logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს საპატიო სიგელი გადასცეს
- +

15 აპრილი. 2021. 16:22

 

 

2021 წლის 14 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ ხელმძღვანელი, სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ეკონომიკის დოქტორი ნიკოლოზ ქარჩავა, თანხმლებ პირებთან ერთად.

 

სტუმრებს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე; რექტორის მრჩეველი, პროფესორი დავით ჯალაღონია; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მადონა გელაშვილი; სამშვიდობო განათლების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან გერაძე.

 

ნიკოლოზ ქარჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ შექმნის იდეა, ამოცანები და მისია: ამერიკელი და ქართველი ვეტერანების დამეგობრება, საქართველოში მცხოვრები ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების, ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.

 

რექტორმა სტუმრებს საუნივერსიტეტო დიპლომატიის, როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმის იდეა გააცნო. ამ კონტექსტში კი უნივერსიტეტებისა და ვეტერანთა, რომლებმაც ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი, თანამშრომლობა მეტად საშური და აუცილებელი საქმეა, – აღნიშნა მან.

 

სტუმრებმა მოიწონეს აღნიშნული კონცეფცია. მათ აღნიშნეს, რომ აუცილებელი იყო აშშ-ს ვეტერანთათვის ამ აქტუალური იდეის გაცნობა. ხაზი გაესვა, რომ ისინი აღფრთოვანებული არიან იმ ცვლილებებით, რაც უნივერსიტეტში იხილეს და მხარს უჭერენ განვითარების ამ კურსს, რომელსაც პროფესორი ზურაბ ხონელიძე წარმართავს. 

 

შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ ქარჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრები წინაშე განსაკუთრებული თანადგომისათვის საპატიო სიგელი გადასცა.

 

 

big_banner
არქივი