logo_geo
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

25 იანვარი. 2021. 23:11

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეეთერში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველისა" და "მთავარის" ეთერში გასულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე მყოფი მი-8 ტიპის ვერტმფრენის რემონტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ამოცანები მრავალფეროვანია. სასაზღვრო ავიაცია აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ასრულებს რეისებს მესაზღვრეების როტაციისათვის, ასევე, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში. ზემოჩამოთვლილი ამოცანების შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მოდიფიკაცია გათვლილი იყოს სწორედ ამ ამოცანების შესასრულებლად.მი-8 ტიპის ვერტმფრენებს სასაზღვრო პოლიცია ეფექტურად იყენებს, როგორც როტაციული და სამოქალაქო რეისების შესრულებისას, ასევე, ძებნა-გადარჩენის ოპერაციებსა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამ ტიპის ვერტმფრენები გამოიყენება ნატოს წევრ ქვეყნებშიც.მი-8 ტიპის ვერტმფრენებს ყოველი 50 საათის შემდეგ ესაჭიროება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ყოველი 1000 ფრენა-საათის ამოწურვის შემდეგ კი რიგ აგრეგატებს ესაჭიროება გამოცვლა ან კაპიტალური რემონტი.სიუჟეტში ნახსენები ფრანგული წარმოების შვეულმფრენების სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დავალებების შესასრულებლად გამოყენება, მათი მოდიფიკაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ შეისწავლა ყველა ის ხარჯი, რაც საჭირო იქნებოდა AS-332 PUMA-ს ტიპის შვეულმფრენის ოპერაციულ მზადყოფნაში მოყვანისათვის. მწარმოებელი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვით, იდენტიფიცირებული დაზიანებების გათვალისწინებით, მხოლოდ ნაწილების ღირებულება ამ ეტაპისთვის შეადგენს 28 მილიონ 400 ათასამდე ლარს. თუმცა, მწარმოებლების მიერ ტექნიკის დეტალური ანალიზისას, აღსადგენი დეტალების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ხარჯს შემდგომში დაემატება რემონტის ადგილამდე ვერტმფრენის ტრანსპორტირების, საბაჟო და მასთან დაკავშირებულ ხარჯები და, ასევე, რემონტის განმახორციელებელი კომპანიის მომსახურების ღირებულება. ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გათვალისწინებით, AS-332 PUMA-ს ტიპის შვეულმფრენის გარემონტება ქვეყნისათვის არ იქნებოდა რენტაბელური - რემონტის ხარჯი მის თავდაპირველ ღირებულებას მიაღწევდა.ამის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო პოლიციას ბიუჯეტი მიემართა მი-8 ტიპის ვერტმფრენების კაპიტალური რემონტისათვის და 2018 წლის ბოლოდან კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სასაზღვრო პოლიციის მი-8 ტიპის 4 შვეულმფრენს. შესაბამისად, სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასაზღვრო პოლიციის ავიაციას მხოლოდ 1 ვერტმფრენი ჰყავს.ხაზგასასმელია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, გარემონტებული ვერტმფრენების დამატების შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სასაზღვრო ავიაციის ოპერაციული შესაძლებლობები როგორც საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების, ასევე, ძებნა-გადარჩენისა და სახანძრო დავალებების შესრულებისას.მაგალითისთვის, 2020 წლის განმავლობაში, სასაზღვრო ავიაციამ მონაწილეობა მიიღო 21 სამაშველო ოპერაციასა და 24 სახანძრო დავალებაში. ადამიანების გადასარჩენად მფრინავებმა 65 საათზე მეტი, ხოლო ხანძრების ჩასაქრობად 218 საათზე მეტი იფრინეს. სასაზღვრო ავიაციამ სწორედ გაზრდილი ოპერაციული შესაძლებლობების შედეგად შეძლო ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად მცირე დროში, საწყის ეტაპზევე, შეესრულებინა", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი