logo_geo
„სანამ ცოცხლები ვართ, ვატაროთ პირბადე” – რა აზრის არიან ცნობილი ქართველები ახალ რეგულაციაზე
- +

4 ნოემბერი. 2020. 00:02

 

 

პირბადის ტარება ხვალიდან უკვე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. ვინც ქუჩაში პირბადის გარეშე ივლის მას ჯარიმა დაეკისრება – 20 ლარს გადაიხდის.

 

როგორ უყურებენ ცნობილი სახეები ამ რეგულაციას – “პრაიმტაიმმა” ქართველი სელებრითები გამოკითხა.

 

ნატო გელაშვილი, ავტორ-შემსრულებელი: – მე მაინც მეკეთა ქუჩაში პირბადე, რადგან ახლა ის სეზონია, როდესაც პირბადე ასატანია. აგვისტოში ვერ გაიკეთებდი. შეიძლება პირველი მე გამოვვარდნილიყავი და არ გამეკეთებინა. ისედაც უჰაერობა მაქვს, ამ დაბინძურებული გარემოს ფონზე.

 

ახლა არ არის პრობლემა ხელი შევუწყოთ ჯერ საკუთარ თავს და მერე – სხვებს. არ არის წიხლების რტყმის დრო. ყველამ უნდა გავიაზროთ და ვატაროთ პირბადე. არავის არ გვაქვს უფლება სხვას არ მოვუფრთხილდეთ.

 

თამარ ივერი, ოპერის მომღერალი: – მე არ მივესალმები ქუჩაში პირბადით სიარულს. ეს ძალიან პრიმიტიული გადაწყვეტილებაა. თავად ატარებენ? ეჭვი მეპარება.

 

ჯანმრთელობისთვის არის ძალიან ცუდი. ასთმიანებს, ასაკოვან ადამიანებს არ შეუძლიათ ამდენი ხანი პირბადეში გატარება. პირადად მე, ნახევარი საათის შემდეგ, სული მეხუთება. ერთი და იგივე ჰაერი რომ ტრიალებს ნიღაბში, ის უკვე ნახშირორჟანგია. გარეთაც რომ ასე ვიაროთ, რაღა კორონათი მომკვდარვართ და რაღა სუნთქვის უკმარისობით.

 

კატეგორიული ვარ, რადგან მთელი დღე ნიღბით სიარული უპირველესად ჯანმრთელობისთვისაა ცუდი.

 

ია ფარულავა, მსახიობი, ტელეწამყვანი: – მშვენიერია. აუცილებლად გავიკეთებ ყველგან პირბადეს, ქუჩაშიც და შენობაშიც. სხვა რა გამოსავალი გვაქვს?! მხოლოდ ასე შეგვიძლია დავიცვათ თავი. რატომ აპროტესტებენ, ვერ გავიგე. აბა, ყველას უნდა შეგვეყაროს კორონა?

 

როგორც ქოლგა გვიცავს წვიმის დროს წვეთებისგან, ასე გვიცავს პირბადე ვირუსის შეყრისგან.

 

გია ჯაჯაინიძე, შოუმენი: – რახან გვეუბნებიან, უნდა ვატაროთ პირბადე. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავსაც და სხვასაც. მე განსაკუთრებით ვუფრთხილდები ჩემს თავს იმიტომ, რომ ვარ რისკჯგუფში. ვარ 60 წლის და მაქვს დიაბეტი.

 

მე ჯანმრთელ ადამიანებსაც არ ვუსურვებ, რომ შეხვდეთ კორონავირუსი. მივესალმები ყველა იმ მოწოდებას, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო იქნება. არანაირ დისკომფორტს პირბადე არ მიქმნის. დისკომფორტი იქნება რომ მოვკვდებით – ის. სანამ ცოცხლები ვართ, ვატაროთ პირბადე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი