logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე...
- +

19 ოქტომბერი. 2020. 20:31

 

 

ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე - შემოვიღოთ ხელმეორედ ლოქდაუნი, მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები, თუ მეორე - ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე გზა აირჩიეს.

 

,,პირველ შემთხვევაში, მართვა იქნება უფრო იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის საფრთხის ქვეშ დადგება ეკონომიკა.

 

მეორე შემთხვევაში, მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა, შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მაინც განვითარდება, მხოლოდ, ძალიან დიდი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებზე და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორზე.

 

უცხოეთის წამყვანი ქვეყნების უმეტესობამ აირჩია პირველი გზა - ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რიგი ფაქტორების გამო, მოსახლეობის განწყობის, ეკონომიკის ხელშეწყობის და საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, რომ წავიდეთ მეორე გზით.

 

ანუ, შეზღუდვები იყოს მინიმალური, ის რეგულაციები რაც არის, დამატებითი შეზღუდვები და ლოქდაუნი არ იყოს შემოღებული, მაგრამ ეს მეორე აუცილებლობას შეიცავს, რომ სახელმწიფომ აიღოს მართვა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის, ისე, რომ არ წავიდეთ კომპრომისზე ხარისხთან, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი.

 

მინდა გითხრათ, დიდი კმაყოფილებით, რომ შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს ერთ მილიონ მოსახლეობაზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

 

ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, რომ შეზღუდვების გამკაცრების გარეშე შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა, ანუ სიკვდილობის მაჩვენებელი იყოს ისე დაბალი, რომ მოსახლეობისთვის კოვიდი გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი