logo_geo
"ეტყობა, ეს მაძლებინებდა, ამ უბრალო ხალხის დამოკიდებულება"
- +

23 ოქტომბერი. 2020. 22:42

 

მიყვარს ხელნაწერებთან მუშაობა, გაყვითლებული, გამყიფებული ფურცლები, გაფერმკრთალებული, ზოგჯერ სანახევროდ წაშლილი მოგონებები. უმეტესად გაკრული ხელით ნაწერი, მაგრამ მაინც გასაგები. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია ქართველ ხელოვანთა ავტოგრაფები - ლადო ალექსი-მესხიშვილის, შალვა დადიანის, კოტე მარჯანიშვილის, სერგო ზაქარიაძის... მათ შორის არის ყველა თაობის საყვარელი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის პირადი კოლექცია.

 

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა. მშობლებმა მას ცეცილია დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური

მოღვაწე მის ოჯახში არავინ იყო, გოგონა მსახიობობაზე ოცნებობდა. თაყაიშვილების სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის ხელოვანები, რომლებმაც მას არტისტობისკენ მიმავალი გზა გაუკაფეს და დიდი სცენისკენ სწორი მიმართულება მისცეს. სესილია თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ როგორც კი სახლიდან სტუმრებს გააცილებდნენ, იგი თითოეული მათგანის საუბრის მანერასა და მოძრაობას სარკის წინ იმეორებდა, ასე ცდილობდა 6 წლის გოგონა მსახიობური ნიჭის ყველასთვის დამტკიცებას. მისი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, 1913 წელს მსახიობმა ელო ანდრონიკაშვილმა 7 წლის სესილია პირველად გამოიყვანა სცენაზე სპექტაკლში "ყვავილთა შორის", სადაც ერთ-ერთი ყვავილის როლი მიანდო. მართალია, დიდ სცენაზე არ მომხდარა. ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინაში გამართული საბავშვო წარმოდგენა იყო, მაგრამ პატარა არტისტს სცენაზე დგომის სურვილი აუსრულდა. შემდეგ შალვა დადიანის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლ "ჰანელეში" ანგელოზის როლი განასახიერა უკვე ნამდვილ სცენაზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მოგვიანებით, გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც, რამდენიმე წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სესილია ამას არ დასჯერდა.

 

1922 წელს, რეჟისორ აკაკი ფაღავას მიერ გახსნილ პირველ ქართული დრამატულ სტუდიაში ჩაირიცხა. სტუდიის პედაგოგთა შორის იყვნენ დიდი რეჟისორები - კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. სტუდიის დასრულების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასის წევრი გახდა, ოთხი წლის შემდეგ, 1930 წელს კოტე მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა და მთელ 36 წელიწადს ამ სცენიდან აჯადოებდა მაყურებელს.

 

სესილია თაყაიშვილი ქართული სცენის ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად ჩამოყალიბდა. როლს როლი მისდევდა, წარმატება - წარმატებას და მისი სახით სახასიათო როლების საუკეთესო შემსრულებელი მოგვევლინა. კინემატოგრაფიამ ხომ თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა. უწევდა სრულიად განსხვავებული როლების თამაში, რომელთაც თავს უდიდესი პროფესიონალიზმით ართმევდა. შესანიშნავად ასრულებდა კომედიურ როლებს, ასევე განუმეორებელი იყო ტრაგიკულ სცენებშიც. მაყურებელთა გაოცებას იწვევდა მისი თითქოს უბრალოდ და იმავდროულად უდიდესი პროფესიონალიზმით შესრულებული როლები. ხან ჭორიკანა ვასასი, ხან ასინეთა და ხანაც უტყვი და ძალაგამოცლილი, უსუსური მარადია... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესილია თაყაიშვილი მსოფლიო მასშტაბის მსახიობი იყო და მხოლოდ ქართველები კი არა, სხვა ქვეყნის მაყურებელიც მის ოლღა ბებიაში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობისა და თენგიზ აბულაძის ფილმის ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") უბერებელი გმირის სახით, მასში საკუთარ ბებიას ხედავდა. აქ გვერდს ვერ ავუვლით ერთი ფრანგი რეჟისორის აღფრთოვანებულ სიტყვებს სესილიას როლების ხილვის შემდგომ - ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო...

ასაკში იყო უკვე, როცა მიიჩნია, რომ თეატრი უნდა მიეტოვებინა. მიზეზადაც სწორედ ასაკი დაასახელა. ესეც პროფესიონალიზმია, როცა იცი, სად და როდის გაჩერდე. კინოში თამაში კი მძიმე ავადმყოფობის დროსაც არ მიუტოვებია.

 

ხისტი ხასიათის სესილია თაყაიშვილი როგორც პარტნიორებისთვის, ასევე რეჟისორებისთვისაც მასწავლებელი და თან სამაგალითო პიროვნება გახდა... თუმცა რადგან ეს არ გახლავთ სესილია თაყაიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია, ამიტომ მის წარმატებულ როლებს თანამიმდევრულად აღარ მივყვებით.

 

 

 

დიდი მსახიობის არქივში დაცულია უცნობი წერილები. მკითხველს გულგრილს არ დატოვებს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი წერილები, რომლებიც გარდაცვლილ დედას მისწერა... პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე, თვალზე ცრემლმომდგარი ვცდილობ ჩავწვდე მის მწუხარებას. ვხვდები, რომ დედის დიდმა მონატრებამ წარსულში დაბრუნება მოანდომა და დარდით სავსემ, საიდუმლო ფურცელს გაანდო.

ერთ-ერთ წერილში, რომელზეც წელიც კი არ აქვს სრულყოფილად მითითებული, წერს, - ალბათ პირადი ცხოვრება რომ მომეწყო, იქნებ ასე არ განმეცადაო.

 

მაყურებელი არ ითავისებს მსახიობის ცხოვრებას სცენისა თუ ეკრანს მიღმა, მით უფრო, მსახიობისა, რომელიც პირდაპირობითა და სამართლიანობით გამოირჩეოდა. გარშემო მყოფთა სიყვარულის მიუხედავად, სესილია გარდაცვლილ დედას შველას სთხოვდა: "მიშველე, თუ იოტისოდენა გიყვარვარ, მიშველე! არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა..."

გთავაზობთ სესილია თაყაიშვილის სამ მომცრო წერილს, მიწერილს დედისთვის.

 

* * *

"ერთხელ შევეკითხე მძღოლს, რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი? იცი, რა მითხრა? როგორ, ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენს მანქანაში ჯდებითო. მე ვუპასუხე, ფული ყოველთვის აიღეთ და ერთი თხოვნაა, თქვენ გამასვენეთ-მეთქი.

აი, ჩემი სიხარული. ეტყობა, ეს მაძლებინებდა, ამ უბრალო ხალხის დამოკიდებულება. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ამაში ბევრი რამ არის ჩაქსოვილი. უბრალო ხალხი, მშრომელი რომ დაგაფასებს, ეს რასაკვირველია, ბედნიერებაა. საოცარი დამბადე, დედა, რატომ მერიდება ქების, ვცდილობ იმ წამსვე გადავიტანო ლაპარაკი სხვა თემაზე. თავაღებული გატუტუცებული ქებით არასდროს მივლია აქ, ამქვეყნად. შეიძლება ესეც მიზეზი იყო იმისა, ყველას აბუჩად ასაგდები ვეგონე, იუმორი კი მრავლადაა ჩაქსოვილი ჩემში შენგან. ეს იუმორი რომ არა, ალბათ ვერც მივაღწევდი სიბერემდე, მაგრამ ეს იუმორიც დამღლელი აღმოჩნდა. სხვას რომ არ ვუმხელ, ჩემთვის ვაზროვნებ და მეცინება, ვის გავუზიარო?

ეს პირველი წერილია დედიკო.

 

თუ ვიცოცხლე, ბევრ რამეს გიამბობ. იყავი მშვიდად, შენ თუ გეწერა სიკვდილი, ბედნიერი წახვედი, იმიტომ რომ, შვილები თავს გევლებოდა".

 

"ჩემო დედიკო!

მაპატიე რომ ვეღარ დავდივარ შენთან. დამნაშავე ვარ, იქნებ მსჯი, დედა! ძალიან მიჭირს, მიშველე თუ იოტისოდენა გიყვარვარ! მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა... ცხოვრებამ მომკლა, რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე, რამდენი მაქვს გადატანილი უშენოდ, რომ იცოდე. შემიბრალე დედიკო, გეხვეწები.... შემიმსუბუქე დარდი.... ვიცი, მიგატოვე, არ გაქცევ ყურადღებას, მაგრამ თვითონ მე ხომ ავად ვარ. მიშველე, დედიკო".

 

"ჩემო დედა!

1956 წელი 16 თებერვალი. შენ აღარ ხარ. როგორი ძნელი იყო ჩემთვის შენი წასვლა. რა უბედური ვიყავი. ალბათ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა, მაგრამ შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი. შენ ძალიან ჭკვიანი ქალი იყავი. შენ არაჩვეულებრივი დედა იყავი. დიდ გაჭირვებაში გაგვზარდე ჩვენ. როცა გასვენებდით, იყო საშინელი ქარი, ქარბუქი. მოგყვებოდი და ვტიროდი. გემშვიდობებოდი. მინდოდა შენი გათბობა, შენ ალბათ გციოდა, ჩემო დედიკო. სხვა არავინ არ მახსოვს, შენი სახე მახსოვს მარტო, ლამაზი, შავი ხავერდის კაბაში. ოჰ, რა ძნელი იყო ჩემთვის, თითქოს პატარა გავხდი, თითქოს ძუძუ მინდოდა. რაც ჩაგასვენე ცივ მიწაში, იმ დღიდან არ მშორდები. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულ ჩემს გვერდით ხარ. თითქოს ვეხები შენს სხეულს".

 

* * *

ამქვეყნად არავინ მეგულება, პრობლემა რომ არ ჰქონდეს. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ცნობილი ხარ საზოგადოებისთვის, არა აქვს მნიშვნელობა გარშემო მყოფთა სიყვარულს, თუ სულში სიმშვიდე ვერ ისადგურებს. მიუხედავად ასეთი დიდი პირადული დარდისა, სესილია მსახიობთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთაც გარდასახვის ოსტატობა ცხოვრების ამოცანად დაისახეს. ალბათ ამ სიყვარულმა, სიხარულმა, მონატრებამ და ტკივილმა განაპირობა მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება...

 

სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მსახიობს თავის ოთახში ეკიდა დედის ფოტო და ზემოთ მოყვანილ წერილებს იმ ფოტოს უკან ინახავდა. აქვე იპოვეს მისი "ანდერძიც". ამ ანდერძს, რომელსაც ახლა ხელოვნების სასახლის ფონდში ვინახავთ, მკითხველთა დიდი ნაწილი იცნობს, თუმცა მაინც საჭიროდ ვცანით მისი გამოქვეყნება (სრულად იბეჭდება პირველად):

 

"სამოცდათვრამეტი წლის ვარ"

 

ბევრი ვიცხოვრე, ბევრი განვიცადე, ბევრი სიხარულიც ვნახე. მეყოფა ეხლა, ავადმყოფობა მქონდა ძალზე ვერაგი, ძნელი, რომელმაც გამინახევრა ცხოვრება. რაც გავაკეთე ხელოვნებაში, ათჯერ გავაკეთებდი მეტს და საინტერესოს. მაგრამ ვეღარ გავუძელი მძიმე ავადმყოფობას. ჩემი თხოვნაა, მე იმედი მაქვს, ამას შემისრულებთ. არაფრის დიდებით თეატრში ან კლუბში არ გადამიყვანოთ, არ არის საჭირო.

 

დამიჯერეთ და ამისრულეთ, მყუდროდ მამყოფეთ ჩემ სახლში... არავითარ შემთხვევაში პანთეონში არ დამასაფლაოთ, აგიხსნით, რატო, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ზემოთ, ღირსი ვარ თუ არა, რად გინდათ ეს, რად გინდათ, რომ ვინმემ სთქვას, არ იყო ღირსიო. რატო იბითურებთ თავს ან რატო უნდა ჩამაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იქნებოდა დედას გვერდით ვაკეში, მაგრამ იქ უკვე დავასაფლავე საყვარელი აკაკი (სესილია თაყაიშვილის ძმა. – რედ.). მაშინ საბურთალოში, ის მუხა რომ არის, ძალიან შორს არის, თქვენ მანქანა არა გყავთ და მეცოდებით.

ყველაზე უკეთესი [მაინც] საბურთალოა. ჩემს საფლავს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდეს, არავითარი ქვა, რკინის მოაჯირი და ზედ გაკრული როგორიც დედას აქვს. მხოლოდ ითხოვეთ ორი ადგილი, რომ ჩემს გვერდით იყოს ვინმე.

 

ბევრს ნუ იტირებთ, გაუფრთხილდით ერთიმეორეს, არავითარი ქელეხი. არ გაილანძღოთ თავი. ჩამაცვით შავი კაბა.

მინაწერი:

 

დამიჯერეთ, პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან. ამოთხარონ და შიგ შემდონ. სირცხვილი არ იქნება. არ გინდათ ფოკუსები. დამიჯერეთ, ისე ჭკვიანურად გამოიყურებით, გთხოვთ".

 

ანდერძში მითითებული მოთხოვნები საყვარელ მსახიობს ზედმიწევნით შეუსრულეს. ზედმეტი პომპეზურობისა და ცერემონიების გარეშე დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, რომელსაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის სახელი კარგა ხნის შემდგომ მიენიჭა. და ბოლო სურვილიც შეუსრულეს, რომ უკანასკნელ გზაზე შავი ხავერდის კაბა სცმოდა, ისევე როგორც დედამისს...

 

ირვინ შოუ წერდა: "ნებისმიერ საზოგადოებაში, სულ პატარაშიც კი, მუდამ არის ადამიანი, რომელიც ამ საზოგადოების მიზიდულობის ცენტრია, ამავე საზოგადოების მთლიანობის არსებობის საფუძველი". სწორედ ასეთი იყო და არის სესილია თაყაიშვილი.

 

თამარ მაისურაძე

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი

(ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი. სესილია თაყაიშვილის პირადი არქივი. საქ. 125. ხ. 100, 101,102)

ჟურნალი "ისტორიანი" #115

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი