logo_geo
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად, სასტუმრო „შერატონში“ საშობაო აქცია გაიმართა
- +

6 იანვარი. 2021. 13:48

 

 

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გუნდმა დღეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად საშობაო საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. საქველმოქმედო აქცია ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა და გერმანიის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად განხორციელდა.

 

ღონისძიების ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური მენეჯერი, ივა ტრიფონოვა, სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

საშობაო საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მოტო-მსვლელობაც გაიმართა. მოტო-ბაიკერებმა სტარტი შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასიდან 11:00 საათზე აიღეს. მოტო-მსვლელობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე (წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი) გაგრძელდა და 12:00 საათზე, მცხეთის ჯვრის მონასტერთან ასვლით, დასრულდა.

 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ მადლობა გადაუხადა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის მთელ გუნდს და მათ პარტნიორ ორგანიზაციებს საქველმოქმედო ღონისძიების გამართვა/მონაწილეობისთვის.

 

„თქვენ შეძელით ბედნიერი შობის დღე გეჩუქებინათ ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თქვენი წვლილი შეგეტანათ მათზე ზრუნვაში, გაგეხალისებინათ და შეგემსუბუქებინათ მათი ყოფა“, - აღნიშნა მერი მაღლაფერიძემ.

 

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური მენეჯერის, ივა ტრიფონოვას განცხადებით, შერატონის გუნდი საქველმოქმედო აქციას ყოველ ახალ წელს ატარებს, წელს ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილე კომპანიებს სურთ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვან საქმეში, დაეხმარონ და საშობაო განწყობა შეუქმნან მათ ვისაც ეს, ყველაზე მეტად, სჭირდებათ. „სააგენტოს ბენეფიციარებისთვის გადასაცემი საჩუქრები სასტუმრო შერატონში შეგროვდა, შობისთვის, ის ყველა ადრესატამდე მივა“, - დასძინა ივა ტრიფონოვამ.

 

საშობაო საჩუქრები სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის არის განკუთვნილი (ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი: თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და სიღნაღში; თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი: ძევრში, მარტყოფსა და დუშეთში). ღონისძიების ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები არიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები. მათთვის შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და საგანმანათლებლო ნივთები.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/180334/sakhelmtsipo-zrunvis-saagentos-benepitsiarebis-mkhardasacherad-sastumro-sheratonshi-sashobao-aqtsia-gaimarta

 

 

big_banner
არქივი