ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ამოქმედდება, რომელიც COVID-19-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობაზე იმუშავებს, ასევე პროცესს მონიტორინგსა და მართვის ხარისხის კონტროლს გაუწევს.
ამას „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. ამასთან, ცენტრალური ონლაინ-კლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდება ოჯახის ექიმების, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ.
იმავე დადგენილებით განისაზღვრა COVID-19-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება.