logo_geo
ამირან გამყრელიძე: ვირუსმა საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, თუმცა ამას ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია
- +

25 თებერვალი. 2021. 15:39

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ვირუსს ახასიათებს მუტაცია. მისივე თქმით, კორონავირუსმაც საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, მაგრამ როგორც გამყრელიძე ამბობს, ამას ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

 

მისივე თქმით, ვირუსის მუტაციებზე საუბარი ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. ბრიტანული შტამი იქნა იდენტიფიცირებული. სწორედ ამ შტამთან დაკავშირებით გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  ბრიტანული შტამი უფრო მეტად ვრცელდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.

 

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული და გამოვლენილია მათთან კავშირში მყოფი 31 ადამიანი. გამყრელიძის განმარტებით, უმრავლესობა ამბულატორიულად მკურნალობს.

 

„მოგეხსენებათ, ამ ვირუსს, ისევე, როგორც ყველა ვირუსს, ახასიათებს მუტაციები. ამ ერთი წლის განმავლობაში (ცოტა მეტი), რაც ვირუსი ცირკულირებს, საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა, მაგრამ მათ ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, მათ შორის გაზაფხული-ზაფხულის მუტაციებს.

 

ამაზე ინტენსიურად საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. ბრიტანული შტამი იქნა იდენტიფიცირებული. შემდეგ ამას მოჰყვა სამხრეთ აფრიკული, ბრაზიული შტამები. ამაში გასაკვირი არ არის, რადგან როგორც ჩვენ, საზოგადოება დღეს ვებრძვით ვირუსს, ისევე ვირუსი იბრძვის თავის გადასარჩენად და ეს მუტაციები ხდება. ბრიტანული მუტაცია არ არის დაკავშირებული სიმძიმესთან. ერთადერთი საუბარი იყო და არის ამის მონაცემები, რომ უფრო მეტად ვრცელდება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკში.

 

ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს მონიტორინგი, მათ შორის ჩვენთანაც დეკემბრიდან დაიწყო. ამ ტიპის ცვლილებები პირველად დეკემბერში იქნა გამოვლენილი. ერთ შემთხვევაში იყო იმ ტიპის მუტაცია, რომელიც ახლოს იყო ბრიტანულ შტამთან. შემდეგ უფრო გაინტენსივდა კვლევები. ამ ტიპის ჩაღრმავებული კვლევა შესაძლებელია ლუგარის ცენტრში, სადაც არის გენუმის სეკვენირების შესაძლებლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი