logo_geo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: „ფონდი „ქართუ” დღეიდან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს
- +

19 ოქტომბერი. 2020. 21:28

 

 

„ფონდი „ქართუ” დღეიდან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს და ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ცენტრალური პარკი“ - განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, რომელიც მიმდინარე პროცესს დღეს დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად გაეცნო.

 

მისი თქმით, პირველი ეტაპის სამუშაოები 20 მილიონი დოლარი დაჯდება, თუმცა, შესაძლოა თანხა გაიზარდოს.

 

„სამუშაოები ჩვენი ამჟამინდელი შეფასებით 20 მილიონი დოლარი დაჯდება. შეიძლება სამუშაოების წარმოების პროცესში ეს თანხა გადაიხედოს და უფრო გაიზარდოს კიდეც,“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 36 ჰექტარზე განთავსებული პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა.

 

აგრეთვე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მოეწერა.

 

 

big_banner
არქივი