logo_geo
თენგიზ კიკაჩეიშვილი: თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა...
- +

10 აპრილი. 2017. 11:34

 

„ჩემი ცოლი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ და პირველად იმ დღეს ვიგრძენი, რომ მარტო დავრჩი“, - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი წერდა.

 

„აი, თქვენ ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, რა უნდა მოხდეს, რომ შვილის, ღვიძლი შვილის დაკარგვაზე უარესი იყოს. არსებობს ასეთი, იცოდეთ. ჩემი ცოლი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ და პირველად იმ დღეს ვიგრძენი, რომ მარტო დავრჩი. შვილიც მყავს, შვილიშვილიც. მაინც მარტო ვარ. თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა. მარტო რომ რჩები, ისეთი რაღაცების დანახვას იწყებ, რაც მთელი ცხოვრება ცხვირწინ გქონდა, მაგრამ ვერ ხედავდი. ჩვევა მაქვს ასეთი, უჰ, არც მახსოვს, რამდენი წელია მაქვს. ფანჯარასთან ვდგები ხოლმე და უბრალოდ, გარეთ ვიხედები. ჩემი ცოლი მოდიოდა ხოლმე, გვერდით მიდგებოდა ჩუმად. ვიდექით ასე.

 

მისი გარდაცვალების მერე, პირველად, გაუცნობიერებლად რომ მივედი ფანჯარასთან და მივხვდი, რომ მარტო ვარ, პირველად შევამჩნიე, ჩემი სახლიდან ორი ხე ჩანს, ერთმანეთის გვერდით დგანან, თითქოს ჩახუტებულები არიან. ალბათ რამდენი წელია დგანან, მე მხოლოდ იმ დღეს დავინახე და მგონია, რომ ის ხეები ჩვენ უნდა ვიყოთ, მე და ჩემი ცოლი.

 

რამდენი რამის გვეშინია მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ალბათ, გულის სიღრმეში ყველაზე მეტად მაინც ასეთი რეალური მარტოობა გვაშინებს.

 

როცა ასე მარტო დარჩები, აი, მაშინ ხვდები, რომ მორჩა, ამქვეყნად აღარაფრის აღარ გეშინია“.

შეგახსენებთ, რომ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი რამდენიმე დღის წინ, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი