logo_geo
ცესკო-ს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს
- +

1 ოქტომბერი. 2020. 13:57

 

ცესკო-ს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. საარჩევნო კანონმდებლობის (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად, მათ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა; სწორედ ამ ნორმების გათვალისწინებით მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის, ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა. ცესკო-ს თავმჯდომარე მიმართავს თითოეულ მოხელეს, გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

 

თამარ ჟვანიას წერილობითი რეკომენდაცია გადაეცა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელთაც, თავის მხრივ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.

 

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი