logo_geo
რა შეცვალა გიორგი ორბელაძისა და ნინი მასპინძელაშვილის ურთიერთობაში ქორწინებამ და როგორ გადალახეს მათ სირთულეები
- +

10 მარტი. 2021. 20:22

 

პანდემიიდან გამოწვეული შეზღუდვების გამო თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები დაზარალდნენ. როგორც სპორტსმენი და ფიტნეს-ინსტრუქტორი გიორგი ორბელაძე ამბობს, ეს სიტუაცია განსაკუთრებით ცუდად ფიტნეს-დარბაზებზე აისახა.

  

გიორგი ორბელაძე: ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რადგან მხოლოდ ბიზნესი არ დაზარალებულა და მასში დასაქმებული უმარავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. გაზაფხულის ლოქდაუნის დროს პირველი, რაც დაიკეტა, სპორტული დარბაზები იყო, რომლებიც ყველაზე ბოლოს გახსნეს. ის 6 თვე განსაკუთრებით მნიშველოვანი იყო კომპანიებისთვის, რადგან ამ პერიოდში ხდება თანხების მობილიზება, რითიც მერე ცოცხლობს კომპანია. ბიზნესი, რომელიც ემსახურება ხალხის გაჯანსაღებასა და სპორტში ჩართვას, უბრალოდ, დატოვეს და ისევ ჩვენი შეწუხების მერე მოგვცეს გახსნის უფლება. მაშინ, როცა ფიტნეს-დარბაზები მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ წესებს, ისევ დაგვკეტეს. ერთი შემთხვევაც არ მახსენდება, რომ ჩვენს ფილიალში ვინმესთან მომხდარიყო ვირუსის გადადება. დისტაცია იყო დაცული, მომხმარებლის ქცევაც შეიცვალა – არ დადიოდა ბევრი ადამიანი, არ ხდებოდა თავყრილობები და გავრცელების საშიშროებაც, ფაქტობრივად, არ არსებობდა. დაიკეტა ეს დარბაზები სწორედ მაშინ, როცა ბიზნესი ფულის შემოდინების მეორე ტალღას ელოდებოდა. მანამდე, რაც გახსნილები ვიყავით, ბიზნესი ზარალზე მუშაობდა, იმისთვის, რომ თავი გადაერჩინა. რაც ყველაზე მთავარია, დღემდე ამ ბიზნესს, სხვებისგან განსხვავებით, არანაირი დახმარება არ მიუღია.

 

– პროფესიონალი ბოდიბილდერები სახლიდან ვარჯიშს როგორ ახერხებთ?

 

– უკვე ორი წელია, პროფესიონალური სპორტიდან წამოვედი და ჩემპიონატებში მონაწილეობას აღარ ვიღებ, თუმცა არის ბევრი წარმატებული სპორტსმენი, რომლებსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააქვთ სახელი. ბევრმა ქართველმა სპორტსმენმა, ჩემი ჩათვლით, წარმატებას მიაღწია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, კომერციულ შეჯიბრებებზე, მაგრამ ბოდიბილდინგს სპორტის სამინისტროსგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.

 

 

– რატომ წამოხვედი პროფესიონალური სპორტიდან?

 

– მე ყოველთვის ვვარჯიშობდი და ვვარჯიშობ, ეს ჩემი ცხოვრების წესია. პროფესიონალური სპორტიდან სწორედ ამ მიზეზების გამო წამოვედი. საკუთარ ფინანსებს ვხარჯავდი, თანაც ბევრს. პროფესიონალური სპორტი კი მთლად ჯანსაღიც არ არის, რადგან ბევრ ფიზიკურ დატვირთვას იღებ, უამრავ დიეტას იცავ, ეს კიდევ ჯანმრთელობსითვის არაა სასარგებლო. ამდენს ვწვალობდი და არანაირი შედეგი არ მქონდა, გარდა იმისა, რომ მარტო მე ვიზრდებოდი. პროფესიონალურად. ვერანაირი სარგებელი ვერ ვნახე, ამ ყველაფრით ძალიან დავიღალე და ბოლოს გავანებე თავი. ამ გადაწყვეტილების გამო გულის სიღრმეში, ალბათ, დღემდე მაქვს სინანულის განცდა.

 

– 2 წელი გავიდა, რაც დაქორწინდით. ქორწინება ურთიერთობას ცვლისო და თქვენს შემთხვევაში როგორაა?

 

– კი, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანი ვიყავით ერთად, თუმცა ქორწინება სხვა ურთიერთობა და სხვა ეტაპზე გადასვლაა. ოჯახის შექმნისას, თავიდანვე და შემდეგაც, ბევრ სირთულეს აწყდები, მაგრამ ეს ყველაფერი გადალახვადია, თუ ორ ადამიანს განსაზღვრული აქვს, რომ მთელი ცხოვრება ერთად უნდა გაატარონ და რაც მთავარია, უყვართ ერთმანეთი. თანაცხოვრებისას ბევრი რამ იცვლება.

 

– როგორ შეაფასებ ამ ორ წელს?

 

– ძალიან კარგად, რადგან ბევრი ახალი რამ გავიგეთ ერთმანეთზე, ბევრი გამოცდილება შევძინეთ ჩვენს ურთიერთობას. სირთულეს ცუდ კონტექსტში არასოდეს განვიხილავ, რადგან ეს არის ახლის გამოცდა და ახალი გამოცდილების მიღება.

 

– სოციალურ ქსელში ხშირად წერ ხოლმე სტატუსებს. პოპულარობასთან დაკავშირებით გეწერა საინტერესოდ.

 

– ეს სტატუსი სერიოზულად არ შეიძლება, განვიხილოთ. ზოგადად, სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ, მიყვარს საჯაროდ აზრის დაფიქსირება. ამ საკითხზე რომ გითხრათ, ბევრი ვიფიქრე ან რაიმე მსგავსი-მეთქი – არა. სულ რომ ნეგატივით არ იყოს დატვირთული ჩემი პოსტები, ვცდილობ, იუმორი ჩავრთო ხოლმე და ხალხი გავამხიარულო. მიყვარს, როცა ვაღიმებ და ვაცინებ ადამიანებს. ეს სტატუსიც ამიტომ დავწერე, თუმცა შინაარსი გულისხმობდა იმას, რომ არ მიყვარს, როცა ადამიანს თავი მოაქვს ისეთად, როგორიც რეალურად არ არის. ყოველთვის ნიღბის გარეშე მომწონს ადამიანები, ვთვლი, რომ მეც ასეთი ვარ.

 

– წერდი, რომ პოპულარობისთვის ვულგარული ფოტოსესია მნიშვნლოვანია.

 

– ეს სტატუსი არ ეხებათ მარტო იმ ადამიანებს, რომლებიც მასში ამოიცანით, ეს ყველაფერი საზოგადოების, სოციუმის პრობლემაა. გოგომ თუ გაიხადა და ფოტო გადაიღო, ავტომატურად ხდება მაგარი და თაყვანისმცემლების არმია უჩნდება. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. პრობლემა ამ გოგოს მიმართ კი არ მაქვს, არამედ საზოგადოების მიმართ, რომელიც არასწორად აღიქვამს სიტუაციას.

 

https://tbiliselebi.ge/ka/news/show-business/ra-shetsvala-giorgi-orbeladzisa-da-nini-maspindzelashvilis-urtiertobashi-kortsinebam-da-rogor-gadalakhes-mat-sirtuleebi

 

big_banner
არქივი