდა, კიდევ, იმ პერიოდიდან სროლის ხმა შემორჩა ჩემს მეხსიერებას. დღესაც, ფოიერვერკის გაშვებისას, ჩემთვის ვფიქრობ ოთხმოცდაათიანელები წინასწარ უნდა გააფრთხილო".



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=48&id=570












 

big_banner
არქივი