logo_geo
თამარ გაბუნია: გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას
- +

25 ნოემბერი. 2020. 03:04

 

 

„გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას და დაელოდონ ექიმის გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მეორე ტალღის დასაწყისში დაინფიცირდა ძალიან ბევრი მედიკოსი. საბედნიეროდ, ისინი უკვე უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მაგრამ ისინი მაინც ყველა დიდი რისკის ქვეშ არიან.

რაც შეეხება საწოლფონდს, არის 70-მდე კლინიკა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივაა ჩართული პროცესში და გვაქვს 7000-მდე საწოლი. გარდა ამისა, შეგვიძლია ეს რიცხვი 8000-9000 საწოლამდე გავზარდოთ. სულ გვაქვს 12 000 მწვავე მოვლის საწოლი, მაგრამ ნაწილი უნდა დავტოვოთ სხვა პრობლემებისთვის. ოპტიმიზაციის სივრცე კიდევ არსებობს. ის, რომ პაციენტების დიდი რიცხვი დღეს მაინც სტაციონარში მკურნალობს, უნდა შემცირდეს და დანარჩენი პაციენტები დარჩნენ ბინაზე ან განთავსდნენ კოვიდ-სასტუმროში.

ნაკადების მართვა არაა მარტივი. ყოველდღიურად დაახლოებით 1000 პაციენტი ხვდება კლინიკაში და 800-1000 ეწერება. ამ ნაკადის ნაწილი მოდის სასწრაფო დახმარების მანქანით, მაგრამ ნაწილი მიდის თვითდინებით და კლინიკის დონეზე რთულია იმის განსაზღვრა, ვინ არის უფრო მძიმე და ვინ შეიძლება დაყოვნდეს ცოტახნით სასტუმროში.

 ამიტომ გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას და დაელოდონ ექიმის გადაწყვეტილებას. ყველას შეიძლება ჰყავდეს ნაცნობი ექიმი და ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, თუ საავადმყოფოში იქნება, და ვერც ეს ექიმი ეუბნება უარს, მაგრამ ასე ჩვენ ვიკავებთ ადგილს, რომელიც უფრო მძიმე პაციენტს სჭირდება. ამიტომ რაღაც პერიოდი დაგვჭირდება, რათა ნაკადები უფრო ეფექტურად იყოს მართული“ - განაცხადა გაბუნიამ.

 

big_banner
არქივი