logo_geo
„როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს თავაზიანობა“ - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
- +

3 აპრილი. 2017. 00:46



სოციალურ  ნორმებს მშობელი აღზრდისა და ყოველდღიური ურთიერთობების პროცესში უნდა ასწავლიდეს  შვილს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ურთიერთობს  მშობელი შვილთან, როგორ ესაუბრება, რამდენად პატივისცემით ეპყრობა მას და მის სურვილებს. ეს ყოველივე გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე და ამასთანავე, გარკვეულწილად განაპირობებს მის მომავალ ურთიერთობებს როგორც მშობლებთან, ისე  სხვა ადამიანებთან.  თავაზიანობა - ეს არის აღზრდის, ტაქტის, ზრდილობის ერთობლიობა. იმისთვის, რომ ბავშვი თავაზიანი გაიზარდოს, მშობლები აქცენტს აკეთებენ კარგ მანერებზე, ცდილობენ ბავშვს ასწავლონ სიტყვები: „გამარჯობა", „ნახვამდის" , „ მადლობა", „თუ შეიძლება", „გთხოვ" „ბოდიში" „მაპატიე" და ა. შ.  როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს თავაზიანობა - გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან" სტუმარი საგანმანათლებლო დაწესებულების, მანდატურის სამსახურის ფსიქლოგიური მომსახურეობის ცენტრის ფსიქოლოგი, რუსუდან სამხარაძეა.




 ოჯახის როლი...


ფსიქოლოგის თქმით, ოჯახში უნდა შეიქმნას თბილი, მყუდრო, კეთილგანწყობილი ატმოსფერო. ბავშვი ინტუიციით შეითვისებს თავაზიანობასა და პატივისცემას გარშემო მყოფების მიმართ. ძნელი წარმოსადგენია, რომ თავაზიანი, გარშემო მყოფთა მოყვარული ადამიანი იზრდებოდეს ოჯახში, სადაც გამუდმებით ჩხუბი, ყვირილი, გინება, სიცრუე და აურზაურია.


მშობელმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება, პატივი სცეს სხვის გრძნობებსა და სურვილებს. მშობელი უნდა იყოს ბავშვისთვის მაგალითი სხვებთან ურთიერთობის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტრანსპორტში, სტუმრად თუ მაღაზიაში. ნუ დაივიწყებთ, ბავშვი ახდენს თქვენი საქციელის მიბაძვა/კოპირებას, მისთვის მშობელი ეტალონია. ასწავლეთ ბავშვებს, მოექცნენ სხვას ისე, როგორც მათ თვითონ უნდათ, რომ მოექცნენ.




რამდენად ეფექტურია თავაზიანობის  თამაშით სწავლება?

 

ყოველი ჩვენგანისთვის კარგად არის ნაცნობი „ჯადოსნური დამხმარეები" - წიგნები, ზღაპრები, საბავშვო ლექსები, ფილმები და მულტფილმები, აქტივობები და თამაშები თავაზიანობასა და ზრდილობაზე. ბევრ სკოლამდელ დაწესებულებაში ტარდება სპეციალური „ზრდილობის" გაკვეთილები, სადაც თამაშის ფორმატში ბავშვები ეცნობიან ეტიკეტის ძირითად ფორმებს და ახდენენ ამის დემონსტრირებას.

 

„დაუშვებელია ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა: „აბა ახლავე მიესალმე", „უთხარი მადლობა" ან „ბოდიში" , განსაკუთრებით უცხო ადამიანების თანდასწრებით. თუ ბავშვს უჭირს დამოუკიდებლად ამ სიტყვების წარმოთქმა, ესე იგი ჯერ არ არის შინაგანად ამისათვის მზად. სჯობს აუხსნათ ბავშვს, თუ რატომ უნდა მოიქცეს ასე. ასწავლო ბავშვს ზრდილობა, თავაზიანობა - ეს კიდევ ერთი არც ისე ადვილი ამოცანაა მშობლისათვის. ეს პროცესი მოითხოვს უფროსებისგან მოთმინებას, დროს და რაც მთავარია, პირად მაგალითს.  სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები ფიქრობენ, რომ ბავშვები მორალურ ქცევას მოდელირებით - იმ მოზრდილებზე  დაკვირვებით და მიბაძვით (კოპირებით) სწავლობენ, რომლებიც შესაბამის ქცევას ავლენენ. როდესაც ბავშვები ზნეობრივი რეაქციის უნარს იძენენ, შექება მის სიხშირეს ზრდის. მოდელები ყველაზე მეტად სკოლამდელებზე ახდენენ გავლენას. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ გაწყენინათ განზრახ, ან თუნდაც არა გამიზნულად. ბუნებრივია, გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მეხსიერებაში დაგრჩეთ ეს წყენა. ხოლო, თუ  ადამიანი, რომელმაც გაწყენინათ, გულახდილად მოგიხდით ბოდიშს, სავარაუდოდ თქვენ უკეთ იგრძნობთ თავს და თქვენს შორის ურთიერთობებიც ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.  შეცდომის/ბრალის აღიარება და შესაბამისად, პატიება, მოზრდილ ადამიანებს შორის ურთიერთობის მიღებულ ფორმას წარმოადგენს".


ფსიქოლოგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მშობელმა შვილს ბავშვობიდან ასწავლოს საკუთარი შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა. მაგალითად, როდესაც ბავშვი უნებართვოდ იღებს სხვის სათამაშოს ან  უნებურად ხელს კრავს მეორეს, ასწავლეთ ბოდიშის მოხდა. მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი სწავლება არ არის საკმარისი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირველ რიგში, ბავშვი მშობლისგან სწავლობს, აკვირდება მის საქციელს. მშობლის ქცევა მისთვის არის მაგალითი. ამიტომ, როდესაც მშობელი ასწავლის შვილს შეცდომების აღიარებას (პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ საქციელზე), ბოდიშის მოხდას, უპირველეს ყოვლისა, თავად მშობელმა უნდა დაიცვას ეს წესი როგორც შვილთან, ისე საკუთარ მშობლებთან და სხვა  ადამიანებთან მიმართებაში.


ფსიქლოგი მიიჩნევს, რომ მცდარი მოსაზრებაა, თითქოს ბავშვი ვალდებულია ბოდიში მოიხადოს მშობლის წინაშე, როდესაც აწყენინებს მას, ხოლო მშობელს ბავშვის წინაშე  ანალოგიური ვალდებულება არ აქვს. ასევე, მცდარი შეხედულებაა, რომ პატარა ბავშვს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს მშობლის საქციელი და მის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტი. დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, ბავშვისთვის  უკვე  ნაცნობია დანაშაულის განცდა. დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ბავშვი სწავლობს გააზრებული ბოდიშის მოხდას,  ამასთანავე, შესწევს უნარი გაანალიზოს საკუთარი ემოციები.  ამ ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია გაიგოს მშობლისგან მიღებული ბოდიშის მნიშვნელობა.




7 რჩევა რუსუდან სამხარაძისგან:


1. გახსოვდეთ, რომ ის რასაც ბავშვს ასწავლით, უნდა იყოს გამყარებული თქვენივე მაგალითებით; მშობელი არის ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი.


2. ყურადღებით იყავით, როდესაც რამეს პირდებით ბავშვს. მაგალითად, როდესაც საქმეში ხართ გართულები და დაუფიქრებლად, სპონტანურად მისცემთ დაპირებას „კი გიყიდი", „კარგი აიღე", „კარგი წადი", შეიძლება თქვენ ძალიან მალე დაგავიწყდეთ, მაგრამ ბავშვისთვის თქვენი დაპირება ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება მის შესრულებას დიდხანს ელოდოს; ბავშვს მიეცით დაპირება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული იქნებით იმაში რომ შეძლებთ დანაპირების შესრულებას;


3. შეეცადეთ ასწავლოთ ბავშვს შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა, როგორც მოზრდილების, ასევე თანატოლების წინაშე.


4. ბავშვს  მარტივ, გასაგებ ენაზე  უნდა ესაუბროთ.  მაგალითად: „ძალიან ვწუხვარ. ვეცდები გამოვასწორო ჩემი შეცდომა."„დამნაშავე ვარ, რომ არ შეგისრულე  პირობა.მართალია ამჯერად დამავიწყდა, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ ჩემს შეცდომას. ბოდიში, რომ გაწყენინე." „არ მინდოდა შენი წყენინება. გადამავიწყდა  რასაც დაგპირდი.  კარგი იქნება, თუ შემახსენებ."


5. თუ დამნაშავე ხართ, გულწრფელად აღიარეთ შეცდომა და  მოიხადეთ ბოდიში; შესაძლოა თქვენი ბოდიშის შემდეგ, ბავშვს გაუჩნდეს სურვილი გესაუბროთ. ასეთ დროს ყურადღებით მოუსმინეთ მას. შესაძლებელია  ბევრი რამ გაიგოთ მისი განცდების, ემოციების შესახებ. რაც მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თქვენს შორის გახსნილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას;

6. სასურველია შემოიღოთ  წესი, რომ თუ რომელიმე თქვენთაგანი  აწყენინებს მეორეს, აუცილებლად დასხდებით და ისაუბრებთ ამის შესახებ.


7. მშობელი ბავშვთან ერთად იზრდება, სწავლობს, იძენს გამოცდილებას, ცვლის შეხედულებებს და  აღზრდის სტილს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობელსაც აქვს შეცდომის უფლება, მთავარია მისი  დანახვა და გამოსწორება შეეძლოს!


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი