logo_geo
ლევან მამალაძის მხარდამჭერების ღია წერილი სალომე ზურაბიშვილს
- +

15 სექტემბერი. 2020. 12:55

 

 

საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

 

პოლიტდევნილი ლევან მამალაძის მხარდამჭერი ქართული საზოგადოების მიმართვა

 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დიდი იმედით შევხვდით თქვენს არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, რაშიც ჩვენც გვაქვს წვლილი შეტანილი. ჩვენთვის ქალბატონის არჩევა პრეზიდენტად, ბრწყინვალე ისტორიულ პერიოდს გვახსენებს და ვიმედოვნებთ, რომ ძლიერ საქართველოს მოვესწრებით.

 

თქვენ იმთავითვე საქვეყნოდ განაცხადეთ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის გარანტი იქნებოდით, აღადგენდით სამართლიანობას და უპირობოდ დაიცავდით ადამიანის უფლებებს, დაეხმარებოდით ყველა იმ ემიგრანტსა და დევნილს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ.

ჩვენმა ხალხმა ბევრი რამ გადაიტანა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ქვეყანა დაქუცმაცდა, ძალადობამ და პოლიტიკურმა ანგარიშსწორებამ ოჯახები გააუბედურა და იმსხვერპლა, ამას დამატებულმა სიდუხჭირემ მასიური მიგრაცია გამოიწვია.

 

2012 წელს არჩეულმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა უმთავრეს ამოცანად გამოცხადა, მაგრამ ამ პროცესმა, სამწუხაროდ, შერჩევითი ხასიათი მიიღო.

 

ასე მოხდა ლევან მამალაძის შემთხვევაში.

 

ჩვენ ვიცნობთ მას და მის საქმიანობას. იგი ახალგაზრდობიდან იყო ჩართული პოლიტიკურ მოღვაწეობაში და იმის მიუხედავად, რომ ურთულეს პერიოდში მოუწია საქმიანობა, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ქვეყნისთვის, რითაც პატივისცემა და ნდობა მოიპოვა ხალხში.

 

არ ვუღრმავდებით იურიდიულ ნიუანსებს, რადგან ყველაფერმა ცხადყო და ვიცით - ლევან მამალაძე რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი და კონკურენტი, მამალაძის წინააღმდეგ არავინ გაავრცელებდა ჭორებს, არ შეკერავდა აბსურდულ საქმეს და სისხლიან რეპრესიებს არ მოუწყობდნენ მის ოჯახს.

 

ლევან მამალაძემ რამდენჯერმე მოგმართათ თხოვნით სამართლიანობის აღდგენისთვის.

 

თქვენ სახელზე შედგა მხარდამჭერთა პეტიციაც, რომელსაც 4000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

მოგმართათ მამალაძის 80 წლის დედამაც, რომ ამ მძიმე პანდემიის პირობებში მაინც დაუბრუნოთ შვილი.

 

ახსნას ვერ ვპოულობთ, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ლევან მამალაძის საკითხის განხილვა და მისი შეწყალება. რატომ უნდა იყოს ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, სამი შვილით, 17 წელი სამშობლოსგან მოწყვეტილი?!

 

მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე და კონკურენტი იყო?!

არც არჩევნების, ან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების პოზიციის მომიზეზება იქნება სწორი, რადგან ეს ისევ პოლიტიკური მოტივაციის არსებობას აფიქსირებს და არა კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობას.

 

საქართველოში არჩევნები პერმანენტულად ტარდება.

 

პარტიები ერთმანეთს ენაცვლებიან.

 

სამართლიანობის აღდგენა არ უნდა იყოს ამაზე დამოკიდებული.

 

ჩვენ საქართველოს საზოგადოების იმ ნაწილს წარმოვადგენთ, რომელნიც ვერ ვიქნებით გულგრილნი ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ. ბოლოს და ბოლოს, საშველი ხომ უნდა დაადგეს სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მიერ დევნილი ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეაბილიტაციას?!

 

ლევან მამალაძის შეწყალება, სამართლიანობის აღდგენის რეალური მაგალითი იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

 

თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ჩვენგანის პრეზიდენტი ხართ და ჩვენი გულისტკივილი უნდა გაითვალისწინოთ.

 

ჩვენ, საქართველოს სასულიერო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, აღადგინოთ სამართლიანობა და ლევან მამალაძის შელახული უფლებები და შეიწყალოთ და დააბრუნოთ იგი სამშობლოში. ეს გადაწყვეტილება საქართველოში ძალადობის, პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების დასასრულის სიმბოლო იქნება.

 

პატივისცემით,

მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) - ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი.

მეუფე ანანია (ჯაფარიძე) - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი.

ქართველი საზოგადოების სახელით:

კახი კავსაძე - საქართველოს სახალხო არტისტი;

როინ მეტრეველი - პროფესორი, ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე;

ელგუჯა გუგუშვილი - პროფესორი;

რეზო მიშველაძე - მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;

რეზო ამაშუკელი - მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე;

გოგი ქავთარაძე - საქართველოს სახალხო არტისტი;

ერეკლე საღლიანი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე;

ანზორ ერქომაიშვილი - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

ჯემალ ჭკუასელი - საქართველოს სახალხო არტისტი;

ფრიდონ სულაბერიძე - ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი;

ნანი ბრეგვაძე - საქართველოს სახალხო არტისტი;

ეკა მამალაძე - ქართველი მომღერალი;

მერაბ სეფაშვილი - ქართველი მომღერალი;

ალექსი მაჭავარიანი - სახალხო არტისტი, კომპოზიტორი;

მარიკა კვალიაშვილი - კომპოზიტორი;

მაყვალა გონაშვილი - მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, საზოგადო მოღვაწე;

თემურ ჩალაბაშვილი - პოეტი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ილიას, გალაკტიონ ტაბიძის, ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი;

არჩილ გელოვანი - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ირაკლი ბათიაშვილი - ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი;

ნიკო ლეკიშვილი - ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი, თბილისის ყოფილი მერი;

ნონა გაფრინდაშვილი - ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი;

მაია ჩიბურდანიძე - ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი;

ირმა ნიორაძე - პრიმა-ბალერინა, საერთაშორისო გრან-პრის ლაურეატი;

ალექსანდრე ჩივაძე - ქართველი ფეხბურთელი, მწვრთნელი;

ვლადიმერ გუცაევი - ქართველი ფეხბურთელი, მწვრთნელი;

ზაზა ფაჩულია - საქართველოს და აშშ ლიგის კალათბურთელი, ჩემპიონი;

გოჩა ჩხაიძე - ცნობილი მეღვინე, მეცენატი;

ვლადიმერ ხმელიძე - სრულიად ქართველთა იბერთა და კოლხთა საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე;

თემურ გუგუშვილი - სახალხო არტისტი, ოპერის სოლისტი;

ქეთევან ლოსაბერიძე - ოლიმპიური ჩემპიონი;

დავით კევლიშვილი - 63-ე მუსიკალური სკოლის დირექტორი;

მაია აზარაშვილი - ევროპის ჩემპიონი;

ლიანა ცოტაძე - ქართველი მოცურავე, ოლიმპიური ჩემპიონი;

ქეთევან დუმბაძე - საზოგადო მოღვაწე;

მანანა დუმბაძე - მწერალი, საზოგადო მოღვაწე;

ალიბალა ასკეროვი - აზერბაიჯანული მოძრაობა „გეირათის“ თავჯდომარე, სეიდი;

ალი ბაბაევი - საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე;

მუბარის კარაევი - საქართველოს აზერბაიჯანულ თემთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი;

არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე;

იური გრიგორიანი - ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ფონდის თავმჯდომარე;

თემურ დიასამიძე - საზოგადო მოღვაწე;

ია მეტრეველი - საზოგადო მოღვაწე;

ნაზიბროლა ქობალია - საზოგადო მოღვაწე;

დარეჯან გუჯეჯიანი - საზოგადო მოღვაწე;

დავით ქობალია - ფილოლოგი, გერმანისტი;

ირანდა კალანდაძე - ჟურნალისტი;

ვახტანგ ხარჩილავა - მწერალი, „საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი

 

 

big_banner
არქივი