logo_geo
„გმირი თუ რეპორტიორი“
- +

28 მარტი. 2017. 02:18



1993 წელს სამხრეთ აფრიკელმა ფოტოჟურნალისტმა, კევინ კარტერმა სუდანში გადაიღო კადრი, რომელმაც ის ჯერ პულიტცერის პრემიამდე, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ამ საკმაოდ ცნობილ კადრზე, რომელსაც "შიმშილი სუდანში" ჰქვია, გამოსახულია ბავშვი, რომლის უკანაც რამდენიმე მეტრში სვავი ჩამომჯდარა.


ამ კადრმა გამოქვეყნებისთანავე გამოიწვია უამრავი შეკითხვა კევინ კარტერის მიმართ. ყველა ამ შეკითხვის ძირითადი არსი ერთი იყო: "რა ბედი ეწია ბავშვს?" რატომ არ გადაარჩინა კარტერმა ბავშვი? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, კადრი, თუ ადამიანის სიცოცხლე? ან რატომ არაფერი იღონა ფოტოგრაფმა თუნდაც კადრის გადაღბის შემდეგ? ასეთი დილემა ჟურნალისტიკის ისტორიაში უცხო არ არის. კევინ კარტერის შემთხვევა არც პირველი ყოფილა, არც ბოლო, მაგრამ ყველაზე ცნობილი კი ნამდვილად არის.


ომის ჟურნალისტებს/ფოტოჟურნალისტებს ხშირად უწოდებენ გმირებს იმის გამო, რომ მძიმე და სტრესულ პირობებში  უწევთ მუშაობა. თუმცა სჭირდება თუ არა რეპორტიორს გმირობა?


სინამდვილეში, რედაქტორებიც და პროფესიული სტანდარტებიც ყველაზე ნაკლებად, ჩვენგან სწორედ გმირობას ითხოვენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ამბის კარგად გაშუქება და მორჩა. მთავარი სირთულეც ესაა: ძალიან ძნელია, დიდი ხნის განმავლობაში აშუქებდე ამბავს, და თავი შეიკავო ყოველგვარი ემოციისგან - შენ წინ ადამიანს კლავდნენ და შენ ამას კამერის ობიექტივიდან მშვიდად უყურებდე.


თუმცა მეორე მხრივ, როდესაც რეპორტიორი ხარ, ხელში კამერა გიჭირავს და არა იარაღი,  ერთადერთი რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შეგიძლია, ამ კამერის სწორად გამოყენებაა.

კევინ კარტერიც ასე მოიქცა, გადაიღო ფოტო, რომელმაც მოგვიანებით მთელი მსოფლიოს ყურადღბა სუდანისკენ მიმართა, თუმცა მთავარი კითხვა, "რა ბედი ეწია ბავშვს", ვერაფერმა გადაწონა.


დიდი მსჯელობა შეიძლება იმაზე, შეცვალა თუ არა კარტერის ამ ფოტომ რამე, ან რომ არ გადაეღო და ბავშვის მშობლების ძებნა დაეწყო, ამით  თუ შეცვლიდა რამეს. თუ პროფესიული კუთხით მივუდგებით, რეპორტიორები ერთი ადამიანის ამბის გაშუქებით ბევრად უფრო დიდ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. და მაშინაც კი, თუ გაქვს შესაძლებლობა, პირადად დაეხმარო შენს რესპონდენტს, დგები კიდევ ერთი დილემის წინაშე - მოვაგვარებ თუ არა ამ ადამიანის ერთხელ დახმარებით მის პრობლემას? თუ ჯობია, გვერდზე გადავდო გრძნობები და ვეცადო ჩემი პროფესიით ხმა მივაწვდინო იმ ხალხს, ვისაც შეუძლია, უფრო დიდ, სისტემურ პრობლემას მიხედოს?


შეუძლია თუ არა რეპორტიორს, მხოლოდ ამბის გაშუქებით შეცვალოს ადამიანების ცხოვრება? რთული სათქმელია, მაგრამ მიზანი ალბათ მაინც უფრო ეს არის.

 

ავტორი: გიორგი გოგუა

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი