logo_geo
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურებიან
- +

30 ნოემბერი. 2020. 13:45

 

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00 სათიდან 18:00 საათამდე მოემსახურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ.

 

იუსტიციის სახლის სერვისების უმრავლესობა დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა, თუ მოქალაქე ვერ ახერხებს დისტანციურად სერვისებით სარგებლობას ან ისეთი მომსახურება სჭირდება, რომლისთვისაც ადგილზე ყოფნა აუცილებელია, მაგალითად, პირველადი პირადობის ელექტრონული მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის მიღება, მას შეუძლია, მიმართოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.

 

ისეთ გადაუდებელ მომსახურებას, როგორიც არის გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა, მოქალაქე კვირის დღეებში მიიღებს ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

 

რაც შეეხება დაბადების მოწმობას, კვირის დღეებში სერვისი გაიცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

 

ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა შესაძლებელია მოქალაქის პორტალზე MY.GOV.GE. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. მომსახურების მისაღებად მისული პირი შენობებში მხოლოდ პირბადით დაიშვება.

 

იუსტიციის სახლის სერვისების დიდი უმრავლესობა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმისა და მასშტაბური სამუშაოების შედეგია. ელექტრონულად სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE).

 

MY.GOV.GE მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მისთვის საჭირო 200-ზე მეტი სერვისით, ონლაინ რეჟიმში, შინიდან გაუსვლელად. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, აწარმოოს მიმოწერა საჯარო უწყებასთან, დაარეგისტრიროს უძრავი ქონება ნასყიდობის, ჩუქების ან სხვა გარიგების საფუძველზე, განაახლოს ამონაწერი, დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი, გახდეს მესაკუთრე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში და სხვა; ასევე, დისტანციურადაა შესაძლებელი ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმება, ახალ მისამართზე რეგისტრაცია, განაცხადის გაკეთება დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებზე, აგრეთვე, განმეორებით ბიომეტრიულ პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე; ხოლო მზა დოკუმენტებს მომხმარებელი ფოსტით მიიღებს.

 

MY.GOV.GE-ს საშუალებით შესაძლებელია, აგრეთვე, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისით სარგებლობა, საარქივო ცნობების გამოთხოვა და იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვა, 200-ზე მეტი ონლაინ სერვისის მიღება. დისტანციური სერვისების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (ელექტრონული მისამართი: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი