logo_geo
ლევან წვერავა: ათი წლის ბრძოლისა და ჭიდილის შემდეგ შეგვეძინა პატარა
- +

9 მარტი. 2021. 21:59

 

 

ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი ნანატრი შვილის მშობლები გახდნენ. ნოე წვერავა 24 თებერვალს დაიბადა. წყვილს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, მათ ამ ბედნიერებამდე ძალიან გრძელი და ბრძოლით სავსე გზა გამოიარეს.

 

ლევან წვერავა: ვერ აგიხსნით, როგორ ემოციებში ვარ. რასაც კი ვხედავ, ყველაფერი მიყვარს და მიხარია. მთელი დღე ძალიან დაბნეული ვიყავი და საღამოს უფრო გავითავისე, რაც მოხდა. ტელეფონი არ გაჩერებულა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარა. ნოე დღეს დილით 10-11-ის ნახევარზე დაიბადა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცოტა ადრე დაიბადა და ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, მოუსვენარი ქუთაისელიაო (იცინის). ამართლებს წარმომავლობას, ქუთაისელებს სხვანაირად არ შეუძლიათ.

 

უკვე მოახერხეთ მისი ნახვა?

 

– ჯერ მხოლოდ ფოტოზე ვნახე და იმედია, ხვალ, მინიმუმ, თვალებში ჩავხედავ და ჰაეროვან კოცნას მაინც გავუგზავნი. ეს ბედნიერება მრავალწლიანი მოლოდინისა და მცდელობების შედეგია. ჩვენი ნანატრი შვილი დაიბადა და ვიცი, რომ უზომო ბედნიერებას მოგვიტანს.

 

– როგორი ბიჭია ნოე ჯერ ფოტოზე?

 

– ძალიან მაგარი (იცინის). ჩემი სიდედრი ამბობს, რომ შეხედავ, ეტყობა, რომ კაციაო (იცინის). კაცური კაცია, ჩვენთან ასე იციან თქმა. ხომ იცით, თავიდანვე იწყება განხილვა, ვის რითი ჰგავს და ჩვენც ვიჭერთ უკვე რაღაც მსგავსებებს, დედასთანაც, მამასთანაც, ბებოსთანაც, ბაბუასთან. კარგი მიქსია, გულიც არავის დასწყვიტა (იცინის).

 

ამდენი თვეა ამ მომენტს ელით. როგორი იყო დღევანდელი დილა?

 

– დილის ხუთ საათზე გავიღვიძე და ვეღარაფრით დავიძინე. ნინი გუშინ წავიყვანეთ სამშობიაროში, გადაწყდა, რომ დილით უნდა ემშობიარა საკეისრო კვეთით. პირველად დავდექი ფაქტის წინაშე, როცა არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, თავში უამრავი აზრი მომდიოდა. საღამოს უფრო გავიაზრე, რა მოხდა.

 

– მთელი ეს პერიოდი როგორ ემზადებოდით?

 

– ერთი წუთით არ გავჩერებულვართ შემოქმედებითად. ალბათ, მთელი საქართველო ხედავს, რომ საკმაოდ წარმატებული პერიოდი გვქონდა. პატარა ბევრ კონცერტზე გამოვიდა ჩვენთან ერთად, პოპულარულ კლიპებში, გადაცემებში – ყველგან ჩვენთან ერთად იყო (იცინის). ათი წელი რომ შვილი არ გყავს და ბევრი მცდელობის შემდეგ ეს მომენტი დგება შენს ცხოვრებაში, ენით აღუწერელი ემოციაა. ის, რომ ჩვენს ოჯახში პატარა უნდა დაბადებულიყო, ეტაპობრივად გავითავისეთ. მშობლები ვხვდებოდით და უკვე მარტო ჩვენს თავზე აღარ ვფიქრობდით. მაღაზიაში რომ შევდიოდით, ბავშვის ნივთებისკენ გაგვირბოდა თვალი, განსაკუთრებით ნინის. ნათესავებისა და მეგობრებისგანაც ბევრი საჩუქარი მოგვდის. ნოეს უკვე საკუთარი ოთახი აქვს მოწყობილი (იცინის).

 

– ნინი როგორი ორსული იყო?

 

– არაჩვეულებრივი ფეხმძიმე იყო, ერთხელაც კი არ მოუსურვებია რამე წარმოუდგენელი (იცინის). ძალიან აქტიური იყო და ყოველთვის ხელჩაკიდებულები ვაკეთებდით ჩვენს საქმეს ძალიან ნაყოფიერად. მიხარია, რომ ყველა ჩვენი სიმღერა უყვართ და ხალხისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობთ. ბოლო პერიოდში ჩვენს სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ორასზე მეტი წერილი მოგვდის. დღევანდელ დღეს არ ვთვლი (იცინის). დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს შვილს ამ სამყაროში ამხელა სიყვარული დახვდა. ადამიანების სიყვარული ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. არ მიყვარს თავის ქება, უბრალოდ, რასაც ვგრძნობ, გულწრფელად გიზიარებთ.

 

– ლევანი როგორი მამა იქნება?

 

– პირდაპირ ვიტყვი, უკან არაფერზე დავიხევ. მთელი ცხოვრება სიახლეების ძიებაში ვარ, სხვანაირად ვერ ვჩერდები. მით უმეტეს, როცა მამის ამპლუას, შვილის მოვლასა და მასზე ზრუნვას ეხება საქმე, მგონია, რომ მთებს გადავდგამ, როგორც ყველა მშობელი და იმაზე მეტს გავაკეთებ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი. ერთადერთი, რისიც მეშინია თოთო ბავშვია. თავიდან ძალიან პატარები რომ არიან, არ ვიცი, ხელში როგორ უნდა დავიჭირო. მერე ნამდვილად აღარ შემეშინდება და ძალიან მზრუნველი ვიქნები. მინდა, ჩემი მეუღლე ძალიან მშვიდად იყოს.

 

– ხშირად, როცა მცდელობების მიუხედავად, წლების განმავლობაში შვილი არ ჩდება, სამწუხაროდ, წყვილებიც იშლებიან. რამდენადაც ვიცი, თქვენ კითხვის ნიშნები არ გქონიათ.

 

– მაგ თვალსაზრისით, ჩვენ გამონაკლისი ვართ. კარგად ვგრძნობდით ჩვენს განსაცდელს და ამან კიდევ უფრო მჭიდროდ დაგვაკავშირა ერთმანეთთან. ვხვდებოდით, რომ ჩვენი სიყვარულით ერთად უნდა შევჭიდებოდით ამ პრობლემას. ამიტომ მხნედ ვიყავით. მადლობა ღმერთს ამ სიყვარულისთვის.

 

– წლების შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ. მანამდე იყო შინაგანი ჭიდილი და კითხვის ნიშნები. მინდა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ ადამიანებს, ვისაც იგივე მდგომარეობა აქვს და უნდათ ის ბედნიერება განიცადონ, რომელიც ახლა თქვენს ოჯახშია.

 

– ყველგან ვამბობ, რომ მთავარი წყვილს შორის ურთიერთშეთანხმებაა. ჩვენ ათი წლის შემდეგ შეგვეძინა პატარა. ეს წლები იყო ბრძოლა და ჭიდილი, მაგრამ ორივეს გვჯეროდა, რომ შვილი აუცილებლად გვეყოლებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ მე მამა გავხდებოდი, ნინი დედა გახდებოდა და ჩვენს შვილს ხელში დავიჭერდით. მინდა, ყველა წყვილს, ვინც ასეთ მოლოდინშია, ვუთხრა, რომ ფარ-ხმალი არასდროს დაყარონ. 21-ე საუკუნეა, განვითარების პიკში ვართ და ძალიან მალე გადაუჭრელი არაფერი იარსებებს. თუ რწმენა და ღვთის ნებაა, ყველაფერი გამოვა. ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრი სალოცავი მოვიარეთ, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მედიცინის დამსახურებაა ეს სიხარული, მგონია, რომ ყველაფერმა ერთად იქონია გავლენა, ეს მადლი ჩვენზეც გადმოვიდა და შვილის სიყვარულს ვეზიარეთ.

 

– მაყურებელი როდის გაიცნობს პატარას, რომლის დაბადებასაც მთელი საქართველო ელოდა?

 

– ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ძალიან მალე გამოჩნდება „იუთუბ არხი“ „ლეონი ფემილი“, სადაც ძირითადი დატვირთვა ჩვენს ოჯახურ სიტუაციაზე იქნება. ნოესთან ერთად სხვა მთავარი პერსონებიც გვეყოლება და მაყურებელს მრავაფეროვან თემებს შევთავაზებთ. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, რომელსაც ალბათ, ზაფხულისთვის განვახორციელებთ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი