პორტალმა IndieWire 15 საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი გამოავლინა, რომელიც, შესაძლოა, „ოსკარის“ ნომინანტი გახდეს. სიაში ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ მოხვდა.
„ოსკარის“ ნომინანტები 9 თებერვალს გამოვლინდება.
„დასაწყისი“ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა „დასაწყისი“ მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტივალის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.
„დასაწყისის“ ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი, გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი ოთხი ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი). „დასაწყისი“ გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმის შინაარსის მიხედვით, გმირი ქალი საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრობს და რადგან იგი „იეღოვას მოწმეების" ლიდერზეა გათხოვილი, მართლმადიდებლებისაგან ტერორს განიცდის. თუმცა „თვით „იეღოვას მოწმეთა" საზოგადოებაშიც ქალი დაჩაგრული და უუფლებოა - სექტის პრინციპი მამაკაცის დომინირებაა და ამაში დაეჭვება წარმოუდგენელია. ფილმის გმირი ადგილობრივ პოლიციელს ხვდება, მათი ურთიერთობა ღრმავდება და ბოლოს სექსუალურ და სოციალურ ძალადობაში გადადის.
დეა კულუმბეგაშვილი 1986 წელს დაიბადა. რეჟისურა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში შეისწავლა. დეას ერთ-ერთი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „უხილავი სივრცეები“, 2014 წელს კანის კინოფესტივლის ოფიციალურ სექციაში მოხვდა. არანაკლებ წარმატებული გახლდათ მისი შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“, რომელიც ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა.