logo_geo
„საქართველოში საშუალო ფენა აღარ არსებობს“
- +

18 აპრილი. 2017. 21:24


 

„32 000 მოქალაქე, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცვლილებების პრეზენტაციაზე გააკეთა. ამით მინისტრმა პრაქტიკულად, აღიარა, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში სულ 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 32 000, რომელიც შედარებით მაღალშემოსავლიანებად ითვლებიან, მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0,8%-ს შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, მათი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაფინანსება და სადაზღვევო პაკეტების შეძენაც არ შეუძლიათ. ასეთი მონაცემი კი იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში რეალურად საშუალო ფენის ფორმირება ვერ ხდება.

 

„ეს იმაზე ცუდი მაჩვენებელია, ვიდრე უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა", - ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 32 000 მოქალაქეს აქვს.

 

„თუმცა ეს ციფრი, რაც დასახელდა, შემცირებული მეჩვენებება, რადგან საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანია, ვისი წლიური შემოსავალი 40 ათასზე მეტია და ეს ემპირიული დაკვირვებითაც აშკარაა. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახები თანხების განაწილებას ისე ახდენენ, რათა ერთ ადამიანს 40 000 ლარის შემოსავალი არ დაუფიქსირდეს. თუმცა თავად ის ციფრი, რომ 3,7 მილიონიან ქვეყანაში 40 ათასიანი შემოსავალი მხოლოდ 32 ათას მოქალაქეს აქვს, ძალიან მცირეა და იმაზე უარესი მაჩვენებელია, ვიდრე უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.


ეკონომიკის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას გაჭირვებულია და შედარებით მაღალი შემოსავალი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. მისივე თქმით, ამაზე მიუთითებს არა მარტო ის მონაცემი, რომელიც დავით სერგეენკომ გააჟღერა, არამედ სხვა პარამეტრებიც, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა ბაზა და ა.შ.


„საქართველოში შედარებით შეძლებული ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, საქართველოში საშუალო ფენა ფაქტობრივად, არ არსებობს. საშუალო ფენას გარკვეული დანაზოგები უნდა ჰქონდეს, საბანკო სექტორის მონაცემებს თუ ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ საბანკო ანაბრების დაახლოებით 95% არის ისეთი ანაბრები, რომელთა მოცულობა 5 ათასს ლარს ან ნაკლებს შეადგენს. ეს არის ძალიან მცირე თანხა. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ სოციალური მომსახურების ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალო ფენა საქართველოში ფაქტობრივად, არ არსებობს.

 

რეალურად, საქართველოში ცხოვრების და კეთილდღეობის დონე არ გაუმჯობესებულა, შეიძლება ხელფასის საშუალო მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა, მაგრამ ესეც ინფლაციამ "შეჭამა". სამწუხაროა, რომ ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა", - განაცხადა ჭარაიამ.


საერთოდ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის განმსაზღვრელად გარკვეული სტანდარტები არსებობს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს 18 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აქვს აგარაკი და კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში საუზმობს ან ვახშმობს.


ქართულ რეალობაში იმისათვის, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდე, სულ მინიმუმ საბანკო ანგარიზშე 3 026 ლარი უნდა გქონდეს (საარსებო მონიმუმი ჩვენთან 168,1 ლარია, 18 თვის ოდენობა კი ზუსტად 3 025 ლარია). რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, როგორიცაა აგარაკი, მანქანა და ა.შ. ესეც ქართველების საკმაოდ ნაწილს არ აქვს, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, საშუალო ფენას არ განეკუთვნებიან, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი