logo_geo
საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება
- +

15 იანვარი. 2021. 12:34

 

 

 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად გაგრძელდება.

 

ბრძანების მიხედვით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

 

ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

 

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

 

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 

 

big_banner
არქივი