logo_geo
88 წლის მხატვარი, რომელიც ორ სალამურზე უკრავს და არიებს მღერის…
- +

1 იანვარი. 2021. 13:15

 

 

 

ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში დაიბადა. ხატვის ნიჭი ადრეული ბავშვობიდან დაჰყვა.

შემდეგ იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია დაამთავრა. პარალელურად, მუსიკის ნიჭიც აღმოაჩნდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც სწავლობდა.

1975-1980 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ოლიმპიადაში. პერსონალური გამოფენები მოეწყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში, ასევე საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში.

მისი ნამუშევრები საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამოიფინა. მოხატა ორი პანო ალექსანდრე მაკედონელზე.

კასპში, უშანგი მოსიაშვილის მიერ დაფუძნებულ სამხატვრო  გალერეა- მუზეუმში მისი ასზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი, რომელიც საქართველოს ისტორიას, ქართველი მეფეების ბრძოლასა და ცხოვრებას ასახავს.

მრავალი წიგნის, მათ შორის საბავშვო წიგნების ილუსტრატორია. – საქართველოს დამსახურებული მხატვრის, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატის ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილის პერსონა.

 

– ფეხზე არ დავდიოდი, უკვე ვხატავდი… სკოლიდან დაბრუნებული უფროსი დები რომ გაშლიდნენ მაგიდაზე სახატავ რვეულებს და ფანქრებს, ავძვრებოდი მაგიდაზე, მოვიკალათებდი და იქიდან ვუყურებდი… რამე რომ არ მომეწონებოდა, წავართმევდი ფანქარს და შევუსწორებდი… უხაროდათ, მოსწონდათ ჩემი დახატული…. სკოლაში ჯერ არ დავდიოდი, მაგრამ უკვე ვხატავდი და თანაც წარმატებითაც.

 

ხაშურის რაიონის ულამაზეს სოფელ სავანისუბანში დავიბადე. მამა მედოლე იყო, შესანიშნავად მღეროდა, მიპატიჟებას ვერ აუდიოდა და დიდ პატივში იყო, დედაჩემი ქარგავდა, სასწაული ხელი ჰქონდა, ვგიჟდებოდი, ისეთ რამეებს აკეთებდა.

 

ჯერ სკოლაში არ დავდიოდი, მასწავლებლებმა რომ გაიგეს, ხატვის ნიჭი მქონდა,  ჩემს გასაცნობად მოვიდნენ. ამოვიდნენ რიონული გაზეთიდან კორესპონდენტები,   შემეშინდა აპარატის და დავიმალე. დედაჩემი ესაუბრა ჩემ მაგივრად.

 

იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ… სხვადასხვა ადგილას მუშაობდით… ახალი ტრამვაის მოდელის ავტორი ხართ…

 

– სამხატვრო კომბინატამდე, ესთეტიკის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში მთავარ მხატვრად ვმუშაობდი. კონსტრუქტორებთან ერთად ვადგენდით გეგმებს და მთელ საბჭოთა კავშირს ვემსახურებოდით, სამშენებლო ფორმა იქმნებოდა, მერე ნაწარმს ისინი უშვებდნენ…  რამდენიმე ნაწარმის ფორმის ავტორი მეც ვარ. სადღა არ არის ჩემი ნამუშევრები – კიევში, ლენინგრადში, ვოლგოგრადში…

 

ფუნიკულიორის აღმართზე იმ დროს ახალი ტრამვაის ფორმა მე შევქმენი და მერე გაუშვეს ახალი ტრამვაი. კინოსტუდიაში ფაზიორად ვმუშაობდი, ილუსტრაციებს ვხატავდი. ბევრი ნამუშევარი შევქმენი. ასევე გავაკეთე დიაფილმები. ეს ის პერიოდი იყო, როცა საბურთალოზე ექსპერიმენტალურ  სკოლაში მიმიწვიეს, იმხანად, ჩემი ილუსტრაციებით დიდაქტიკური მასალების ალბომები გამოვიდა. ბავშვებს  ჩემი ნახატებით ასწავლიდნენ ქართულ ლიტერატურას….

