logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერი კეთდება - ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა
- +

28 აპრილი. 2021. 19:59

 

„ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება - ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ვაქცინაციის პროცესზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ის კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მოსახლეობას ვაქცინის გაკეთება დააძალონ.

 

„დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს რამდენად დიდია ვაქცინის სარგებელი და უფრო მეტად ინტენსიურად ჩაერთვება ამ პროცესში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი დაძალების, ვინაიდან, ეს არის ადამიანის არჩევანი და მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

ამიტომ მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად, რომ მოსალხოებას ვაქცინების ფართო არჩევანი ჰქონდეს. ამის გამო ჩვენ საერთაშორისო კოლეგებისგან მივიღეთ საყვედურიც კი, ვინაიდან, სხვა ქვეყნებში მოსახლეობას არჩევანის საშუალება არ აქვს, ვაქცინა არის ვაქცინა.

გამომდინარე ქართველი საზოგადოების კულტურიდან და გენეტიკიდან, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი - ვცდილობთ, ფართო მენიუ შევთავაზოთ ვაქცინების კომპონენტში.

 

ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება - ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა. ეს პროცესი ვითარდება, დადებითი დინამიკაა.

უბრალოდ, საჭიროა მოთმინება, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე. დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს და ის ვადები, როდესაც უნდა გვყავდეს აცრილი საზოგადოების 60%, იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი