logo_geo
„ჩემი შვილები შიმშილით დაიხოცებოდნენ“ – ემიგრანტი ქალების შრომა
- +

4 დეკემბერი. 2020. 00:23

 

 

„საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა“ — ეს არის კვლევა, რომელიც “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” თბილისის ოფისის მხარდაჭერით ჩაატარა მკვლევარმა მერი ჩაჩავამ, კველვის ხელმძღვანელი კი მაია ბარქაიაა. კვლევის მთავარი მიზანი იყო ქალთა გამოცდილებების გაზიარება და იმის ჩვენება იყო, თუ როგორ აისახება შრომითი მიგრაცია ქვეყანაში უკან დაბრუნებული ქალების საშინაო თუ შრომით ურთიერთობებზე.

 

„მე თვითონ ძალიან სიღარიბეში გავიზარდე და არ მინდოდა, რომ ჩემს შვილს იგივე გზა გაევლო“ – ასე აღწერს ერთ-ერთი ემიგრანტი ქალი იმ მიზეზებს, რომლის მან სამუშაოდ უცხო ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა.

 

„ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება არ არის ცალსახად თავისუფალი არჩევანი, არამედ ეს არის სტრუქტურულად გამოუვალ მოცემულობაში, ოჯახის ეკონომიკური გადარჩენის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ემიგრანტი ქალებისგან გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს.

 

ემიგრაციის შედეგად ქალებს ნამდვილად ჰქონდათ დათვლადი მიღწევები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ოჯახებში შეამცირა სიღარიბის დონე, მაგრამ ვერ უზრუნველყო ამ ოჯახების და, განსაკუთრებით, თავად ემიგრანტი ქალების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

 

კვლევაში სულ 10 ქალი მონაწილეობდა, რომლებთანაც სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა. ამ ინტერვიუების დროს ქალებმა თავიანთი გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ისტორიების შესახებ ისაუბრეს. უმეტესობა მათგანი მიუთითებს ეკონომიკურ სირთულეებზე – „სხვა გამოსავალი არ მქონდა, ჩემი შვილები აქ შიმშილით დაიხოცებოდნენ“.

 

წასვლის მიზეზებზე საუბრისას ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ კვლევაში მონაწილე ათივე დაბრუნებული ემიგრანტი ქალი, პირველ რიგში, საუბრობს როგორც დედა და აღნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი საჭიროებებისთვის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.

 

კვლევის ავტორი, მერი ჩაჩავა ნაშრომში წერს, რომ ყველა რესპონდენტი ემიგრაციაში ყოფნის დროს ბავშვთან ან მოხუცთან მუშაობდა და ასრულება და ე.წ. ზრუნვის შრომას. თუმცა, ემიგრაციაში წასვლამდე ეს „ზრუნვის შრომა“, იგივე შინშრომა, მათთვის არა ანაზღაურებადი სამსახური, არამედ ყოველდღიურობა იყო საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ.

 

ქალების ისტორიებს შორის აღსანიშნავია ისიც, რომ მათი წასვლის შემდეგ შინ შრომა ოჯახებში ისევ ქალებმა გადაინაწილეს – უმეტეს შემთხვევაში შვილებზე ზრუნვა ბებიებმა აიღეს თავის თავზე, ორ შემთხვევაში უფროსმა შვილებმა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – მამამ.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელზეც კვლევის ავტორი მიუთითებს ქალების ემოიციურ ბმაა ოჯახის მიმართ. რესპონდენტები ყვებიან, რომ ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, მათ არათუ შეუმსუბუქდათ საშინაო საქმეები, არამედ პირიქით:

 

„რესპონდენტების ისტორიები აჩვენებს, რომ ემიგრაციაში წასვლით მათ არათუ შეუმსუბუქდათ საშინაო საქმეები, არამედ პირიქით, ორმაგი ზრუნვის შრომაში ჩაერთვნენ – ერთი, დისტანციურად საკუთარი ოჯახისთვის და მეორე, ფიზიკურად ადგილსამყოფელ ქვეყანაში. თუმცა, რესპონდენტების მიხედვით, ვირტუალური ურთიერთობა ვერ ცვლიდა ფიზიკური სიახლოვის ინტიმურობას“.

 

დისტანციური ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალური იყო იმ დედებისთვის, რომელთა შვილები პატარა ასაკის იყვნენ (10 წლამდე) მაშინ, როდესაც მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ქალები ამბობენ, რომ მათ „შვილების დატოვების“ დანაშაულის შეგრძნება ჰქონდათ – „გარდატეხის ასაკში ჩემი შვილების გვერდით რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ასე ადრიანად, 15-16 წლის ასაკში არ დაოჯახდებოდნენ,“ – ამბობს ერთ-ერთი.

 

„აქ, ქუჩაში ჩემი შვილების ტოლა ბავშვებს რომ ვხედავდი, ტირილს ვიწყებდი. ეს მონატრება იმ ბავშვზე გადამქონდა, ვისაც ვუვლიდი, მაგრამ თან ძალიან ვცდილობდი, რომ არ შემყვარებოდა და ეს ზრუნვა მხოლოდ სამსახურად აღმექვა, ვიცოდი, მერე დატოვება გამიჭირდებოდა“.

 

 

 

ინტერვიუებმა ასევე აჩვენა, რომ ემიგრანტი ქალები თავიანთი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ოჯახებში აგზავნიდნენ, და თავიანთვის 30-50 ევროს ფარგლებში იტოვებდნენ.

 

ქალები ოჯახებზე საუბრობდნენ მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში დაბრუნების პერსპექტივებს განიხილავდნენ. კვლევიდან ჩანს, რომ დაბრუნება მათ შორის იშვიათად ხდება, ვინაიდან, ოჯახი დამოკიდებული ხდება მათ გზავნილებზე. თავის მხრივ, ოჯახის საჭიროებები სულ მატულობს, რასაც ზოგჯერ, ოჯახის წევრების მხრიდან ემიგრანტი ქალების მიუღებლობაც ემატება:

 

„ჩემი მეგობარი 25 წელი იყო საბერძნეთში და ყველაფერი გაუკეთა ოჯახს. 75 წლის ასაკში გადაწყვიტა დაბრუნება და შვილმა უთხრა – მოსავლელი რომ გახდი, მერე ჩამოდიო?! ადგა რამდენიმე თვეში და ისევ საბერძნეთში წავიდა“

 

„წამოსვლა რომ გადავწყვიტე, სხვა ემიგრანტები მეუბნებოდნენ, იქ რა დაგრჩენიაო, მაგრამ მანჰეტენის და ოკეანის ხედებს მირჩევნია, აქ დამპალოს სასაფლაოს ვუყურო სამზარეულოს ფანჯრიდან, მაგრამ ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო“.

 

ქვეყანაში უკვე დაბრუნებული ემიგრანტები კი ცალკე არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ, მათ შორის, ეკონომიკურზეც და ემოციურზეც. ასე მაგალითად:

 

„თუ ყოველთვის მეტი და მეტი გინდა, ვერასოდეს დაბრუნდები უკან. იქ 3 000 დოლარზე ვმუშაობდი და ახლა 400 ლარზე ვმუშაობ, მაგრამ ტრაგედიას არ ვქმნი. ყოველ ღამე ჩემი შვილის სუნთქვის მოსმენა ყველაფერს მირჩევნია“

 

„ჩემს შვილს ისევ ბავშვად აღვიქვამდი, მინდოდა საბანი გამესწორებინა, მოვფერებოდი, შენიშვნა მიმეცა, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი ძალიან უცხო და უკვე უხერხულიც იყო”.

 

„მიგრაცია დინამიკური პროცესია, სადაც ჩართულია როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები სახელმწიფოს ინდივიდები. ამ ჯაჭვის მთავარი რგოლი კი ემიგრანტი ქალია, რომელიც სამშობლოში მყოფი ოჯახისთვის ძირითადი ფინანსური გარანტია, მასპინძელი ოჯახისთვის კი – ზრუნვისა და სიყვარულის მთავარი მიმწოდებელი. კვლევაში მონაწილე დაბრუნებული ემიგრანტი ქალების მაგალითები საშინაო შრომის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ ღირებულებას აჩვენებს,“ – ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში.

 

და „ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში ემიგრანტი ქალები სახელმწიფოს უფუნქციობით გამოწვეულ კრიზისს გაუმკლავდნენ და თავის თავზე აიღეს ოჯახების კეთილდღეობის ფუნქცია. თუმცა, შრომით მიგრაციაზე და, განსაკუთრებით, მის ფემინიზაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ 90-იანი წლების შედეგი, არამედ მიმდინარე პროცესია, სადაც გაღარიბების მაღალი რისკის და, პარალელურად, გლობალურ ჩრდილოეთში იაფ მუშახელზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ჩვენ, ყველანი პოტენციური ემიგრანტები ვართ”

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი