logo_geo
ცინკის კუბო მზეზე ლაპლაპებდა… დედამ მითხრა: შეხედე, ეს შენმა რუსებმა ჩაიდინეს! – მძიმე მოგონებები ომიდან
- +

28 იანვარი. 2021. 22:19

 

 

ამბობენ, “ომს არა აქვს ქალის სახე,” მაგრამ ალბათ, ყველა ქალს თავისი “ომი” აქვს. ნამდვილ ომში კი, ქალებიც მიდიან, იბრძვიან, ეხმარებიან და კაცობრიობის წინაშე გარკვეულ ვალს იხდიან. ასე მოიქცა ბელორუსი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი. ის ნობელის პრემიის ლაურეატია.

 

 

 

როგორია ომის რეალური სახე და აქვს თუ არა ომს ქალის სახე?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცნობილმა მწერალმა სცადა და ავღანეთის ომში წასვლა ითხოვა. გადის წლები და თბილისში, მისი შემოქმედების მთარგმნელთან შესახვედრად ჩამოდის, ხვდება გამომცემლობებსაც… ომის უსახო სახიდან მის მეხსიერებას ალბათ, ყველაზე მეტი სიმძაფრით, საზარელი შემთხვევა ახსენდება… ის თბილისელ საზოგადოებას ომის მწარე მაგალითს უამბობს:

 

 

 

 

“საკმაოდ ცნობილი ადამიანი ვიყავი და ვითხოვე ავღანეთში წასვლა. იქ არავის უშვებდნენ, მაგრამ ვინაიდან ამ “ომით“ უკვე მოპოვებული მქონდა წარმატება, გადაწყვიტეს, რომ წავიდოდი და ასეთსავე წიგნს დავწერდი, საგმიროს… ჯარისკაცები დაბნეულები იყვნენ, ვერ იგებდნენ, რისთვის იღუპებოდნენ.

 

 

 

როცა მიდიოდნენ, ფიქრობდნენ, რომ იქნებოდა დიდი სამამულო ომის მსგავსი რაღაც, მაგრამ სულ სხვა ომში აღმოჩნდნენ, სადაც უთხრეს, რომ მკვლელები არიან.

 

 

 

 

 

 

 

ჰოსპიტალში მოვხვდი, იქ რბილი სათამაშოები მომცეს და მითხრეს, დამერიგებინა. შევდივარ და ვხედავ ახალგაზრდა ავღანელ ქალს პლედში გახვეული ბავშვით.

 

 

 

ბავშვს სათამაშოს ვაძლევ, ის კი კბილებით მართმევს – ხელ-ფეხი არ ჰქონდა. დედამ მითხრა: შეხედე, ეს შენმა რუსებმა ჩაიდინეს! ველაპარაკებოდი ბიჭებს, მივაბიჯებდი ცინკის კუბოების საწყობის გასწვრივ. იქ ასობით ცინკის კუბო მზეზე ლაპლაპებდა.” – იხსენებდა თბილისში შეხვედრისას მწერალი.

 

 

 

სვეტლანა ალექსიევიჩი საკმაოდ ბევრი ბესტსელერის ავტორია. ვისაც ომი, როგორც საზარელი მოვლენა, ომის კვალდაკვალ ადამიანთა ემოციები, მსხვერპლთა და ჯალათთა გრძნობები აინტერესებს, მაშინ, მათ თაროებზე აუცილებლად უნდა იდოს წიგნები მისი ავტორობით: “ომს არა აქვს ქალის სახე”, “ცინკის ბიჭები”, “ჩერნობილის ლოცვა” და ა.შ.

 

 

 

ომის სიმძიმე და ბუნებრივი გრძნობები, სადაც ერთი მხრივ, ითრგუნება ყველაფერი ადამიანური და მეორე მხრივ, აღმოცენდება იმედი, გრძნობა და ემოცია… აი, სწორედ ამ ჭიდილზე მცირე ამონარიდი სვეტლანა ალექსიევიჩის “ომს არა აქვს ქალის სახე”-დან.

 

 

 

“3 წელი ვიყავი ომში… და ის სამი წელი თავი ქალად არ მიგრძნია. ორგანიზმი თითქმის გამიქვავდა. მენსტრუაცია შემიჩერდა, თითქმის ყველა ქალური სურვილი გამიქრა.

 

 

 

არადა, ლამაზი ვიყავი… როცა მომავალმა მეუღლემ ცოლობა მთხოვა… ეს უკვე – ბერლინში, რაიხსტაგთან… მითხრა: „ომი დამთავრდა. გადავრჩით. გაგვიმართლა. ცოლად გამომყევი“. ტირილი მომინდა. მინდოდა მეყვირა, მისთვის სილა გამეწნა! რას ჰქვია „ცოლად გამომყევი“?! ახლა? ამ საშინელებაში გათხოვებაზე ვიფიქრო? ამ შავ ჭვარტლსა და გაშავებულ აგურებს შორის… შემომხედე… ნახე – რას დავემსგავსე! ჯერ ქალად მაქციე: ყვავილები მაჩუქე, მომეფერე, ქათინაურები მითხარი. ეს ისე ძალიან მინდა, ისე ველოდები შენგან ამას! ლამის მართლა გავარტყი სილა… დავაპირე… მას კი ცალი ლოყა დამწვარი და ღვინისრად ატყავებული ჰქონდა.

 

 

 

ვხედავ, ყველაფერს მიხვდა და ცრემლები ჩამოსდის ამ დამწვარ ლოყაზე… ახალ ნაიარევზე… და საკუთარ სიტყვებს თვითონვე ვერ დავუჯერე: „ჰო, გამოგყვები ცოლად“.სვეტლანა ალექსიევიჩი “ომს არა აქვს ქალის სახე”-დან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი