logo_geo
ნუგზარ კვაშალი: მდგომარეობა თითქმის უიმედოა
- +

21 სექტემბერი. 2020. 01:41

 

 

„პრაიმტაიმი“ ცნობილ მომღერალს ნუგზარ კვაშალს, მეგობრისა და კოლეგის – ისრაელში მყოფი ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

 

როგორც ზურა კვაშალი ამბობს, ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თითქმის უიმედოც კი… ის ახლა რეანიმაციაშია, სანამ კონტაქტური იყო, ბორჯომში წამიყვანეთო, ამბობდა. ახლა, მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია…

 

ის ისრაელში საქართველოდან მატერიალური პრობლემების გამო წავიდა… იქ ჩასულ მეგობრებს წამოსვლაზე უარი უთხრა, პენსია მაქვს და ოჯახს რჩენა უნდაო, უთქვამს.

 

„სამწუხაროდ, ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ამაზე მძიმე აღარ არსებობს. რამდენიმე დღის წინ, გონზე იყო.

 

ბოლო ერთი თვეა, სიცხე აქვს, სუნთქვა უჭირს, მაგრამ სეფსისი განუვითარდა. ბევრი ამბობს, დავეხმაროთო. ამის შემდეგ, მხოლოდ მის ოჯახს დავეხმაროთ… რას იტანს მისი მეუღლე, რომ იცოდეთ… თავზე ცოლი და შვილი ადგანან.

 

ყველაზე ცუდი ნაბიჯი, რაც ზურამ გადადგა, საქართველოდან წასვლა იყო. მან თბილისი, სცენა, უბანი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა, მაგრამ აქ რომ აერია ყველაფერი, მეგობრები და ახლობლები პრობლემებს ვერ მოვერიეთ…

 

ის ხვდებოდა, რომ თბილისში ვეღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, წავიდა ზურა… ალბათ, ოჯახის, შვილების გამო…

 

პანდემიამდე მის სანახავად მეგობრები ვიყავით, იანვრის ბოლო იყო. მინდოდა, წამომეყვანა. მჯეროდა, რომ აქ მის ფეხზე დაყენებას შევძლებდით, მაგრამ უარი თავად თქვა. აქ პენსია მაქვს, ოჯახი მყავს და რჩენა  უნდაო. მანამ ცოცხალი ვიქნები, ვიტყვი, რომ  ზურასთვის სტუდიების, სცენის, მეგობრების, თბილისის დატოვება სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ თავი გაწირა…

 

ისრაელში ჩასვლისას ფიქრობდა, რომ თავის საქმიანობას გააგრძელებდა, მაგრამ სხვანაირი ქვეყანაა, სხვა მენტალიტეტი, სხვა ფასეულობები. ზურა უმაღლესი რანგის საესტრადო მომღერალია, ძალიან ნიჭიერი. იქ რომ იმღერო, რესტორნის მომღერალი უნდა იყო, ზურა კი არ იყო ასეთი…

 

ბორჯომს ახსენებდა, ბორჯომში წამიყვანეთო, ამბობდა ზურა. მიკვირს, როგორ შეძლო, გაეძლო ხუთი თვე იმ მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაშიც ის არის. ამბობენ, რომ იმედი ბოლოს კვდებაო, მაგრამ მგონი, იმედი საერთოდ არ კვდება. არ მინდა მოხდეს ის, რისიც მეშინია.

 

ამ მდგომარეობაში, მისი ჩამოყვანის შანსი არ არსებობს. რეანიმაციაში წევს , აქეთ-იქით გადაყავთ, ბევრი ქართველი-ებრაელი ექიმია იქ და მას ყველა გვერდით უდგას…

 

მეგობრები ისევ ვგეგმავდით მის სანახავად წასვლას, მაგრამ პანდემიის გამო, ვერ წავედით. ვფიქრობდით, ის ემოციები დადებითად იმოქმედებდა მასზე, ნაპერწკალი გაუღვივდებოდა, მაგრამ…

 

ამბობენ, ზურას ყველაფერი ესმის და გრძნობსო, ამიტომ გვქონდა წასვლის გეგმაც. მის მეუღლეს ყოველდღე ვესაუბრებით ზურას მეგობრები… ქეთი ძალიან მეცოდება, ყოველ დღე უყურებს ქმარს, როგორ ჭრიან და ზონდით კვებავენ, იმდენი კილო დაიკლო, ნახევარია ახლა… ქეთიმ თქვა, შემომხედავს და რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვერ ამბობსო… მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. არ მინდა დავიჯერო ექიმების შეფასება, რომ მდგომარეობა თითქმის უიმედოა…“ – ამბობს ზურა კვაშალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი