logo_geo
ნორვეგიამ NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
- +

2 დეკემბერი. 2020. 18:27

 

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ის პირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა. ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებით, პრინტერებითა და „მოტოროლას“ რადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია NATO-საქართველოს 2022 წლის სწავლების დაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის.

 

JTEC-ის შტაბში გამართულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელენ სენდ ანდერსენი დაესწრნენ. კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, JTEC-ის NATO-სა და პარტნიორი ქვეყნების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი კენეტ ბაკენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.

 

ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა JTEC–ის ჩამოყალიბებასა და დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციაში დასახული მიზნის მიღწევაში - გამხდარიყო მოწინავე ცენტრი როგორც წვრთნების, ისე შეფასების მიმართულებით საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით.

 

 

 

big_banner
არქივი