 

– იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი ხართ…

 

– მე არასოდეს მიმიტოვებია ისტორია.  ვფიქრობ,  ახალი ნამუშევრებით გავამდიდრო ჩემი სახელოსნო. შევქმენი „ვეფხისტყაოსნის“ ტილოები, ვაჟას, აკაკის, ილიას  მრავალი ილუსტრაცია. იაკობ  გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია. იაკობ გოგებაშვილის პორტრეტს  თავზე შარავანდედი ადგას. მაშინ მითხრეს, რად გინდა, წმინდანი ხომ არ არისო და მე არ მოვშალე. ასე ვუპასუხე, გოგებაშვილი წმინდანია ჩემს თვალში და დადგება დრო, რომ აღიარებენ-მეთქი. არ მოვშალე და დღემდე ასეა შარავანდედით.

 

სკოლებისთვის 33 მწერლის პორტრეტი შევქმენი. ჩვენი 12 დიდი მწერალი კი ბატონმა ბონდო მაცაბერიძემ დაბეჭდა.

 

 

– კასპში სს „კასპიელექტროაპარატში“, სამხატვრო  გალერეა-მუზეუმში პატრიოტულ თემაზე შექმნილი ასზე მეტი  ტილოა გამოფენილი…

 

– გალერეა-მუზეუმი ყოფილი დირექტორის, სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს უშანგი მოსიაშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით დაარსდა. ნახატები ქართველი მეფეების ბრძოლასა და ცხოვრებას ასახავს.

 

ჯერ მსგავსი რამ არავის არცერთ ქვეყანაში არ შეუქმნია. უშანგი მოსიაშვილი თავის დროზე დაინტერესდა საქართველოს ისტორიის თემაზე ჩემი ნახატებით. მან  შემიკვეთა ნახატები. ერთი უზარმაზარი დარბაზი დამითმო,  სამ-სამი და ორმეტრიანი ტილოებით გავავსეთ დარბაზი, დაწყებული აიეტიდან და მედეათი, გიორგი სააკაძეთი, სპორტსმენებით დამთავრებული, ვინც სახელი გაუთქვა საქართველოს.

 

გალერეაში ჩემი 100 ნახატზე მეტია… 5-6 თვე ვიმუშავე და ეს ყველაფერი ამ პერიოდში დავხატე. უკვირდათ, აქამდე რატომ ვერ შექმენიო, აქამდე არ მქონდა ხელშეწყობა.  ტილოებით, საღებავებით ის მამარაგებდა… ნამუშევრები ვერ დაეტია და  ასეთივე მეორე დარბაზი მოაშენა უშანგი მოსიაშვილმა და ისიც გავავსეთ.

 

– ბერძნული მითოლოგიის თემა გაინტერესებთ. სალონიკში გამოფენაც გქონდათ…

 

– ბერძნული მითოლოგიიდან ჰერაკლეს 12 გმირობა დავასურათე. საბერძნეთში, სალონიკში ესკიზების გამოფენა მქონდა. ბერძნებს მოეწონათ, უკვირდათ, ქართველმა მხატვარმა ბერძნული მითოლოგია ასე კარგად როგორ დაასურათაო.  ყოველ საღამოს ტელევიზიით  აშუქებდნენ და ინტერვიუებში მეკითხებოდნენ, როგორ ვმუშაობდი. სალონიკში მსოფლიო მნიშვნელობის  საზღვაო პორტია. გამოფენის სანახავად აქ მთელი მსოფლიოდან  მოდიოდნენ ინტურისტები. ორი პანო ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებით იქ დავხატე. 6 თვე ვიმუშავე. ეს პანოები ახლა იქ არის, სანახავად მიჰყავთ მოსწავლეები, სტუდენტები… საბერძნეთის მაშინდელი კულტურის მინისტრი კუველასი ჩამოვიდა ათენიდან, ჩამეხუტა და მითხრა, აქედან აღარ გაგიშვებთო. გამოფენის გახსნაზე ნახატები მათმა  პატრიარქმა აკურთხა, ქალაქის მერიც მოვიდა, დიდი ამბავი იყო.

 

ჩვენს პატრიარქთან წერილი გამომატანეს. ედუარდ შევრადნაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნანულიმ რამდენჯერმე მიმიწვია, ჟურნალშიც დაბეჭდეს. ასე მითხრა, ბატონო ალექსანდრე, თბილისსაც კი დაამშვენებდა საბერძნეთში დახატული თქვენი ნამუშევრებიო… მაგრამ  ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა…

 

– თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას მოეწონა თქვენი დავით აღმაშენებელი…

– ზვიად გამსახურდია რომ გახდა პრეზიდენტი, მაშინ სამხატვრო კომბინატიდან დამირეკეს,  დავით აღმაშენებლის პორტრეტის დახატვის თხოვნით. მართლაც, დავხატე, მივუტანეთ ზვიადს…  რა  კარგი პიროვნება იყო,  ფეხზე წამოხტა და თბილად შემხვდა,  ძალიან მოეწონა.  ის-ის იყო მეტრო „ლენინის მოედნის“ ფოიეში ლენინის პორტრეტი  მოხსნეს. დავით აღმაშენებლის  ორი ესკიზი ვაჩვენე, ორივე  მოეწონა, სიამოვნებითო… მერე აღარ დასცალდა…

 

– 1975-1980 წლებში, როგორც მხატვარი, აქტიურად მონაწილეობდით მოსკოვის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში...

 

– მოსკოვის ოლიმპიადა გავაფორმე, მიწვევა რუსულ თემებზე შექმნილი ნამუშევრების მოწონებამ განაპირობა. თავიდან მეგონა, რომ ერთი წელი ვიმუშავებდი, მაგრამ კომისიამ რომ შეამოწმა, 5 წლამდე გამიხანგრძლივეს მოსკოვში ყოფნის ვადა. ბინაც გამომიყვეს…

 

თბილისში კი მოდიოდა მადლობის დეპეშები, რომ ასეთი ნიჭიერი კაცი გამოგვიგზავნეთ ქართველებმაო. სიგელები და მადლობები არ მაკლდა.

 

– ხატვის გარდა, მღერით არიებს, უკრავთ ორ სალამურზე ერთად… მამისგან დაგყვათ ნიჭი, ალბათ…

 

– მამაჩემი კარგად მღეროდა, მაგრამ სიმღერა მე თვითონ ვისწავლე. კონსერვატორიაში და სამხატვრო აკადემიაში ერთდროულად ვსწავლობდი. სექტემბერში ხომ აკადემიაში ჩავაბარე, ოქტომბერში კონსერვატორიაში იწყებოდა მიღება, უცებ გამოვიტანე საბუთები და შევიტანე კონსერვატორიაში

 

1941 წელს, მამა რომ ფრონტზე წაიყვანეს, მაშინ დავიწყე ორ სალამურზე დაკვრა, საქართველოში პირველმა მე დავუკარი ორ სალამურზე.

 

ბორჯომში ვუკრავდი ხოლმე სალამურებს, ქუჩაში კონცერტებს ვატარებდი  დამსვენებლებისთვის. ერთხელაც კონცერტს შეესწრნენ: რეჟისორი, კონსერვატორიის პროფესორი შოთა აღსაბაძე, ასევე – არჩილ კერესელიძე…   შემომითვალეს, სასტუმროში ვართ, მოიტანე იქ სალამურები და მოდიო, მივიტანე… მართლაც, ძალიან მოეწონათ. შოთა აღსაბაძემ მითხრა, თბილისში ჩამოდი და კონსერვატორიაში მოდიო,  – უძვირფასესი კარგი ადამიანი იყო.

 

ასე მოვიქეცი. როცა ეს ამბავი გახმაურდა, მითხრეს, არ შეიძლება ხელოვნების ორ დიდ დაწესებულებაში ერთად ყოფნა, ერთ-ერთის დათმობა მოგიწევსო. არცერთი არ დავთმე.  ჩემი პედაგოგი  გოგიჩაძე, გაანათლოს ღმერთმა, ეუბნებოდა მათ, რას ერჩით, ნიჭი აქვს, აქაც იყოს და იქაცო.

 

ასე რომ, ორივე დავამთავრე. ძალიან კარგი მეგობრები მყავდა – კუკური კალმახელიძე, ასევე, ზურაბ სოტკილავა, მოსკოვში ერთად ვიყავით. ზურიკო მერე დიდ თეატრში მოეწყო, მე ოლიმპიადას ვაფორმებდი და  ხშირად ვხვდებოდით, სულ ერთად ვიყავით.

– 88 წლის ხართ… იოგაში ვარჯიშობთ…

 

– იოგაში ვვარჯიშობ და მშველის ეს ვარჯიში. ჩემმა გაჭირვებამ დამაწყებინა, ორ საათზე მეტს ვერ ვჯდებოდი დასახატად. თუ არ იჯექი, როგორ უნდა ხატო? მაშინ სსრკ-ში აკრძალული იყო იოგა, არ იყო მიღებული საათობით ჯდომა და ვარჯიში.

 

ჩემით დავიწყე ლიტერატურის ძებნა, გავიკითხე-გამოვიკითხე და მივაგენი წიგნს ბიბლიოთეკაში, ჩემით, უპედაგოგოდ დავიწყე შესწავლა. ახლა ინტენსიურად ვვარჯიშობ…  დიდ ენერგიასაც ვღებულობ და დილიდან საღამომდე ვმუშაობ, არ ავდგები.

 

– რაზე მუშაობთ?

 

– ახალ-ახალ კომპოზიციები ჩავიფიქრე. დიდი ადამიანების პორტრეტების სერია გავაგრძელო, წიგნების ილუსტრირება, არგონავტების თემა… ასეთი ძვირფასი თემატიკა გვაქვს და მიტოვებულია,  მსოფლიოში  მედიცინა კოლხი ქალის მედეას სახელიდან წარმოიშვა და არავინ იცის. ამ ილუსტრაციების შექმნა მინდა. ისე არ მინდა  მოვკვდე, რომ ეს არ გავაკეთო.

 

– დიდი ოჯახი გაქვთ…

 

– შესანიშნავი ოჯახი მყავს… თუ რამე გამიკეთებია, ჩემი ოჯახის ხელშეწყობით.  ვენაცვალე ნინო, მედიკოს,  მეუღლე – ლუბას, ფეხაკრეფით დადიოდნენ, რომ  არ შევეწუხებინე, ხელი შემიწყეს, თორემ დღესაც მოსკოვში ვიქნებოდი…

 

– ჰობი…

 

– მხოლოდდამხოლოდ ხატვაა ჰობი.  გათავდა და მორჩა.

 

– მრავალი ქართული წიგნი დაასურათეთ, „დედა ენა“,  „კაცია ადამიანი“ და „ვეფხისტყაოსანი“, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, „ღვინია გადაიჩეხა“, „არსენას ლექსი“… თქვენი ნახატები ქართულია…

 

– უამრავი წიგნის მხატვარი ვარ. ბოლოს ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები“ გავაფორმე, ოტია აქ იყო მოსული, ნახა და თქვა, „აა ბოვშვი, დემიხატავენ მისთანას, კაცო, ბოვშვები ვერ უყურებენ და მე ხომ საერთოდ არ მომწონს, კაცო“.

 

ხშირად მირეკავენ მშობლები, ჩვენი შვილები თქვენ მიერ ილუსტრირებულ წიგნებს იხუტებენ, არცერთი არ დაუხევიათ, სხვა წიგნებს კი  ხევენო…

 

ამას წინათ, „ობიექტივზე“ მიგვიწვიეს, ჩემთან ერთად საგურამოს ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორიც იყო, ილია ჭავჭავაძის ილუსტრირებული წიგნის ჩვენება მინდა, იქნებ როგორმე მოხერხდეს მისი გამოცემა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი