logo_geo
თამარ გაბუნია: როდესაც ადამიანს რამე აწუხებს, მაშინვე ოჯახის ექიმთან მიდიოდეს, ამისი კულტურა ჩვენთან ჯერ არ ჩამოყალიბდა
- +

29 დეკემბერი. 2020. 20:12

 

 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონაპანდემიამ ჯანდაცვის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები გამოავლინა და ეს, უპირველეს ყოვლისა პირველადი ჯანდაცვის სისტემაა.

 

როგორც გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა,  საქართველოში უკვე 25 წელია პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბარი მიდის, მაგრამ ის, რომ ოჯახის ექიმი პირველი დონის კონტაქტი ყოფილიყო და მოსახლეობას პირველი პრობლემისთანავე მისთვის მიემართა, ამის კულტურა ქვეყანაში ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და შესაბამისად, ამისთვის ტექნიკური მექანიზმებიც გამართული არ ყოფილა.

 

„როდესაც ეპიდემია იწყება, პირველი დარტყმა მოდის პირველად ჯანდაცვაზე - ესაა ოჯახის ექიმი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური და ძალიან დიდ დატვირთვას გაუძლო ორივემ. აქ გარკვეული გამოცდილება არსებობდა გრიპების ეპიდემიის გადატანის პროცესში და ჩვენ ეს მოდელი მაშინვე განვავითარეთ, თუმცა ოჯახის ექიმს, რომ მაშინვე ჰქონოდა ამისი რესურსი, რომ პირველი დარტყმა თავის თავზე აეღო, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა დასჭირდა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყანაში დიდი ხანია მცდელობის პროცესშია. მე ჩემი თავი ჯანდაცვის სისტემაში 30 წელზე მეტია მახსოვს და აქედან 25 წელია პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ის, რომ ოჯახის ექიმი პირველი დონის კონტაქტი იყოს და ადამიანს, როდესაც რამე აწუხებს, ოჯახის ექიმთან მაშინვე მიდიოდეს, ამისი კულტურა ჩვენთან ჯერ არ ჩამოყალიბდა და არც შესაბამისად ტექნიკური მექანიზმები მაინც და მაინც გამართული ამისთვის არ არის. ამიტომ, როდესაც ტალღამ ძალიან მოიმატა, ჩვენ ბევრი განმარტება გვჭირდებოდა, იმის ასახსნელად, რომ ოჯახის ექიმია ის პროფესიონალი, სადაც უნდა მივიდეთ, ამიტომ იყო ზარები 112-ში და გადაიტვირთვა 112, რადგან ასეთი ჩამოყალიბებული სახე, რომ ოჯახის ექიმი და პირველად ჯანდაცვა აუცილებლად კარიბჭეა ჯანდაცვის სისტემაში, არ იყო.

 

სისტემურ პრობლემებს პანდემია ასე სწრაფად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა დამატებითი დამხმარე მექანიზმები იმისთვის, რომ ეს სისტემური პრობლემები ყოფილიყო დაბალანსებული და ეს ხარვეზები აღმოფხვრილი. ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებით შექმნა ონლაინ კლინიკა, იმისთვის, რომ ოჯახის ექიმებისთვის გაეწია დახმარება და დიდი დატვირთვა თავის თავზე აეღო,“- განაცხადა გაბუნიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი