logo_geo
მუსლიმურ სამყაროში ხვალიდან რამადანი იწყება
- +

12 აპრილი. 2021. 13:36

 

მუსლიმურ სამყაროში ხვალ რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა.

 

მუსლიმებს რამადანის დაწყებას ულოცავს საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.

 

„ძვირფასო მორწმუნეებო, ხვალ რამადანის თვე იწყება. რამადანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი და მარხვა მუსლიმთათვის სავალდებულო გახდა. ამიტომ ამ თვეს მუსლიმები მარხვით ვატარებთ. ერთი თვის განმავლობაში – განთიადიდან შებინდებამდე – უარს ვამბობთ საკვების, წყლის მიღებასა და სხვა მიწიერ სიამოვნებებზე. მარხვა მადლიანი და სასარგებლო ღვთისმსახურებაა. შუამავალი მუჰამედი აღნიშნავდა, რომ: „მარხვა ჯანმრთელობის საწინდარია და მარხვა ცოდვებისგან დამცავი ფარია“.

 

რამადანის თვე რომ დადგება, სამოთხის კარები გაიხსნება, ჯოჯოხეთის კარები დაიხურება და სატანას მორწმუნეებზე ზემოქმედება უძნელდება.

 

„რამადანის თვეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუსლიმთა ცხოვრებაში. ამ თვეში განსაკუთრებული გულმოდგინებითა და შემართებით ვასრულებთ ღვთისმსახურებებს, მოვინახულებთ ახლობლებს, ნათესავებს, ავადმყოფებს და ვეწევით ქველმოქმედებას.

 

გილოცავთ მადლმოსილი რამადანის თვის დადგომას. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას. შევთხოვთ დიად გამჩენს, ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო დაიფაროს პანდემიის საშიშროებისგან. უნაკლოდ მიიღოს თითოეული ჩვენგანის მარხვა, ლოცვა, ვედრება, ყოველგვარი ღვთისმსახურება და მშვიდობით მოგვასწროს რამადან- ბაირამს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ“,  – ნათქვამია მუფთის მიმართვაში.

 

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვე და ორი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია. ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 13-15 მაისს აღინიშნება.

big_banner
არქივი