logo_geo
რა სამუშაოები ეკრძალებათ 18 წლამდე ასაკის პირებს - მინისტრის ბრძანება
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:44

 

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომელთა შესრულებაც 18 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

 

არასრულწლოვნისთვის მძიმე სამუშაოდ ითვლება სამუშაო პროცესი, რომელიც ხასიათდება ფიზიკური და დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით. ეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა).

 

მავნე სამუშაო - რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებით ან მუდმივი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადების სიხშირე, საფრთხე შეუქმნას შთამომავლობის ჯანმრთელობას.

 

საშიშპირობებიანი სამუშაო - საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი.

 

მსუბუქი სამუშაო - ყველანაირი სამუშაო, გარდა წარმოებაში მუშაობისა, რომელიც დავალებების ხასიათის და პირობების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან განვითარებას, არ შეაფერხებს განათლებას, სკოლაში დასწრებას, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.

 

დამსაქმებელს ეკრძალება არასრულწლოვნის დასაქმება ისეთ სამუშაოზე, რომელიც, მისი შესრულების ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მძიმე, მავნე, ან საშიშპირობებიანი და უზღუდავდეს არასრულწოვანს განათლების მიღების შესაძლებლობას, ან საზიანო იყოს მისი ჯანმრთელობისთვის, ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, სოციალური განვითარებისათვის.

 

18 წლამდე ასაკის პირისთვის (არასრულწლოვანი) აკრძალული სამუშაოები:

 

➖ კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშაოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით

 

➖ მუშაობა 5 მეტრზე მეტ სიმაღლეზე

 

➖ ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის აწევა და გადატანა.

 

➖ იმ სამუშაო გარემოში, სადაც საშუალო ტემპერატურა 30°C- ს აღემატება

 

➖ იმ სამუშაო გარემოში, სადაც საშუალო ტემპერატურა 6°C-ზე დაბალია და სამუშაო გულისხმობს განმეორებით შესვლას ან ასეთ გარემოში ერთ საათზე მეტი ხნით ყოფნას.

 

➖ მყარ (საბადოები), თხევად (ნავთობი) ან აიროვან (ბუნებრივი აირი) მდგომარეობაში მყოფი ბუნებრივი მინერალების მოპოვებასთან დაკავშირებული სამთო და გადამამუშავებელი სამუშაოები

 

➖ მძიმე და მიწისქვეშა შრომით აქტივობებთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ ნებისმიერი მშენებლობა

 

➖ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ საგანგებო შემთხვევებში სამაშველო ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ სამუშაოები, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია იარაღისა და მათი კომპონენტების, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ფეიერვერკების, საზოგადოებრივი წესრიგის და სპეციალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი მოწყობილობების წარმოებასთან, ტესტირებასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან, ვაჭრობასთან და რეკლამასთან

 

➖ ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ სამუშაოების ჩატარება ბუნებრივი განათების არმქონე უსარკმლო და გაუნათებელ სათავსებში, ასევე სათავსებში, სადაც ჟანგბადის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია

 

➖ მგზავრთა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოები (მატარებლის და სხვა საშუალებების მემანქანე/მძღოლი, კონტროლიორი, დაცვის თანამშრომელი, ინსპექტორი, გამცილებელი)

 

➖ ინფიცირებულ და ფსიქიკურად დაავადებულ პირთა მოვლასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ სამრეწველო კერამიკის და მინის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ტყვიის შემცველი ნაერთების გამოყენებით;

 

➖ ბეჭდვასთან დაკავშირებული სამუშაოები ტყვიის შემცველი ნაერთების გამოყენებით

 

➖ რეზინის და პლასტმასის პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ ნარკოტიკული ნივთიერებების და მათი შემცველი მცენარეების გადამუშავება-შენახვასთან, წარმოებასა და მარკეტინგთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ დაკრძალვის სერვისების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოები, გარდა გვირგვინების დამზადების, სამგლოვიარო ლენტების მომზადებისა და მსგავსი მსუბუქი სამუშაოებისა

 

➖ სამუშაოები საზოგადოებრივ ტუალეტებში

 

➖ ცხოველების ხელოვნურ მოშენებასა და შეწყვილებასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ სამუშაოები პენიტენციურ დაწესებულებებში

 

➖აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ ეროტიკული და პორნოგრაფიული საგნების წარმოებასთან, გაყიდვასა და დემონსტრირებასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ ცხოველებისა და შინაური ფრინველების სასაკლაოსთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ მიუსაფარი ცხოველების დაჭერასთან და სხვა მასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ სამუშაოები ანესთეზიის, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (პალატებში)

 

➖ მიწის ქანების ჩამოშლასა და ზვავის წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამთო სამუშაოები და მუშაობა კარიერებზე

 

➖ ალკოჰოლური სასმელების წარმოებასთან, ტესტირებასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖ სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი საშიში ნივთიერების ზემოქმედებასთან, როგორიცაა ტყვია, აზბესტი, სილიციუმი, ქვანახშირი, ასევე საწარმოო მტვერი ან გათხევადებული აირები

 

➖ ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამუშავებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია

 

➖ ხის დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები, წრიული ხერხებით ან ჯგუფური ხერხებით დასაჭრელებით მუშაობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია

 

➖ თევზისა და თევზის პროდუქტების გადამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებული სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია

 

➖ თამბაქოს ნაწარმის წარმოებასთან, ტესტირებასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან, ვაჭრობასა და რეკლამირებასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

➖სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული სამუშაოები (ხეების ჭრა, გაშლა, დაშლა, დატვირთვა და გადმოტვირთვა), შეშის ხერხვა და დაჭრა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი