logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: 21 წელი გავიდა მსახიობისა და პოეტის, გივი ჭიჭინაძის გარდაცვალებიდან...
- +

13 ნოემბერი. 2020. 16:28

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი, მსახიობისა და პოეტის, გივი ჭიჭინაძის შესახებ, საინტერესო ჩანაწერს აქვეყნებს:

 

„არდავიწყება

1999 წლის 13 ნოემბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და პოეტი

გივი ჭიჭინაძე

(1934-1999)

დაიბადა თბილისში, 1934 წლის 12 აგვისტოს.  1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი  გადმოიყვანეს თბილისში,   რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი პიესები „უცნაური ბიჭი“, „საბედისწერო ოპერაცია“, „იისფერა“, „არა შეჯდა მწყერი ხესა“, „ჯადოსნური ბურთი“  წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენაზე. გივი ჭიჭინაძე არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად, საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

***

გივი ჭიჭინაძე

გახსენება

როცა სოფელში ისევ შებინდდა

და ირგვლივ დადგა სიმშვიდე სრული,

ქარს ამოჰქონდა თონეებიდან

ახლადჩაკრული შოთების სუნი.

მთვარემ ორღობე უხმოდ დატოვა,

დღე მიილია ფოთლების ცვენით...

შენ მომაგონდი მაშინ რატომღაც

და თვალთა უპე ამევსო ცრემლით.

***

რა უჩვეულო გამოხდა ჟამი

რა უჩვეულო გამოხდა ჟამი,

აღარაფერი დაგვრჩა საერთო;

მხოლოდ მდინარის ქვიშა და ლამი,

მზე ჩაწურვილი უერთმანეთოდ...

მოგვყვა კი რამე გარდასულ დღეთა,

წინათ რომ წმინდა წლები დავარქვით.

უკუნ ღამეში შთაინთქა მცხეთა,

აღარ ხმაურობს ჩვენი არაგვი.

***

ბერმუხებს თოვლში ჩაუმუხლიათ

ბერმუხებს თოვლში ჩაუმუხლიათ,

ირგვლივ საამო სითეთრე სუფევს.

ნადირის კვალი გასდევს მუხიანს,

ალბათ ძუ მგელი სწვევია სოფელს.

სურს თავს დაეცეს ცხვართა საბუდარს,

ააჭიხვინოს თავლაში ლაფშა,

თოვს... მგლის ნაკვლევი ყინვით ჩაბუქდა,

დილის რიჟრაჟში უღრანიც არ ჩანს.

ეტყობა – მგელი ვეღარ დაბრუნდა...

სივრცეს ლეკვების ყმუილი ხანჯლავს...

***

სიმღერა საქართველოზე

მოკაშკაშე ცაო,

ზღვაო, ლიცლიცაო.

დათოვლილო მთაო,

მთაო, ქათქათაო,

ჯეჯილო და ტყეო,

სულ იშრიალეო

საქართველოს მზეო,

სულ იგიზგიზეო!

***

ავად გახდა ხუთიანი

ხუთიანი ავად გახდა,

დატრიალებს თავზე ანა.

დაეკარგა სნეულს მადა

და ოთხიანს დაემგვანა.

დასიცხულს და უჭმელ-უსმელს

კითხვის თავი ჰქონდა განა?!

აუწია სიცხემ ისევ,

გადაიქცა სამიანად.

- დავიღუპე, ვაი, დედა! -

აღვარღვარებს ცრემლებს ანა. -

ამ ხუთიანს, როგორც ვხედავ,

უნდა იქცეს ორიანად.

- ალო! - ექიმს უხმობს ანა,

გევედრებით, მოდით მალე!

ავადა მყავს ხუთიანი,

მომირჩინეთ, დამეხმარეთ! -

ჰა, ექიმიც გაჩნდა უცებ,

არ დასჭირდა ფიქრი დიდხანს,

თქვა: - შეჰყრია სიზარმაცე!

- რა მოარჩენს?

- წიგნის კითხვა!

- ჩქარა წიგნი, წიგნი მინდა! -

ანამ ძილში თვალი ჭყიტა.

- აქა ვართო! - მეგობრებმა

გადმოსძახეს კარადიდან.

***

უცნაური კითხვა

ერთი ფიქრი დღე და ღამე

არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს:

- შენ და მამას ნაადრევად

თმაში თეთრი რად გერევათ?

- უცნაური ბიჭი მყავხარ, -

მოღიმარი ამბობს დედა, -

შენ იზრდები, ჩემო კარგო,

ჩვენ ვბერდებით, როგორც ხედავ.

- არა, არა, აბა, გუშინ

რატომ მითხრა მამამ ასე:

- იმდენი თმა გვითეთრდება,

რამდენჯერაც გაგვაბრაზებ!

- მართალია, სწორი უთქვამს. . .

- თუ ასეა, ჩემო დედი,

ეტყობა, რომ ჩვენს ბებიკოს

შენც ძალიან აბრაზებდი.

***

სექტემბერი რას მღერის

ცხრათვალა მზით ნაფერი,

ცხრა მთა გადმონაფრენი,

ლერწამ-ლელის ცხრა ღერით

სექტემბერი რას მღერის?

საგალობელს სწავლისას,

სადიდებელს შრომისას.

არ მოსცდეთო წამითაც,

მზისკენ გიხმობთ შორი გზა!

მაღალ მწვერვალებამდე

სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ

წიგნებს ნაზიარევი

ცოდნის ოქრო ზარები.

ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,

რომ შევუქებთ მარჯვენას,

ზარმაცს ისიც ეყოფა

სირცხვილად და სასჯელად.

ასე წკრიალ-წკრიალით,

ასე ტია-ტიათი

თავს დაგფრენდნენ ფრიალით

ფრთაშესხმული ფრიადი.

ცამ ღრუბელი გაშოროთ,

ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.

სიყვარული სამშობლოს

საქმით უნდა უჩვენოთ!“ - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი