logo_geo
მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

11 იანვარი. 2021. 10:03

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანის დასახლებაში, გობრონიძის ქუჩაზე ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.

 

ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

 

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. დამატებით დაიწყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. სულ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

 

იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

 

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ისინი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილიდან ხელმძღვანელობდნენ.

big_banner
არქივი