logo_geo
როგორ ატარებს დროს თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლესთან და რა გზით მიაღწია მან შინაგან ჰარმონიას
- +

10 თებერვალი. 2021. 22:28

 

 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, როგორც ყველას, მასაც ძალიან აწუხებს, მომღერალ თიკა ჯამბურიას, როგორც თავად ამბობს, ახლა ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი აქვს.

 

თიკა ჯამბურია: როგორც ყველა, მეც ისე ვცდილობ პანდემიასთან გამკლავებას. ძირითადად, სახლში ვართ. ნინა უფრო ხშირად მამამისთანაა წყნეთში. იქ ეზოა და ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა თბილისშია, ვცდილობ, სახლიდან არ გავიყვანო, რადგან მეშინია. ორი ახალი სიმღერა მაქვს. ერთი დიდი ხანია, მზადაა, მეორე სულ ახალია. ძალიან დიდი წვალებით, მაგრამ მოვახერხეთ, დაგვესრულებინა და ახლა ვიდეოს ვიღებთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან მიჭირს, რადგან ძირითადად, სულ სახლში ვზივარ. მიყვარს საღამოობით გარეთ გასვლა. ზოგადად, ღამის ადამიანი ვარ. ამიტომ ეს შეზღუდვები ძალიან მაწუხებს და მგონია, რომ ვერაფერს ვასწრებ. ამაზე ძალიან ვნერვიულობ. ვცდილობ, ჩემი ცხოვრების ყველა მომენტს გავუფრთხილდე და ის, რომ ცხრა საათიდან უფუნქციოდ ვარ, საშინელებაა.

 

– თუმცა, გარეგნობაზე კვლავინდებურად ზრუნავ – ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. 18 საათიან კვებაზე გადახვედი. როგორია შედეგი?

 

– არ ვიწონები ხოლმე, თვალით ვხვდები და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ყველაფერს მასაჟებიც მივამატე და შედეგი ძალიან მომწონს, თუმცა ჯერ გაჩერებას არ ვაპირებ. სანამ ჩემი თავი ძალიან მაგრად არ მომეწონება, არ გავჩერდები. ზაფხულამდე კიდევ დიდი დროა.

 

– როგორ შეგცვალა დედობამ?

 

– ნინამ შემცვალა იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ახლა მარტო საკუთარი თავისთვის კი არა, ნინასთვის ვცხოვრობ და ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. ტიპური დედა არ ვარ. მე და ნინა უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე დედა-შვილი. სხვათა შორის, რჩევებსაც მაძლევს. ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. უკვე ცხრა წლისაა, ძალიან კარგად აზროვნებს და მიხარია, რომ შეუძლია, დიდი გოგოსავით დაგიჯდეს და გელაპარაკოს. სერიოზული და საინტერესო საუბრები გვაქვს ხოლმე.

 

მამასთან არის ხშირადო, თქვი. დაალაგეთ ურთიერთობა?

 

– დრო გადის და ყველა თავის ცხოვრებას იწყობს. წყენა გულში არ უნდა ჩაიდო. მე ბოროტი არ ვარ. მით უმეტეს, ჩემი შვილის მამაზე, ჩემი ბავშვობის მეგობარ ბექაზე არ ჩავიდებ გულში წყენას. რაც დრო გადის, ბექა მით უფრო კარგი მამაა, ჩემი შვილისთვის რაც უკეთესი იქნება, მე იმას გავაკეთებ. მე ვინ რა მაწყენინა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მით უმეტეს, ათი წელი გავიდა და როდემდე უნდა ვყოფილიყავი გაბუტული და ნაწყენი?! ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მთელ დიდ ოჯახს: მე, ბექას ცოლს, ბექას დედას – ხათუნას. ყველა ერთად ვიკრიბებით ხოლმე და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. მე და ბექას ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, სხვა ყველაფერი მხოლოდ ჭორები იყო, ხალხი იგონებდა. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა და ოცდამეერთე საუკუნეში ბევრი შორდება ერთმანეთს, ეს ტრაგედია არ არის. საზოგადოებამ უფრო დიდი ტრაგედია შექმნა ჩვენი დაშორებისგან, ვიდრე ჩვენ ორმა.

 

– ყველას თვალწინ გაიზარდე. უკვე დიდი გოგო თიკა როგორია?

 

– ძალიან მომწონს ჩემი თავი, ის ადამიანი, რომელიც ვარ. რაც დრო გავა, კიდევ უფრო მომეწონება. ვმუშაობ იმაზე, რომ კარგი ადამიანი ვიყო და ერთი წამითაც არ ვფიქრობ, ვინმეს რამე ცუდი გავუკეთო. მომწონს, რომ ერთ ადგილას არ ვჩერდები, ვვითარდები და ვცდილობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე. წლები რომ მემატება საერთოდ არ ვნერვიულობ. პირიქით, თითოეულ წელს კარგი მოაქვს, მაგრამ თუ ცუდი ხდება, ეს იმიტომ, რომ რაღაც ვისწავლო. ასე რომ, უკმაყოფილო არაფრით ვარ. პირიქით, ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ მალე ოცდაათი წლის ვხდები. ამ ასაკს დიდი სიამოვნებით ველი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაქვს, საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ვარ. ყველაფერი მომწონს – საკუთარი ფიზიკური მდგომარეობაც, სულიერიც და მენტალურიც. მხოლოდ კომენდანტის საათით ვარ უკმაყოფილო.

 

– როგორ მიაღწიე ასეთ ჰარმონიას, რას ურჩევ გოგონებს, რომლებსაც საკუთარ თავში რაღაცები არ მოსწონთ?

 

– თავი დაანებონ იმას, რაც არ მოსწონთ. აქცენტები იმაზე გააკეთონ, რაც მოსწონთ და უფრო მეტად განავითარონ. სარკესთან დადგნენ და საკუთარი თავი შეიცნონ. დაფიქრდნენ, როგორი მოეწონებოდათ უფრო მეტად და ისწრაფოდნენ, ასეთებად იქცნენ. მე ვფიქრობ, რომ თუ საკუთარი თავი არ გიყვართ, სხვა ვერავინ შეგიყვარებთ. გოგონების 90 პროცენტი ფიქრობს, რომ მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როდესაც ვინმეს უყვარს. ამ დროს კი თუ სიყვარული და ბედნიერება საკუთარ თავში ვერ იპოვეთ, სხვასთან, მით უმეტეს, ამის განცდა ძალიან გაგიძნელდებათ. ამიტომ, შეიცანით საკუთარი თავი და დიდ ჰარმონიას იგრძნობთ – მაშინ ყველაფერი დალაგდება. დიდი პატივისცემაც გექნებათ და თქვენს ცხოვრებაში ძალიან მაგარი ამბებიც მოხდება. მე ძალიან დიდი ხანი არ მიყვარდა ჩემი თავი და არც ვიცნობდი. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ეს მომენტი დადგა. მაგრამ ეს ძალიან დიდი შრომისა და მედიტაციის შედეგია. ნერვული შეტევები და შფოთვები ყველას აქვს, მე სიარულმა მიშველა. სიარულის დროს ჩემში არსებულ ყველა ცუდ ენერგიას ვხარჯავ და ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. ნეგატივისგან დაცლილი თავს პოზიტიურად ვგრძნობ.

 

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

 

– ჯერჯერობით ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

 

– რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის გვერდით მამაკაცი?

 

– ძალიან მაბედნიერებს, გვერდით თუ კარგი მამაკაცი მყავს, ძლიერი, რომელიც მავსებს და ცდილობს, გამაბედნიეროს. არ მჯერა ქალების, რომლებიც ამბობენ, კაცი არ მჭირდებაო. არა, ეგეთი ქალებიც არიან, მაგრამ მე მგონია, რომ ქალს გვერდით მამაკაცი სჭირდება. თუ რაღაც პერიოდი მარტოა და თავს კარგად გრძნობს, რაღაც მომენტში მაინც დასჭირდება. ყველას უნდა გვერდით მეორე ნახევარი ჰყავდეს. თუმცა არის პერიოდები, როცა მარტო ყოფნაც ძალიან კარგია. მე, ჯერჯერობით, ასეც ძალიან კარგად ვარ. მაგრამ თუ გამოჩნდება შესაბამისი ადამიანი, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი ურთიერთობაზე. მგონია, რომ რამდენჯერაც მოგინდება, იმდენჯერ შეგიყვარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი