logo_geo
„ფარაჯანოვის დონე არ არის“ – ნიკუშა შენგელაია ლედი გაგას ახალ კლიპს აფასებს
- +

24 სექტემბერი. 2020. 02:54

 

 

 

სერგო ფარაჯანოვის 1968 წელს გადაღებული ფილმი “ბროწეულის ფერი” ევროპული კინოს მეტრებმა – ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ კინოს შედევრად აღიარეს.

 

მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ ეს ფილმი თავისი რჩეული ფილმების ათეულში მოახვედრა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა.

 

ფილმის პირველი სახელწოდება იყო “საიათ-ნოვა”. ფილმში პოეტის ცხოვრება – ბავშვობა, პირველი სიყვარული, ბერობა და გარდაცვალება ნაჩვენებია ფარაჯანოვის წარმოსახვაში პოეტის ლექსების განსახიერებით. ფილმი პოეზიით არის მოთხრობილი.

 

მთავარი კი აქ თხრობის სტილია. ულამაზესი, ფერწერული ტილოს მსგავსი კადრები, ზღაპარში გაგდებთ და რეჟისორის ესთეტიკის ტყვეობაში გაქცევთ.

 

სოფიკო ჭიაურელი ფილმში რამდენიმე როლს ასრულებს – პოეტს ყმაწვილობაში, პოეტის სიყვარულს, პოეტის მუზას, მიმის და აღდგომის ანგელოზს… საოცარი პლასტიკით გადმოდის ეკრანიდან.

 

“მე მინდოდა შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის“ – ამბობდა ფარაჯანოვი.

 

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ავტორ-შემსრულებელმა – ლედი გაგამ ფანებს სწორედ სომხური წარმოშობის ქართველი რეჟისორის “ბროწეულის ფერის” ინსპირაციით გაჯერებული კლიპი წარუდგინა.

 

როგორც ჩანს, ეპატაჟურ მუსიკოსს იმდენად მოეწონა ფილმი, რომ “911”-ს ფარაჯანოვის გავლენის ელფერი ასდის.

 

 კლიპი სოფიკო ჭიაურელის ვაჟს, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეგობარმა აჩვენა. მან “პრაიმტაიმთან” საუბრისას გაიხსენა ფაქტი, რომ “ბროწეულის ფერის” კადრები ერთ როკ ჯგუფსაც აქვს თავის კლიპში გამოყენებული, მათ შორის – სოფიკოს მიზანსცენებით.

 

 

 

ნიკუშა შენგელაია: – ლედი გაგა საიათ-ნოვას და სოფიკოს იმიტაციას აკეთებს. კლიპი ფარაჯანოვის დონე არ არის, მაინც ლედი გაგას სტილშია. ეს ისეთი ფილმია, დრო არ აქვს. საერთოდ, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს, ხომ დრო არ აქვს.

 

არის ფილმები საუკუნეებს უძლებს. ის, რაც ნამდვილია, ასეთია.

 

“ბროწეულის ფერი” არაორდინალურია ფარაჯანოვის ესთეტიკით, სოფიკოს პლასტიკით. საყვარელი კადრი? ვერ გამოვყოფ. კოლაჟივით არის ნახატებით გაკეთებული. მთელი ფილმი მიყვარს. სულ სხვა დონის ნამუშევარია.

 

მე სოფიკოზე დოკუმენტური ფილმი გადავიღე და ამ ფილმის კადრები მეც გამოვიყენე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი