logo_geo
თბილისში საახალწლო გალაკონცერტი პანდემიის გამო დღეს მაყურებლის გარეშე ჩატარდება
- +

31 დეკემბერი. 2020. 11:25

 

 

პანდემიის გამო დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. წელს პირველად, დედაქალაქის მოსახლეობას საახალწლო კონცერტზე დასწრების საშუალება არ ექნება და მისთვის თვალყურის დევნება ტელეეკრანებიდან შეეძლება. საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება.

 

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, საახალწლო გალაკონცერტი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება, სადაც შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებსა და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება.

 

გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან.

 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული დაწესებული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩაერთვებიან.

 

საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან. მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილია.

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მაქსიმალურად შეეცადნენ, ესტრადის ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული საახალწლო ღონისძიებებში. ამასთნ, როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საახალწლო გალაკონცერტი სატელევიზიო ეთერით იყოს გადაცემული.

 

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში. მხედველობაში მაქვს პანდემია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა, ეს ომი არ მოგვიგია. იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული. ყველა ტელევიზიას ექნება შესაძლებლობა, რომ გააშუქოს, სიგნალი იქნება გაშვებული“ , - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი