logo_geo
„თეკლა მელაძეს ბოდიში“ - დაკარგული „ბროწეული“ ავტორს დაუბრუნეს
- +

28 მარტი. 2017. 22:41



ახალგაზრდა მხატვრის, 16 წლის თეკლა მელაძის ნამუშევარი „ბროწეული", რომელიც 26 მარტს დაიკარგა, დღეს, კოსტავას ქუჩის N6 -ში, გამომცემლობა „მინიატურას" ოფისის სადარბაზოში, ყვავილების შესანახ ფარდულთან, შავ პოლიეთილენის პარკში შეფუთული იპოვეს, რომელზეც განთავსებული იყო წარწერა - „თეკლა მელაძეს ბოდიში".

 


როგორც „სითი კვირას" თეკლა მელაძის დედამ, ქეთევან ლაზარაშვილმა განუცხადა, ​​დაკარგული ტილო ყვავილებით მოვაჭრე ქალბატონმა ვენერამ იპოვა.


„ნამუშევარი დაზიანებულია, არის ჩარჩოს და ქვეჩარჩოს გარეშე, მაგრამ მთლიანობაში ექვემდებარება აღდგენას და არსებული ზომის შენარჩუნებაც შესაძლებელია გადაჭიმვის შემდეგ", - განაცხადა ქეთევან ლაზარაშვილმა.


თეკლა მელაძის მშობლები, სოციალური ქსელით მედიას და მოქალაქეებს სთხოვდნენ გამოეჩინათ გულისხმიერება და ნახატის მოძებნაში დახმარებოდნენ.


„ამ ორი დღის განმავლობაში თქვენი თანადგომით გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიღო ეს შედეგი, რისთვისაც ყველა თქვენგანს დიდი მადლობა, ჩვენი პრობლემის გულთან მიტანისა და უამრავი თანაგრძნობის ზარისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქეთი მიქაძეს (სააგენტო WWW.GEOMEDIATV.GE), გოჩა ნაჭყებიას (საინფორმაციო სააგენტო WWW.TB24.GE), თაკო შელიას(WWW.CITY.KVIRA.GE), საზოგადოებრივ მაუწყებელს. ტელეკომპანია „იმედს" და „რუსთავი 2"-ს. დიდი მადლობა უამრავ გამოჩენილ მხატვარს, თეკლას უფროს მეგობრებს გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით რეჟისორს და მხატვარს, ბატონ ამირან ისიანს", - განაცხადა ქეთევან ლაზარაშვილმა.

 

 

ქეთევან ლაზარაშვილის განმარტებით, „არტ-ფესტივალი 2017" იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო უსაფრთხოების ზომები და კონკრეტული ინციდენტი ფესტივალის დასრულებისას, ეზოში, საგამოფენო სივრციდან, რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც ნამუშევრებს ავტომობილში აწყობდნენ.


მისივე ინფორმაციით, თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა 21-29 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმ "ქარვასლაში", სიონის ქუჩა N 8 -ში გაიმართება.


აღსანიშნავია, რომ 16 წლის თეკლა მელაძის ნამუშევარი „ბროწეული" (ზეთი, ტილო, 80×60) 26 მარტს, 19:00 საათისთვის, "არტ - ფესტივალის" დახურვის დროს, ეზოდან დაიკარგა. მხატვრის მშობლები მოქალაქეებს სოციალური ქსელის მეშვეობით სთხოვდნენ ნამუშევრის პოვნის შემთხვევაში დაკავშირებოდნენ, რადგან სექტემბერში, "ბროწეული" ერთ-ერთ მნიშვნელოვან აუქციონზე, სხვა ორ ნამუშევართან ერთად უნდა წარადგინონ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი