logo_geo
ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა 2-3 დღეში იქნება
- +

18 იანვარი. 2021. 21:35

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება.

 

მისი თქმით, 1-ელი თებერვლიდან საქართველოში ბიზნესის მცირე ნაწილი გაიხსნება, რის შემდეგადაც მოხდება ეპიდვითარების ცვლილებაზე დაკვირვება და სხვა სფეროების გახსნა ამის მიხედვით გადაწყდება.

 

როგორც მან განმარტა, ჯერჯერობით არ გამართულა მსჯელობა ტრანსპორტის მუშაობის განახლებისა და „კომენდანტის საათის“ მოხსნის შესახებ.

 

„შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა დაახლოებით 2-3 დღეში იქნება, რომელზეც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ ჯერ გაიხსნება ბიზნესის მცირე ნაწილი და სხვა სფეროების მუშაობის აღდგენაზე ეტაპობრივად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორით უნდა დაიწყოს.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში გასული წლის 28 ნოემბერს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც გეგმის მიხედვით, 31 იანვრამდე უნდა გაგრძელდეს.

 

 

big_banner
არქივი