logo_geo
ივანე ჩხაიძე: საქართველოში კორონავირუსი 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა
- +

22 აპრილი. 2021. 16:43

 

„ინფექციის გადატანის შემდეგ დიდი პერიოდის განმავლობაში, 6-8 თვემდეც კი, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში აღინიშნება იმ სიმპტომების გახანგრძლივება, რომლებიც ჰქონდათ ამ პაციენტებს მწვავე ფაზაში, ან სრულიად ახალი სიმპტომების გამოჩენა“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ზოგადად, ითვლება, რომ მოსახლეობის 10 პროცენტში შეიძლება აღინიშნოს 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში სიმპტომები და 30-33 პროცენტში უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

 

„ცნობილი არ არის, რა იწვევს ასეთ გახანგრძლივებულ სიმპტომებს, მაგრამ ამ სიმპტომებს შეფასება სჭირდება. შეიძლება, ეს იყოს ძილის დარღვევა, სუნთქვის უკმარისობა, ჰაერის უკმარისობა, ხველის გახანგრძლივება, საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი. პედიატრიულ პაციენტებში 100-მდე სიმპტომი არის აღწერილი, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის გადატანის შემდგომ მდგომარეობას.

 

ჩვენ გუშინ დავიწყეთ ფუნქციონირება. ეს პაციენტები იღებენ მულტიპროფესიული ჯგუფის ერთობლივ შეფასებას, პედიატრთან ერთად შეფასების პროცესში მონაწილეობს კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობაც, ვინაიდან ხშირია დეპრესიის, ხასიათის ცვლილებები. ასე რომ, ეს ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ გადაუდებელ მდგომარეობებში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე. ქვეყანაში გვყავს 30 000 ბავშვი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი.

 

ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი, მწვავე ფაზაში, თუ მსუბუქი, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ თუ აღინიშნა რომელიმე ეს სიმპტომი, აუცილებლად მოგვმართონ. ამ ბავშვების მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა შესაძლებელია, იყოს ერთი წელი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომლის შემთხვევაში გულის დაზიანებას სულ მცირე ერთწლიანი მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

იაშვილისა და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე არასრულწლოვნებისთვის კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებმა მუშაობა დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი