logo_geo
დიდი ადამიანების შთამაგონებელი ამბები
- +

28 თებერვალი. 2021. 21:08

 

 

სხვა ადამიანების პირადი ისტორიები ჩვენთვის ცხოვრებისეული გაკვეთილები თუ ვერა, შთაგონების წყარო მაინც არის. ისინი გვაჩვენებენ, როგორ დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა, როგორ დავძლიოთ შიშები და გავაკეთოთ საკუთარი არჩევანი დანებებასა და ბრძოლას შორის. ისტორიები, რომელთა გაზიარებაც დღეს თქვენთვის გადავწყვიტეთ, სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრებიდანაა.

 

ანდრე ირგმანი

 

 

არც ისე ცნობილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ NBA-მ (პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა) უარი თქვა კალათბურთელ ანდრე ირგმანზე, ამიტომ მან ზუსტად ის გააკეთა, რასაც ბევრი სხვა სპორტსმენი აკეთებს – საკუთარი ძალები უფრო დაბალ, G  ლიგაში მოსინჯა იმ იმედით, რომ გამოცდილებას გაიღრმავებდა და ერთხელაც სასურველ მიზანს მიაღწევდა.

 

ეს იყო 10-წლიანი ოცნება!

 

10-წლიანი ლოცვა!

 

10-წლიანი დაუღალავი შრომა!

 

ის 10 წლის განმავლობაში, კალათბურთის თამაშის პარალელურად, ფიზიკურად მუშაობდა, რადგან გადასახადები გადაეხადა. მას 10 წლის განმავლობაში ჰქონდა იმის იმედი, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

 

და ათი წლის შემდეგ ირგმანს დაურეკეს!

 

გაჭაღარავებული თმით, ის მწვრთნელის დამხმარეს უფრო ჰგავდა, ვიდრე NBA-ის ახალწვეულს, როცა 32 წლის ასაკში საკალათბურთო სამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ მიიწვიეს. მისი დებიუტი NBA-ში ბრწყინვალე გამოდგა. „ლეიკერსის“ პირველ შეხვედრაში მან 19 ქულა მოიპოვა – ეს მხოლოდ დიდებულ მოთამაშეებს თუ გაუკეთებიათ, როგორიცაა: მეჯიკ ჯონსონი, ჯერი ვესტი და ნიკ ვან ექსელი.

 

შედეგზე უფრო შთამბეჭდავი ის გახლდათ, რომ ანდრე მზად იყო ასეთი გამოწვევისთვის ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ.

 

მნიშვნელობა არ აქვს, რაზე ოცნებობ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდხანს მოგიწევს ლოდინი, არასდროს უნდა დანებდე! ანდრეს მსგავსი ადამიანები გვახსენებენ, რომ სანამ გული გვიცემს, იმედი არ უნდა დავკარგოთ!

 

გლენ კანინგემი

 

 

გლენ კანინგემი 8 წლის იყო, როცა სკოლაში გაჩენილი ხანძრის დროს ფეხების ძლიერი დამწვრობა მიიღო. გარდა ამისა, ხანძარმა იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა – ფლოიდი.

 

ექიმის რეკომენდაციით, გლენს ფეხების ამპუტაცია სჭირდებოდა, მაგრამ ბიჭმა ეს მშობლებთან ძალიან გააპროტესტა. საბოლოოდ, გლენს ფეხები შეუნარჩუნეს. მისი ტრავმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ექიმების თქმით, ვერასდროს შეძლებდა ნორმალურად სიარულს.

 

2-წლიანი თმენისა და რეაბილიტაციის შემდეგ გლენმა მაინც გაიარა სხვისი დახმარების გარეშე. შემდეგ მან კლავ ისწავლა სირბილი და უკვე 12 წლის ასაკში ბიჭუნამ ყველა ადგილობრივი საშუალო სკოლის მორბენალს აჯობა.

 

მან კანზასის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც „კანზასელი მფრინავი“ შეარქვეს და მალე მსოფლიო კლასის მორბენლის რეპუტაციაც შეიძინა.

 

მოგვიანებით, გლენმა რამდენიმე საერთაშორისო რეკორდი დაამყარა და წარმატებით მიიღო მონაწილეობა 1932 წლის ოლიმპიურ თამაშებში ლოს-ანჯელესში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებში ბერლინში, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

მთელი კარიერის მანძილზე, გლენი გამუდმებით იტანჯებოდა ტკივილისგან. მას ხშირი მასაჟი სჭირდებოდა, რათა სირბილი შეძლებოდა, მაგრამ, არასდროს შეუკავებია თავი დატვირთვისგან. გლენმა შეიმუშავა ვარჯიშების ეფექტური რეჟიმი და შეჯიბრების სტრატეგიები, რაც საკუთარი შედეგების გაუმჯობესებაში უწყობდა ხელს.

 

ის არაჩვეულებრივი იყო.

 

გლენს ჰქონდა ყველანაირი მიზეზი, რათა შესცოდებოდა საკუთარი თავი და დანებებოდა საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

 

სიჯიუტის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავზე მუშაობის წყალობით, გლენ კანინგემმა ყველა გამოწვევა დაძლია. დღეს კი მას მთელი მსოფლიო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მორბენლად იცნობს.

 

არის მომენტები, როდესაც გინდა დანებდე, ვინაიდან წინაღობა ზედმეტად დიდი გეჩვენება გადასალახად.

 

არის მომენტები, როდესაც საკუთარ წარსულს უყურებ და ფიქრობ, რომ ის წარმატების გზაზე გაბრკოლებს.

 

როდესაც ამას იგრძნობთ, გაიხსენეთ გლენ კანინგემი – ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც უყურებდა საკუთარ ნაიარევ, შრამებით დაფარულ ფეხებს და თავის სისუსტეს ფენომენალურ შედეგად გარდაქმნიდა.

 

ტაილერ ტრენტი

 

 

2019 წლის პირველ იანვარს 20 წლის ტაილერ ტრენტი სიმსივნისგან გარდაიცვალა და სამყარომ შესანიშნავი ახალგაზრდა ბიჭი დაკარგა. ტაილერი შთაგონების წყარო იყო ყველასათვის, ვინც კი მას იცნობდა. დიდი პოზიტივის და უზარმაზარი სიყვარულის მატარებელი ბიჭი ცდილობდა, იმ ახალგაზრდებს დახმარებოდა, რომლებიც მის მსგავ ვითარებაში იყვნენ. მან ათასობით დოლარი შეაგროვა ბავშვთა სიმსივნის კვლევისთვის.

 

ტაილერმა ხანგრძლივი და დიდი გზა გამოიარა დაავადებასთან ბრძოლისას, მაგრამ საკუთარი თავის შეცოდებაზე მაინც უარი თქვა. ამის მაგივრად, ის ცდილობდა, სიცოცხლის დარჩენილი დრო მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად გამოეყენებინა.

 

ერთხელ მან დაწერა:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპისში ვიმყოფები და ყოველდღე იმ ფიქრით მეღვიძება, რომ ეს უკანასკნელია ჩემს ცხოვრებაში, მე მაინც მაქვს არჩევანი: გავხადო ეს დღე რაც შეიძლება უკეთესი. ნუთუ, ამ არჩევნის წინაშე არ დგას ყოველდღე თითოეული ჩვენგანი?“

 

ცხოვრებაში ბევრი ადამიანი შეგვხვდება, რომლის მდგომარეობაც გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ტაილერის უკურნებელი სენი, მაგრამ, ტაილერისგან განსხვავებით, ისინი ნებდებიან და ფიქრობენ, რომ არ აქვთ საკმარისი ძალა უკეთესობისკენ ცვლილებისთვის. ამ 20 წლის ბიჭის ხანმოკლე სიცოცხლე კი ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი.

 

ყოველდღიურად შეგვიძლია, შევინარჩუნოთ პოზიტიური ფიქრები და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი რესურსი, რათა გარემო უკეთესი გავხადოთ, რათა შთავაგონოთ სხვები და დავტოვოთ წარუშლელი კვალი. ეს უბრალოდ არჩევანი კი არა, ჩვენი პასუხისმგებლობაა!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი