logo_geo
2017 წლის სექტემბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება
- +

27 მარტი. 2017. 21:46


 

პოლიეთილენის პარკს ყოველდღე ვხვდებით - მაღაზიებში, ბაზრებში, გზებზე, ხეებსა თუ სხვა ადგილებში. გადაყრილ პოლიეთილენს გარემოსთვის მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.  ის ბუნებაში ასეულობით წლის მანძილზე რჩება და რთულად იშლება.


გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოში შეიძლება ეტაპობრივად აიკრძალოს პლასტიკის პარკები. როდიდან დაიწყება საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარების აკრძალვა და რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას გარემოსთვის? ამ და სხვა კითხვებით „თბილისი თაიმსი" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართა.

 

- როდიდან დაიწყება საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარების აკრძალვა? რამ განაპირობა აღნიშნული კანონის ამოქმედება?


- საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ხოლო  2018 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.


- კონკრეტულად რა საფრთხეებს შეიცავს გარემოსთვის პოლიეთილენის პარკი?  რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას?


- გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება. განსაკუთრებით ეს ეხება პლასტიკის პარკებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება. როგორც ცნობილია, პლასტიკის პარკი თავისი  ქიმიური შემადგენლობის გამო ასწლეულების განმავლობაში რჩება ბუნებაში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. პლასტიკის პარკების უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას და რთულია მისი რეციკლირება. დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში. პლასტიკის პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას, ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად.


პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტობრივად, პლასტიკი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას.


- კომპანიები რამდენად თანამშრომლობენ, რომ გამოიყენონ ბიოდეგრადირებადი პარკები?


- საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი