logo_geo
პოეტი ენვერ ნიჟარაძე 74 წლის გახდა
- +

2 დეკემბერი. 2020. 14:57

 

 

დღეს, 2 დეკემბერს, 74 წლისა გახდა ენვერ ნიჟარაძე - პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე, პოლიტიკოსი.

 

დაიბადა 1946 წელს, ლენტეხში. 1964 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 23-ე საშუალო სკოლა. 1964-1966 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელთა გუნდში.

 

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა რედაქციებში - ჟურნალ „ცისკარში“, ალმანახ „განთიადში“, მწერალთა კავშირში, რადიო-ტელე კომიტეტში.

 

1982-1988 წლებში იყო ჟურნალ „დილის“ მთავარი რედაქტორი, 1988-1991 წლებში კი - მწერალთა კავშირის მდივანი.

 

1991 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ. სახელმწიფო გადატრიალებისა და ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1995 წელს იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად წასულიყო ემიგრაციაში - გერმანიაში, სადაც  19 წელი გაატარა. 2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში. ენვერ ნიჟარაძემ ემიგრაციამდე გამოსცა ლექსების, პიესების, მოთხრობების რამდენიმე კრებული. ემიგრაციიდან დაბრუნებულმა, 2014 წელს  წიგნად გამოსცა ფუნდამენტური ვრცელი გამოკვლევა-ლიტერატურული მონოგრაფია „გრიგოლ AVALON რობაქიძე და ორი „წიგნაკის ერთი საიდუმლოება“.

***

ენვერ ნიჟარაძე

უნდა გამოვტყდე

თუ მართლა ეშმაკს

გვაახლოვებს

ცოდვა ყოველი,

იმ ქვეყნად ალბათ,

ჯოჯოხეთში

ტანჯვა მომელის,

მაგრამ ზოგ-ზოგებს

რომ ვუყურებ,

უნდა გამოვტყდე,

არც ისე შორი

მეჩვენება

უკვე სამოთხე.

***

საქართველო

ეს მე ვარ, მე ვარ, ვარ საქართველო,

აღზევებული აწ და მარადის,

თუმც გაყიდული და გულმოკლული

ასჯერ კრწანისით, ასჯერ მარაბდით.

თუმც დანგრეული, მაინც ამაყი,

მაინც ძლიერი ხანგამოშვებით,

რეკდნენ ზარები და ჩალისფერი

კვლავ ტკაცუნებდნენ ჩემი დროშები.

რეკდნენ ზარები და ვმაღლდებოდი

კვლავ ციხეებად და გუმბათებად

და მოდიოდა დიდი დავითი

და ამოღებულს ჰგავდა სატევარს.

და მოდიოდა ბრძენი თამარი

სიკეთედ მოყვრის და მტერთა რისხვად,

მაშინ ივარგა, თუკი ოდესმე

მართლა ივარგა ქართულმა სისხლმა...

მერე მეძინა მე სამასი წლის

გარდაუვალი ლოდინით დაღლილს...

და მაინც ცოტნემ ჩემი გულისთვის

შიშველ სხეულზე წაისვა თაფლი.

ამბოხებული ბიჭების გვერდით

დაწვა, დიდ საქმეს არ უღალატა;

მე ახლაც ვხედავ შორს, ისპაჰანში,

თავმოკვეთილი ფეთქავს პაატა.

ეს მე ვარ, მე ვარ, ვარ საქართველო,

სულ მჭირდებოდა მე ქუდზე კაცი

და ვივსებოდი გლოვით და ცრემლით,

ცრემლით და ბოღმით, ბოღმით და ნაცრით.

მოჭრილ მკლავივით მტკიოდა მიწის

მიტაცებული ყველა მტკაველი,

მაინც ვცოცხლობდი, რადგან მე მყავდა,

გურამიშვილი და რუსთაველი.

მაინც ვცოცხლობდი, რადგან მე მყავდა

საბა-სულხანი, მყავდა ირაკლი,

მათი დიდების შუქს დღეს მშობლიურ

მუზეუმების სითბო ირეკლავს.

მისთვის დავარქვი გელათს გელათი,

ჟინვალს - ჟინვალი, არაგვს - არაგვი,

მისთვის მეჭირა ხელში მახვილი,

მემოსა ჯაჭვი და მუზარადი,

რომ არასოდეს ახალთან ერთად

არ შეწყდეს ჩემი სიმღერა ძველი.

რაღაა იგი სინათლე, ღმერთო,

სინათლე, რასაც თან ახლავს ბნელი,

და თუ გიყვარვართ, ბოლოს და ბოლოს

მე სიყვარული მინდა ნამდვილი,

რადგან სამშობლო ერთია მხოლოდ

და არ იცვლიან მას პერანგივით.

და მიდის ჟამი, ინგრევა ძველი,

იხსნება ქვეყნად ყველა ქარაგმა,

მაგრამ ვერასდროს ვერავინ შესძლებს

თქვენი ამაყი ჯიშის ალაგმვას,

სანამდე ძალა ქართული სიტყვის

და ბრწყინვალება ირგვლივ იღვრება,

არ დამთავრდება, არ დამთავრდება,

არ დამთავრდება დიდი სიმღერა!

მე მიხარია, დღეს როცა ვხედავ

თქვენს ნაჯაფ ხელებს და ხარის კისრებს,

არ დაგავიწყდეთ, ჩემი თვალებით

წიწამურიდან ილია გიმზერთ,

ჩემი თვალებით, ცისფერ თვალებით,

უზენაესი მსაჯული გიმზერთ;

მე ვადღეგრძელებ თქვენს ნათელ მიზნებს

და ჩემთვის აწ რომ გაკვალავთ, იმ გზებს.

და თუ გიყვარვართ, ბოლოს და ბოლოს

მე სიყვარული მინდა ნამდვილი,

რადგან სამშობლო ერთია მხოლოდ

და არ იცვლიან მას პერანგივით!

***

ტკბილო ტიციან

მე ქვეყანაზე ერთხელ მოვედი

და მინდა მისთვის თავი გავსარჯო,

ხოლო როგორი ვიყავ პოეტი,

ეს დრომ და კიდევ ხალხმა განსაჯონ.

დიდების მახრა არ შემჩენია,

საკუთარ ლექსებს მშვიდად ვუყურებ,

მშვენივრად ვიცი, არ ვარ გენია,

იქნებ ვერც გავცდე ჩემს საუკუნეს.

ბევრ უღირსს დაფნით ადრეც ვამკობდით,

ბევრს ყალბი პოზა დღესაც უხდება,

ჩავხედავ შენს წიგნს და დანაკოდი

გული ცრემლებად ამოდუღდება.

განა სულ ვარდი დარგო წარსულმა,

ბევრმა სტრიქონიც კი ვერ გამართა.

მაგრამ შენს ლექსში სიტყვამ ქართულმა

თავადურ ეშხით გაინავარდა.

გაზაფხულის მზე ქედებს აკვდება,

ირემი ირემს უხმობს ბღავილით,

ვაი, რომ უკვე არ აყვავდება

უღვთოდ დამჭკნარი შენი ყვავილი.

თუ რამ ავი გვჭირს, ისევ ჩვენგანვე,

თუ ვინმე გაგვცემს, ისევ მოყვასი,

ჰგავს საქართველო ამით ესპანეთს

და შენი ბედიც ბედს ჰგავს ლორკასი.

მაშ, ერთ წელს ჭირი ვინ დაანათლა

აქეთ ივერებს, იქით იბერებს

და ენატრება შვილი გრანადას,

და ენატრება შვილი იმერეთს.

დარდით მოკლული და დაყურსული

ჟამი-ჟამ ისევ შენს წიგნს მივწვდები,

მიმზერ ბავშვივით ტუჩგაბუსხული

და ვიცი, ვიცი, რაზეც მიწყრები.

რომ ვერ ჩავიცვი რკინის წაღები

და ვერ დავყევი უცხო ტრამალებს,

რომ ვერ მივაგენ სისხლით დაღებილ

და გადაკარგულ შენს ცივ სამარეს.

იქნებ არც გერგო მიწა დამზრალი

და მშიერ მგლების გახდი საკბილო,

მინდა ეს გული ბოღმით გამსკდარი

უცხო სივრცეებს გადავაკივლო.

შენ უნდა ბინად გქონდეს მთაწმინდა

და ვაშლი გულზე ყვავილს გაყრიდეს,

როგორ ეგონათ მათ, ვინც გაგწირეს,

რომ შენთან ერთად ლექსიც დახვრიტეს.

არა, არ შეწყდა შენი სიმღერა,

მიმქრალი ცეცხლი უფრო გაჩაღდა,

ამ ლექსებიდან მზე რომ იღვრება,

ეგ შენი გულის მზეა ჩახჩახა.

სიტყვაა, კლდისგან გამონათალი,

კახო, ნატანჯო და ბედდამწვარო,

მინდა ჩემს შვილებს შენი მართალი,

გაუხედნავი ლექსი ვასწავლო.

სხვა კი, რას ვუზამ ნაღველს გალესილს,

მოძმე იგლოვო, ესეც ნიჭია,

ჩემს გულს ვიოხებ, თორემ ამ ლექსით

შენ რას შეგმატებ, ტკბილო ტიციან.

***

რა სიმშვიდეა, ქალბატონო...

რა სიმშვიდეა, ქალბატონო, რა სიმშვიდეა,

ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული,

თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან,

მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული.

მოლისფერ ტბაში გამოცურდნენ თეთრი გედები

და დაიწინწკლა ზეცის სარკე სისხლის მარჯნებით,

მაშინ უფლისწულს და დედოფლის გვირგვინს ეძებდით

და მოკვდავთაგან ვეღარავის ვეღარ ამჩნევდით.

ის თქვენს ქუჩაზე დადიოდა სახით მწუხარით

და თოვლში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრში თბებოდა,

სულ ერთი სიტყვა, სიტყვა მაინც რად არ უთხარით,

გეთქვათ და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოგყვებოდათ.

ო, რატომ მისი გულის ფეთქვა არ მოისმინეთ,

რად არ იხილეთ მშვენიერი მხარე - ლამანჩა,

სადაც ცხოვრობდა და ებრძოდა ქარის წისქვილებს

და არაფერი ლექსის გარდა სხვა არ გააჩნდა,

კი იყო, იყო დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი,

მაგრამ წარსული გრიგალებმა თოვლში დამარხეს,

ნუთუ თქვენ ტირით, ქალბატონო, არა, ცრემლები

სულ არ შეშვენის თქვენს ღირსებას და სიამაყეს.

ახლა დაგნათით მილეული მთვარე თითბერის,

გობელენებზე მოიწყინეს თეთრმა ვარდებმა,

მთელი სამყარო იფარება თოვლის ფიფქებით,

არც თქვენ და არც მას აღარავინ შეგიყვარდებათ.

ხომ არ შეგცივდათ, ქალბატონო, ხომ არ შეგცივდათ,

წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა,

ჩამოდის თოვლი, განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან,

ჩამოდის თოვლი, იბინდება და სიმშვიდეა.

***

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ

და მოგვადგება კარზე ზამთარი...

შორს მოლოდინით გათანგულ ხეებს

წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის...

მე ვფიქრობ შენზე დიდი ხნის მერე

ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს...

გთხოვ, მაპატიო, რომ ვერაფერი

ვერ ავასრულე, რაც დამარიგე...

ამბოხებული დაცხრნენ ვნებები,

მუქდება ღამე, ჩაქრა დაისი...

გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას

რომ ბედისწერა უცდის თავისი...

თავისი წილი მზე და იმედი,

თავისი წილი ცა და ოცნება,

სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ

უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება...

მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან

ვერ ავიყოლე სული ნაგვემი,

ბედნიერება ჩემი წილხვედრი

კუზიანია, როგორც აქლემი....

მე, როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან

ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის,

და გზად ამოსულ ყველა ეკალზე

ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი...

მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ

მაინც მოვედი აგერ შენამდე,

ზამთარი მოდის, გთხოვ შემიფარე

პირველ მერცხლების შემოფრენამდე...

მე მოგიყვები ამდენი ხანი

საით მატარეს ფრთებით ლექსებმა.

სხვაგან ვერ წავალ, შენს გარდა ახლა

მე ალბათ არსად არ მიმესვლება...

შენ ერთადერთი იყავი ქვეყნად

ვინც არ ელოდა ჩემგან არაფერს,

მეც არაფერი არ მინდა შენგან,

ოღონდ წარსულზე მელაპარაკე...

მაგრამ სხვებივით თუ მომიძულე,

თუ დაივიწყე ჩემი პროფილი,

მე დავბრუნდები კვლავ ნირვანაში-

როგორც ციხეში უარყოფილი...

შევურიგდები ბედს, თუმცა ზოგჯერ

მაინც დანისლავს თვალებს სისველე,

რადგან შენს შემდეგ მე ამ ქალაქში

ვიცი არავინ არ გამიხსენებს...

***

დაბრუნება

ჩემი სიტყვების საგანძურიდან

ყველაზე ძვირფას სიტყვას მოგიტან,

ის იბადება ტანჯვის მორევში

ისე, ზღვის ქაფში ვით აფროდიტა.

ის შემოდგომის ცაზე გაკრთება,

როგორც მირაჟი, ანდა ზმანება

და იგი, ალბათ, ჯერ შენთვის ნათქვამ

არავის სიტყვას არ ემგვანება.

ყველა დროში და ყველა ავდარში,

ამ სიტყვას სულში ფრთხილად ვარწევდი,

საოცარია, ამდენი ხანი

ანკი უთქმელად როგორ გავძელი.

იქნებ იმიტომ, შენკენ მარები,

რომ გრიგალებმა ბევრჯერ დამცადეს

და სულს ვითქვამდი ფრენით დაღლილი,

ვით ალბატროსი - გემის ანძაზე.

მე მოვიხადე ყველა სახადი,

რაც კი არსებობს, თითქმის უკლებლად,

და ბოლოს, მივხვდი, თურმე უშენოდ

არა აქვს აზრი თავისუფლებას.

და მე ვბრუნდები, ჩემს ცოდვილს მზერას

სამარადისოდ შენზე ვაჩერებ,

შენ კი ან კალთა გადამაფარე,

ან მომიკვეთე და შემაჩვენე.

big_banner
არქივი