logo_geo
რა სიურპრიზი მოუწყო ქმარმა სოფო ბედიას
- +

10 თებერვალი. 2021. 22:40

 

 

მომღერალ სოფო ბედიას, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ძირითადი დროის გატარება სახლში უწევს, ყოველთვის ფორმაშია. ამას მისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს. ისიც კი თქვეს, ბოლო დროს მისი ასეთი ცვლილება ქირურგიულ ჩარევებს უკავშირდებაო, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს ტყუილია. სოფოს მეუღლეს, მიშა მესხს, ყოველთვის როგორც მომღერლის ქმარს, ისე მოიხსენიებდნენ, ახლა კი საკრებულოს დეპუტატი გახდა  და სოფომაც გადასარევად მოირგო დეპუტატი ქმრის ცოლობის რეგალია.

 

სოფო ბედია: ჩემს პროფესიას რომ ვერ ვემსახურები, ძალიან მწყდება გული. რომ გითხრათ, ეს წელი ფანტასტიკურად დაიწყო ჩემთვის-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, ხარის წელია, მეც ხარის წელში ვარ დაბადებული, თან, მერწყულების წელიცაა, რაც ჩემს ზოდიაქოსთან შესაბამისობაშია და ამ წელიწადს იმედიანად ვუყურებ. ასე ვთქვათ, წლის ეპიცენტრში მოვხვდი და ვნახოთ, რა მოხდება (იცინის). მჯერა ასტროლოგიისა და იმის, რომ დამთხვევები უბრალოდ არ ხდება.

 

– ყველას აინტერესებს წარმატებული ადამიანების წარსული. როგორ ცხოვრობდი, სანამ საზოგადოებაში გამოჩნდებოდი და ცნობადი გახდებოდი?

 

– როგორიც ვიყავი ცნობადობამდე, ისევ ისეთი დავრჩი, როგორც ადამიანი, არაფერს შევუცვლივარ. უბრალოდ, ძალიან მიმნდობი, გულჩვილი და ალალი ხასიათი მაქვს და წლების მატებასთან ერთად, რაც 15 წელზე მეტია ცნობადი გავხდი და დიდ სცენაზე ავედი, ბევრი რამ ვისწავლე, გადავაფასე, გადავახარისხე. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაში დარჩნენ ისეთი მეგობრები და საყრდენი ადამიანები, ვისაც ვენდობი და ასეთი ძალიან ცოტაა.

 

– ბევრი აღნიშნავს: როცა ცნობადი გავხდი და ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიე, სწორედ, მაშინ გამოჩნდა ბევრი მტერიო. შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?

 

– ყველას შემთხვევაში ასე ხდება და არც მე ვარ გამონაკლისი. როცა წარმატებული ხარ, აკეთებ რაღაცას, იხარჯები, არ ჩერდები, შენს საქმეში ხარ ჩართული, გინდა, გააკეთო ხარისხიანი და კარგი და ამისთვის არაფერს იშურებ, არც ძალისხმევას და არც მატერიალურს, ზოგს არ მოსწონს. არაერთხელ მიგრძნია და დღესაც ვგრძნობ შურიან მზერას, „პადნოშკებს“, მტრულ განწყობას, მაგრამ გულთან არ ვიკარებ. მაქვს დისტანციური, შორეული დამოკიდებულება. თუმცა, არაერთის თვალებში ამომიკითხავს შური და ბოღმა ჩემ მიმართ. მე მაინც ვუღიმი, თუმცა ჩემთან მიმართებაში ვბლოკავ. ზოგადად, ქალები უფრო შურიანები არიან, დავაკვირდი. ძირითადად, ისეთი კატეგორიაა, როგორიცაა წარუმატებელი, შეუმდგარი და არაბედნიერი. თავიანთი პირადი პრობლემიდან გამომდინარე, ვერ მალავენ შურს და ბოღმას. კიდევ ვამბობ, ყველას ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ არ ვიკარებ. ათასი სისულელე და ჭორი მოიგონეს, თუმცა ამით რა დამაკლეს? ადრე ვღიზიანდებოდი, ჯანმრთელობა მერყეოდა, მაგრამ მივეჩვიე ასეთ რეჟიმში ცხოვრებას, აღარც ნერვებს ვიშლი და აღარც ვწუხდები. ვაჟას გენიალური სიტყვვებია: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი...“. ახლა, ამასაც გამოაბამენ კუდებს: თავისი თავი კარგი ჰგონიაო და ზუსტადაც მგონია! არ ვარ ბოროტი, არავისთვის მინდა ცუდი, ვცდილობ, სიკეთე ჩუმად ვაკეთო და ვინც მიცნობს, იცის როგორიც ვარ. მსიამოვნებს, როცა ადამიანს სიკეთეს ვუკეთებ, მე მაბედნიერებს. გული მწყდება დაუმსახურებელი ჭორების გამო, მაგრამ კიდევ ვამბობ, რაღაცები გავფილტრე, ვიმუშავე ჩემს თავზე, რომ რაღაც-რაღაცებს არ უნდა მივაქციო ყურადღება და ისიც მივხვდი, რომ ადამიანს თუ არ უყვარხარ, თავს ძალით ვერ შეაყვარებ.

 

– ჭორები გასაგებია, მაგრამ ოდესმე, ბულინგის მსხვერპლი თუ გამხდარხარ?

 

– არა, არასოდეს გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი. თუმცა, ერთადერთხელ იყო, როცა კოვიდის თემაზე სიმღერა ჩავწერეთ, კლიპი გადავიღეთ და გავილანძღეთ. ამას ჩემი პირადი პროფესიისთვის არაფერი დაუშვებია. ამით, სწორედ, იმ ადამიანებმა გამიკეთეს პიარი, ვინც შურითა და ბოღმით მიყურებს.

 

– ზოგადად, ადამიანებს უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება. თუ დაგიშვია შეცდომა, რაც გიღიარებია და დღეს ნანობ?

 

– რასაკვირველია, დამიშვია შეცდომა, რაც შემდეგ გამიაზრებია და ახლაც ვნანობ. ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ და ვიზრდებით. თუ დამნაშავე ვარ, არც ბოდიშის თქმა წარმოადგენს პრობლემას.

 

– შენი ქმარი საჯარო პირი გახდა – საკრებულოს დეპუტატია. როგორ მოირგო ეს თანამდებობა და თუ მოგემატა საქმე მისი თეთრი პერანგების რეცხვა-უთოობის სახით?

 

– რომ გითხრათ, მთელი დღე ქმრის პერანგების უთოობითა და საჭმელების კეთებით ვარ დაკავებული-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, ხელს ვუწყობ და ვცდილობ, ჩემს მეუღლეს ყველაფერი წესრიგში დახვდეს. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატობას, ძალიან კარგად მოირგო ეს ამპლუა და უხარია, რომ თავისი წვლილი შეუძლია შეიტანოს ხალხის კეთილდღეობაში. თავის გასაკეთებელს, ვიცი, ღირსეულად გაართმევს თავს, რადგან ერთგული ბიჭია. კაცია და უნდა იმუშაოს, მის დეფიციტს სახლში ვერ ვგრძნობთ, სულ ხაზზე ვართ.

 

სულ ამბობდნენ: მიშა მომღერალ სოფო ბედიას ქმარიო. ახლა სოფო დეპუტატ მიშა მესხის ცოლი გახდა და ეს სტატუსი უკვე მოირგე?

 

– გადაღეჭეს ეს თემა, ამოიჩემეს მიშა. ასე რომ, დეპუტატი ქმრის ცოლის რეგალია ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა (იცინის).

 

– ყოველთვის გრანდიოზულად გიყვარს დაბადების დღეების გადახდა. თუმცა ეს წელს ვერ მოახერხე. თუ გაგიკეთა სიურპრიზი მეუღლემ?

 

– წელს ჩემს დაბადების დღეს მოკრძალებულად შევხვდი. მიყვარს ჩემი დაბადების დღის გრანდიოზულად გადახდა და მიუხედავად იმისა, რომ წლები მემატება, არ ვმალავ ასაკს – 36 წლის გავხდი. არც არასოდეს დავმალავ, ვინ მოვატყუო ან რატომ? თან, თუ ასაკთან შედარებით ან ასაკის შესაბამისად კარგად გამოიყურები, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დამალო. წელს პანდემიამ შემიშალა ხელი და ჩემს დაბადების დღეს გრანდიოზულად და მეგობრებთან ერთად ვერ შევხვდი, თუმცა მიშამ ოჯახურ წრეში სიურპრიზი გამიკეთა – ღამით ფეიერვერკებითა და ტორტით შემოვიდა (იცინის).

 

– ბოლო დროს სოციალურ ქსელში დადებულ ფოტოებზე საკმაოდ შეცვლილი და გალამაზებული ხარ. ბევრმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ქირურგიული ჩარევების ბრალიაო. ამაზე რას მეტყვი?

 

– 2015 წელს ცხვირის ოპერაცია გავიკეთე და ამით ქირურგიული ჩარევა მორჩა. ყველას ვახსოვარ იმ ცხვირითაც და ამ ცხვირითაც. უბრალოდ, ვარცხნილობა შევიცვალე და თვალებში ფერადი ლინზები ჩავისვი – სულ, ესაა. როცა საზოგადოებაში ტრიალებ და გინდა, ფორმაში იყო, ეს განხილვის საგანი ნამდვილად არ უნდა იყოს. აბა, ის იქნება სწორი, პომადაწაუსმელი, თმადაუვარცხნელი რომ ვიარო? სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, თან, ვიყო ის, ვინც ვარ და ჩემი თავი კარგად „შეფუთული“ მივაწოდო მაყურებელს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი