logo_geo
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა
- +

22 იანვარი. 2021. 14:22

 

 

 

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

 

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:

 

  • 1 თებერვლიდან:

 

  1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება

 

  • მუნიციპალური ტრანსპორტის,

 

  • სკოლების,

 

  • მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

 

 

 

  1. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში

 

  • 1 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;

 

  • სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;

 

  1. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

 

  1. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1 თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

 

  1. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

 

  1. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

 

ამასთან,

 

  • 1 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

 

  • გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

 

  • ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.

 

  • ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

 

  • აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

 

  • შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

 

  • ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

 

  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

 

  • კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;

 

  • ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

 

  • დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1 მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

 

 

  • სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.

 

 

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.

 

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.

 

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

 

 

big_banner
არქივი